რეგისტრირებული ფაქტები87041
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში გაიმართა მუსიკალური საზოგადოების ახალი გამგეობის და მუსიკალური კოლეგიის სხდომა. თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგად – ს. ჟორჟოლიანი, ხოლო მდივნად – კ. მოსული. როგორც გაირკვა, კაპელის მუსიკალური ნაწილი მუსიკალური საზოგადოების ხელში იქნებოდა, ფინანსური კი – კოოპერატივთა კავშირის ხელში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში ოზურგეთში დამსწრეების, ერობისა და ქალაქის ხმოსანთა თანდასწრებით ჯარისკაცთა უნივერსიტეტი გაიხსნა. საზეიმო დღესასწაული გენერალმა დავით ართმელიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ ჯარის, ერობის, სამხედრო უწყებისა და სახალხო მასწავლებელთა კავშირის წარმომადგენლები, შემდეგ გაიმართა სადღესასწაულო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობდა ქვეითი ჯარი არტილერიისა და სამხედრო მუსიკის თანხლებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე საჩეკო ოპერაციების საკითხი განიხილეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო საბჭოს წევრები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთ ჯგუფს სათავეში ედგა სახელმწიფო ბანკის გამგე ბერგი, ხოლო მეორეს – ამიერკავკასიის ბანკის დირექტორი იასონ ლორთქიფანიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, არჩეულიყო ოთხი კაცისგან შემდგარი კომისია, რომელიც საჩეკო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხს შეისწავლიდა. კომისიაში შევიდნენ: იასონ ლორთქიფანიძე, ბერგი, ჯაყელი და ალექსანდრე ჯაბადარი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში ქვეშეთთან ახლოს, საქართველოს სამხედრო გზაზე, ფოსტის ავტომობილს თავს დაესხნენ ბოროტმოქმედები. ორმხრივი სროლის დროს კაპიტანი და ოფიცერი ახობაძე დაიჭრნენ, ყაჩაღები კი ისე გაიქცნენ, ვერაფერი წაიღეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი ივნისის „ერთობის“ ცნობით, ჯარისკაცი ალფესი გოგეშვილი მსახურობდა ოსმალეთის ფრონტზე კაბარდინის პოლკში, მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში ქუთაისელებმა განათლების მინისტრს სთხოვეს, ელენე ბაინდუროვა-გონიევასთვის მუსიკალური კურსების გახსნის ნება დაერთო, სადაც ხელმოკლე ბავშვებიც ისწავლიდნენ. თხოვნით მიმართეს თამარ ვარდოსანიძემ, მარიამ და ვლადიმერ რუხაძეებმა, მარიამ ბალანჩივაძემ, ვერა კვიტაშვილმა, ელენე იმნაძემ, ელენა პეტროვამ, მარიამ ავალიშვილმა, ნინო მდივანმა, გიორგი ჯაფარიძემ, ნადეჟდა კანდელაკმა, ნინა ორახელაშვილმა, მარია დათუნაშვილმა, მარგარიტა ხარაზოვამ, თამთა კოსტავამ, ელენა ჯაკობიამ, ელენე მეძმარიაშვილმა, ვლადიმერ დოლიძემ, ნატალია თავდგირიძემ და სიმონ ნიჟარაძემ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ივლისში ქუთაისის მცხოვრებლებმა განათლების მინისტრს სთხოვეს, ელენე ბაინდუროვა-გონიევასთვის მუსიკალური კურსების გახსნის ნება დაერთოთ, სადაც ხელმოკლე ბავშვებიც ისწავლიდნენ. თხოვნით მიმართეს: სონია ყუფარაძემ, ივანე კილაძემ, ოლღა კიკაბიძემ, ზინა ყუფარაძემ, ბარნაბა ყუფარაძემ, ელიზავეტა ბლანეცკმა, ნადეჟდა კაპანაძემ, თამარ მალანიამ, შალიკო ჭუმბურიძემ, მარო ლეშკაშელმა, აპოლონ ჭუბაბრიამ, ქეთო ლეშკაშელმა, ნუცია ვარდოსანიძემ, თინა მალანიამ, ნინო მალანიამ, ქეთო ფხაკაძემ, საშა ფხაკაძემ, ქეთო წერეთელმა და მარო ნადარეიშვილმა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ივლისში ლევან ქართველიშვილი სიღნაღის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად დაინიშნა.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 2 ივლისს ქუთაისს რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს შემდეგმა მოსწავლეებმა: დავით შავდიამ, ევლამპი შახიძემ, გერვასი იაკობაშვილმა, სავლე იაკობაშვილმა, ბესარიონ მასხარაშვილმა, პანტელეიმონ გოგატაძემ, დავით თუთბერიძემ, მიხეილ აღაშვილმა, ალექსანდრე ანთიძემ, იოსებ ბერიშვილმა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააკავა ქალაქის მილიციონერი ჭიჭიკო ლიბრაძე, ყოფილი მილიციონერი კუკულავა და ცნობილი ჯიბგირი გაბადაძე. მათ ბრალი ედებოდათ ქ. ქუთაისსა და სოფელ ჭოგნარში მომხდარ ძარცვებში.

