საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88402

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმს მიწერილი აქვს, რომ დადგენილებას „დედაენის“ შეუსწორებლად დაბეჭდვის შესახებ არ ეთანხმებოდა თევდორე კიკვაძე. ის თვლიდა, რომ შესაძლებელი იყო წიგნის გადასინჯვა-შესწორება.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა დ. თურდოსპირელის წერილი „ძველი ქვეყნის ნანგრევებზე“.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 31 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ დაარსდა სახელოვნო ცენტრი, რომელშიც გაერთიანდნენ მწერლობის, მუსიკის, მხატვრობისა და მსახიობთა კავშირის წარმომადგენლები. თავმჯდომარედ აირჩიეს კოტე მაყაშვილი, მდივნად – შალვა დადიანი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 31 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა არ. მექანარიშვილის წერილი „საქართველოს დამოუკიდებლობა და პროლეტარიატი“ (დამოუკიდებლობის წლისთავის გამო).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ ივნისს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და დამსწრეებს დენიკინის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობა. ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო გაიმარჯვებდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ივნისში ბორჩალოს მაზრის კომისარი ავქსენტი აფაქიძე ზუგდიდის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ არჩევის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელეთა სიიდან გარიცხეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, უყურადღებოდ დაეტოვებინათ მსჯავრდებულების: მეფარიშვილის, ნაკაიძისა და მიქაბერიძის შუამდგომლობა სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში რუსთაველის გამზირზე მთვრალმა ჯარისკაცმა კორინთელმა შეურაცხყოფა მიაყენა ოფიცერ იოსავას და ხმლით გამოეკიდა. იოსავამ მას რევოლვერიდან ესროლა და შემთხვევით მეეზოვე ფედოევი დაჭრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში სასტუმრო „ორიენტში“ დ. ორბელიანმა თავის მოსაკვლელად რევოლვერი ისროლა და მძიმედ დაიჭრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ შულავერის კომისარ ბ. ოვანიანისგან დეპეშა მიიღო, რომელშიც ის სალამს უძღვნის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკდებლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ამ სადღესასწაულო დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდებოდნენ სომეხ-ქართველთა სამწუხარო კონფლიქტის მსხვერპლი შულავერელები.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში მილიციამ შეიპყრო ივანე ანდრიას ძე გოგოკაშვილი, რომელიც 30000 მანეთის ღირებულების სახელმწიფო ნივთებს ყიდდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში მილიციამ შეიპყრო ცნობილი ქურდი-რეციდივისტი ივანე ივანოვი (იგივე ცარიოვი), რომელსაც მრავალი ძარცვა ბრალდებოდა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 1-ელი ივნისის ღამეს ავლაბარში სისხლის სამართლის მილიციის აგენტი ნიკა სიყმაშვილი მოკლეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში რამდენიმე შეიარაღებული პირი თავს დაესხა სადარაჯოზე მდგარ მილიციელ ბროლაძეს და სროლა აუტეხა. სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივნისში ბოტანიკური ბაღის ქუჩაზე აღმოაჩინეს მირ-ჰაჯი-აბდულ ოღლის გვამი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივნისში სისხლის სამართლის მილიციას ბაშირ-ჯალილ-ოღლი კომისარიატში მიჰყავდა. მან გაქცევა დააპირა, რა დროსაც იგი მოკლეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივნისში ფირან ზანდუკელს ბრალად ედებოდა პირველ კომისარიატში მილიციელისა და გვარდიელის მკვლელობა, ასევე არამიანცის გატაცებაში მონაწილეობა და სხვ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის ივნისში მცხეთის ჯვრის მონასტერთან ახლოს მილიციამ მოკლა ფირან ზანდუკელი, რომელსაც დიდი ხანი ეძებდნენ. ასევე დაიჭირეს ბერი, რომელმაც მისი ადგილსამყოფელი დამალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში ვილობი სმითი თბილისიდან ამერიკაში გაემგზავრა. გამგზავრებამდე კონსულმა საქართველოს მთავრობის წევრებთან გამართა მოლაპარაკებები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში ვანათის მოსახლეობამ ჩაატარა ყრილობა, რომელზეც განაცხადეს, რომ, მთავრობის მოწოდების შემთხვევაში, მზად იყვნენ, ყველა სამხედრო ვალდებულ ახალგაზრდას მოეხადა ვალი და გზების შესაკეთებლად მოხალისეები გამოეყვანათ. ისინი ნდობას უცხადებდნენ ქართული ლეგიონის პოლკოვნიკ ლეო კერესელიძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში თბილისის მექანიკურ სატრანსპორტო-სააქციონერო ქარხანაში გამართულ მუშათა კრებაზე განიხილეს ანტონ დენიკინის მხრიდან არსებული საფრთხე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების განყოფილებამ აღადგინა ობოლ ბავშვთა თავშესაფარი, ოსმალთა შემოსევის დროიდან დაკეტილი. თავშესაფრის გახსნას დაესწრნენ მთავრობის საგანგებო რწმუნებული გრიგოლ გიორგაძე, დამფუძნებელი კრების წევრი ლევან რუხაძე და ლტოლვილთა ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის რწმუნებული გრიგოლ ვეშაპელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნისში თბილისში, ვანქის ეკლესიის ეზოში, ოვანეს თუმანიანის თაოსნობით ყარაბაღში მომხდარი ამბების გამო გამართულ მიტინგზე გადაწყვიტეს, მიემართათ პარიზის საზავო კონფერენციისთვის. მომიტინგეებს სურდათ, ყარაბაღი სომხეთის რესპუბლიკას შეერთებოდა და ამ საკითხის გადაწყვეტამდე ყარაბაღში მოკავშირეთა ადმინისტრაცია დაენიშნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველი ივნისის „ერთობაში“ ნუცა ჩხეიძეს ულოცავენ სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავს.