რეგისტრირებული ფაქტები91870
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 თერგის ოლქში მუშათა მოძრაობის დამარცხებაში ბოლშევიკებს ადანაშაულებდა. სტატიის ავტორი ევგენი ჟარკოვსკი აანალიზებდა კომუნისტების შეცდომებს, განსაკუთრებით უარყოფითად აფასებდა ზინოვიევის ავტორიტეტულ განცხადებას: „დრო მხოლოდ კომუნისტთა წისქვილზე ასხამს წყალს“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცი“ მიმოიხილავს დამოუკიდებლობის დასაცავად მეჯლისში გაერთიანებულ დაუმორჩილებელ მთიელთა მრავალმხრივ საქმიანობას: იარაღით ბრძოლაში მთავარი როლი აბაძეხებს ერგოთ, ხოლო დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმართვა უბიხებმა ითავეს. ისინი მხარდაჭერას ეძებდნენ ინგლისსა და თურქეთში: მათ სოხუმში თხოვნით მიმართეს დიდი ბრიტანეთის კონსულ დიქსონს, რათა ინგლისის მთავრობისთვის ეცნობებინა გენერალ ევდოკიმოვის უკანონო ქმედებების შესახებ ჩერქეზეთში.
1919
ტიპი: ავტორობა
ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში, რომელსაც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს, გამორჩეული ადგილი ეთმობა გროზნოს პროლეტარიატის შეცდომებსა და მათ საბედისწერო შედეგებს, სახელდობრ: რევოლუციის დასაწყისში კავკასიელ მთიელებსა და ჯარისკაცებს შორის არსებული კეთილგანწყობა ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავკასიის ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩეჩნებს (გროზნოში) და ინგუშებს (ვლადიკავკაზში) ჟლეტა მოუწყვეს. ვიდრე გროზნოში ჩეჩენთა სახალხო საბჭოს სათავეში ბატონი მუტუშევი ედგა, ეს არასოციალისტი, მაგრამ ლიბერალი ადამიანი ახერხებდა ნებისმიერი არეულობის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე ბატონი ყურუმოვი გამოჩნდა, დაპირისპირება გამწვავდა და ანარქიად გადაიქცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ გადმოსცემს ინგუშთა სოფლების აკლების ამბებს: დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ნაწილებმა უწყვეტი საარტილერიო იერიშით იძულებით ჩაითრიეს უთანასწორო საომარ მოქმედებაში სოფლების, ეკაჟევოსა და სურხის მშვიდობიანი მოსახლეობა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცი“ იუწყება, რომ დენიკინელთა მიერ ინგუშთა ორი აულის, სურხისა და ეკაჟევოს აკლების შემდეგ უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილი მცხოვრებნი ლტოლვილებად მოედვნენ სოფლებს. ამას ზედ დაერთო ქოლერა. საშინელი ეპიდემია ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა. მჭიდროდ თავმოყრილ მოსახლეობაში არ ხერხდებოდა ავადმყოფთა იზოლირება, არ იყო არც ექიმი და არც საჭირო მედიკამენტი, რადგან ბოლშევიკების ხელისუფლების დროს აშენებული საავადმყოფო და ამბულატორია დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) საომარი მოქმედებების დროს განადგურდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) მიერ გამოჩენილი ეკონომიკური სისასტიკისა და მოსახლეობისთვის დაუნდობელი კონტრიბუციების დაწესების შესახებ იუწყებოდა. ინგუშთა აულების, ეკაჟევოსა და სურხის გაძარცვისა და გადაწვის შემდეგ დენიკინელებმა მოსახლეობას დიდი გადასახადები დაუდგინეს.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ჩერქეზთა მეჯლისის საქმიანობის მიმოხილვისას აჰმედ ცალიგოვი აღნიშნავს, რომ საგანგებო სხდომაზე დაადგინეს ელჩების დაგზავნა კონსტანტინოპოლში, პარიზსა და ლონდონში საერთაშორისო პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. კონსტანტინოპოლში გაიგზავნა ელჩობა იზმაილ-ბარაქაი-იფა-ძიაშის ხელმძღვანელობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბერის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, ჯიქები თავიანთი წინამძღოლის რეშიდ გეჩის გავლენით გულგრილად შეხვდნენ 1862 წელს მეჯლისის მიერ გამოცხადებულ საღვთო ომში მებრძოლთა გაგზავნის მოწოდებას აბაძეხების დასახმარებლად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქის მაზრაში მილიციის განყოფილება დააარსა. ხარჯებისა და შტატების შესახებ დეკრეტის შედგენა დამფუძნებელ კრებაში წარსადგენად შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილს დაევალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ 1919 წლის 9 ივლისს მითაიშვილს სთხოვა, დეპეშით ეცნობებინათ ლეჩხუმის მაზრის მცხოვრებთა რიცხვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის კარდენახში, გურჯაანში, ველისციხესა და ანაგაში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის სასწავლებლების სრული გაეროვნების მიზნით გურჯაანის, შრომის, ქვემო მაჩხაანის, ბოდბისხევის, ვაქირის, ანაგის, ბაკურციხისა და ვეჯინის პირველდაწყებით სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების დამატებას გეგმავდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 სექტემბერს თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგე ალექსანდრა ფაღავამ სახალხო განათლების სამინისტროს აუწყა, რომ სემინარიაში მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად ილია ბაკურაძე მიიწვია და სთხოვს თანამდებობაზე მის დამტკიცებას. ხელს აწერენ სემინარიის გამგე ალექსანდრა ფაღავა და საქმისმწარმოებელი ს. ყოყოჩაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობში მოიპოვებოდა შემდეგი ძველი ნივთები: ფოტოგრაფიული სურათების ბლანკები 200 ცალი, პატარა ზომის 300 ცალი, აკაკი წერეთლის სურათი 1 ცალი, ჯგუფების სურათები 5 ცალი, სხვადასხვა სურათები 5 ცალი, გიორგი წერეთლის სურათი 1 ცალი, შოთა რუსთაველის სურათი 1 ცალი, ხელით ნახატი სურათი 1ცალი, სურათი კარგ ჩარჩოში 1 ცალი, სურათი „ტყე“ ტილოზე 1 ცალი, ხატი „საქართველოს დიდება“ ჩარჩოში 1 ცალი, გამოფენის დიპლომი 1 ცალი, ნეგატივები 1000 ცალი, სკამი 7 ცალი, სხვადასხვა სურათები 6 ცალი, რუსული წიგნები 30 ცალი, ჟურნალები „ივერია“, „მნათობი“ 2 ცალი, „საქართველოს მოამბე“ 1 ცალი, სხვადასხვა წიგნები 10 ცალი, გვირვვინი 2 ცალი, კიბე 1 ცალი. ჩამოთვლილი ნივთებიდან ყველა დაიწვა გარდა სკამებისა და ობიექტივისა. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს ქართულ კლუბში აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის, ნასიბ-ბეკ უსუბეკოვის პატივსაცემად გამართულ რაუტს დაესწრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, აჭარის წარმომადგენლები (მემედ ბეგ აბაშიძე, ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილი) და სხვ. სტუმრებს საქართველოს მთავრობის წევრები და თავმჯდომარე ნოე ჟორდანია შეხვდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 სექტემბერს გამართულ დარბაზობაზე დიმიტრი აბხაზი აზერბაიჯანულად მიესალმა იუსუმბეკოვს და აღნიშნა, რომ მან ხელი შეუწყო აჭარის საკითხის კეთილად დაგვირგვინებას. საპასუხოდ მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ და ჯემალ ხიმშიაშვილმა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მზრუნველობის გამო მადლობა გადაუხადეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობეს, რომ პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგეს ილია ბაკურაძის საბუთების გაგზავნა სთხოვეს.

