რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნებული იყო პრესის მიმოხილვა: ბაქოელ დენიკინელთა გაზეთი „გოლოს როსიი“ („Голос России“) დაღესტნის აჯანყებას აცხადებდა მთიელთა რესპუბლიკის ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების მიერ მოწყობილ ავანტიურად და მიიჩნევდა, რომ თბილისში სახელდახელოდ მოწვეული ყრილობაც იმისთვის დაამთხვიეს საზავო კონფერენციის წარმომადგენელთა დაბრუნებას, რათა დასავლეთს შეეტყო დენიკინის ხელისუფლებისა და მისი „დობროარმიის“ ნაწილების მიერ დატრიალებული „საშინელებები“.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 24 ივნისს, დღის პირველ საათზე, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, ჟურნალ „განათლების“ ხელმძღვანელი, ლუარსაბ გერასიმის ძე ბოცვაძე გარდაიცვალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ივნისს გამართულ ბორჯომის რაიონის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრთა კრებაზე წლიური ანგარიშების შესახებ მოხსენებით გამოვიდა კომიტეტის თავმჯდომარე ნ. დევიძე. აირჩიეს კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: ს. კოდიშაძე, ნ. დევიძე, გ. ბასილაშვილი, კ. შახნაზაროვი, გ. ღლონტი, ი. ხეთაგური, ს. ქალიაშვილი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს: ბ. მაჭავარიანი, ა. ელისაშვილი, ლ. ანდღულაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ივნისს გაიმართა საქართველოს სოც.-დემ. მუშათა პარტიის მეორე რაიონის წევრთა საზოგადო კრება. თანამედროვე მდგომარეობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ნოე რამიშვილი. სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს ვლას ბობოხიძე, აპოლ. დუმბაძე, კანდიდატად – სეით რაზმაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 28-29 ივნისის დიდი სეირნობისთვის საზოგადოებას გრიგოლ ჩარკვიანმა შესწირა 500 მან; სარაჯიშვილის ფირმამ – 1000 მანეთი და ღვინო, ძმები ძეგველოვები თევზეულს შეჰპირდნენ, მ. ლაღიძე კი – თავის წყლებს დაკლებულ ფასად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნებულ ევგ. ჟარკოვსკის სტატიიდან ვიგებთ, რომ მოზდოკის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარემ – პოლკოვნიკმა რიმარმა – შექმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ინგუშეთზე იერიშის გეგმა. ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად რიმარმა 1918 წლის 25 იანვარს მოზდოკში საოლქო ყრილობა დანიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 სექტემბერს ლიუკისა და სტოქსის პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრნენ: კ. საბახტარაშვილი, ნოე რამიშვილი, რაჟდენ არსენიძე, ალექსანდრე ლომთათიძე, ალექსანდრე გედევანიშვილი, სვიმონ მდივანი და ინგლისის მისიის წევრები – ლიუკი, სტოქსი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, გაიხსნა ბათუმის საბჭოს სხდომა, რომელსაც ო. რამიშვილი თავმჯდომარეობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს, შრომის კომისრის თხოვნის თანახმად, მომრიგებელ კამერაში ბათუმის წარმომადგენელად საბჭომ აირჩია ჯემალ-ეფენდი ქიქავა და მის კანდიდატად – გ. ვ. ბოგდანოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 20 სექტემბერს თბილისში გაიმართება საქართველოს ხელოვნების მუშაკთა ყრილობა. იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც თავიანთ წარმომადგენლებს გზავნიან, უნდა შეატყობინონ საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეს, ფ. ვ. რადოლინს. მდივანი ვ. დ. ნარცევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 სექტემბერს თბილისში უნდა გამართულიყო საქართველოს ხელოვნების მუშაკთა ყრილობა. ორგანიზაციებს, რომლებიც წარმომადგენლებს გზავნიდნენ, წინასწარ უნდა შეეტყობინებინათ საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე ფ. ვ. რადოლინისა და მდივან ვ. დ. ნარცევისთვის.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობაში" თბილისის მეოთხე ვაჟთა გიმნაზიის ტრაგიკულად გარდაცვლილი დირექტორის მიხეილ ყარმანის ძე ზაალიშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ევროპის სოციალური დელეგაციის შესახვედრად მთავრობის წარმომადგენლად ბათუმში გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 სექტემბერს ცხინვალის მიმართულებით ყაჩაღთა ბრბოებთან შეტაკების დროს მოკლეს ოფიცერი იოველ ლევანის ძე აბჟანდაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 19 სექტემბრის „ერთობის“ ცნობით, თბილისის დეპოს ხელოსნებმა გაბო ჯალალაშვილმა და ესტატე ნიკიფორეს ძე მანჯგალაძემ განაცხადეს, რომ ტოვებდნენ კომუნისტურ პარტიას და სურდათ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრობა.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობის“ განცხადების მიხედვით, 1920 წლის 19 სექტემბერს მეორე ქართულ კლუბში გაიმართებოდა ლოტბარ გრ. იოს. იხილჩიკის ბენეფისი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 დეკემბრიდან თევდორე კიკვაძე თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 27 ნოემბერს საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა ილია ალხაზიშვილს მის შუამდგომლობაზე, შალვა ალხაზიშვილის თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიაში მასწავლებლად დატოვების შესახებ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გადაწყვეტილება აცნობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ ნინო აკოფოვისამ მაღალ კლასებში ბუნებისმეტყველების სწავლებაზე უარი განაცხადა. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ილია ჯიშკარიანი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დ. მიქაბერიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის განცხადება და შუამდგომლობის თხოვნა, რომ ის პირველი ნოემბრიდან ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაემტკიცებინათ.

