რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გოლოვინის პროსპექტის №10-ში ახალი თეატრის, „არგონავტების ნავის“, გახსნას დაესწრნენ ქართველი მწერლები, პოეტები, ეროვნული საბჭოს წევრები და რუსი მხატვრები, მათ შორის პოეტი გოროდეცკი და კომპოზიტორი ჩერეპნინი. მწერალი ლვოვი საზოგადოებას მიესალმა და ამ საქმის მოთავე ჯგუფის მიზანი გააცნო – ისეთი კუთხის მოწყობა, სადაც შეიკრიბებოდნენ ლიტერატორები, რომლებიც პოლიტიკისგან შორს იქნებოდნენ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 4 ოქტომბერს ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში დაბრუნებისას ცხინვალის გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე მოკლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ 5 სახალხო გვარდიელი მეორე ხარისხის გიორგის ჯვრით დააჯილდოვა, 77 – მესამე ხარისხის ჯვრით, 37-მა კი მეოთხე ხარისხის გიორგის ჯვარი მიიღო. მესამე ხარისხის გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს ვერა ლუბატოვიჩიც, ხოლო მეოთხით – თამარა სამხარაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სამკურნალო-სანიტარული განყოფილების უფროსის თანაშემწე პროფ. შიროკოგოროვი რაიონებში სანიტარული მდგომარეობის გასარკვევად და ქოლერის საწინააღმდეგო ზომების მისაღებად იყო წასული. თბილისში დაბრუნებულმა აღნიშნა, რომ რკინიგზასთან ახლომდებარე რაიონებში ქოლერით დაავადებულთა რაოდენობა შემცირდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სექტემბერში სასტუმრო „ფირუზაში“ ყუმბარის აფთქებისას რამდენიმე ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე ნიკოლოზ ივანეს ძე წერეთლის სურათი აღმოაჩინეს. წერეთელი საგანგებო რაზმმა ერთი საათის შემდეგ დააპატიმრა და საქმის გამოძიება დაიწყო.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 13 სექტემბერს შავი ზღვის რკინიგზის წარმომადგენელი, ინჟინერი მატრიონინსკი გზათა სამინისტროს თბილისში სარკინიგზო სამუშაოების განახლებაში ეხმარებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 სექტემბერს სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა ორთაჭალაში (ხარფუხის რაიონი) ახალი მუშათა კლუბი გახსნა. გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვადასხვა დემოკრატიული დაწესებულებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები. კლუბის გამგეობა მხატვრულ-ლიტერატურულ, დრამატულ და მუსიკალურ სექციებად იყო დაყოფილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს წალენჯიხის პარტიზანულ პოლკში ორი ცნობილი ყაჩაღთა მეთაური კვარაცხელია და ფიფია მივიდნენ. მათ იარაღი დაყარეს და სინანული გამოთქვეს მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებების გამო, აღნიშნეს, რომ თავის გადასარჩენად ყაჩაღობდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 მაისის დღესასწაულის ორგანიზება დამფუძნებელი კრების წევრ გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძეს დაავალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 მაისს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი გრიგოლ რცხილაძე კონსტანტინოპოლიდან თბილისში დაბრუნდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 მაისს გამოვიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის სამეცნიერო, ლიტერატურული და პოლიტიკური ჟურნალი „მომავალი“. პირველ ნომერში დაიბეჭდა ამიერკავკასიის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის, ლეონ მელიქსეთ-ბეგის ტექსტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიული ცნობებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ. მას დართული ჰქონდა ივანე ჯავახიშვილის ფოტო და ნაშრომთა სია (1897-1920).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მაისს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ლანჩხუთში გაემგზავრა. მისი მოვალეობის შესრულება საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს დაევალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 მაისს აკაკი ჩხენკელმა ქართული ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრე გრიგოლიასგან ეროვნული გმირების საჩუქრებისთვის განკუთვნილი 100 000 მანეთის სოხუმიდან გამოგზავნის შესახებ დეპეშა მიიღო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 მაისს სერგეი კიროვი დაინიშნა საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოს რესპუბლიკაში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 28 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჩალოს ნეიტრალური ზონის კომისრისგან, ალექსანდრე ლორთქიფანიძისგან მიიღო ცნობა, რომ სადგურ სადახლოში 40 ვაგონამდე ლტოლვილი ბერძნები იყვნენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ბათუმში გამგზავრების ნებართვას ითხოვდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 30 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს პოეტი ნოე ჩხიკვაძე. მწერალთა სახელით სიტყვა თქვა აკაკი პაპავამ, რედაქცია „ერთობის“ სახელით – ლეო ნათაძემ, ჟურნალ „ცისარტყელას“ სახელით — გიორგი ქუჩიშვილმა და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 მაისს ზუგდიდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ დეპეშაში აღნიშნულია, რომ სალომე მიურატის სასახლიდან მოპარული ნივთები აღმოაჩინეს და ბოროტმოქმედები დააპატიმრეს და რამდენიმე ნივთი მიურატის რწმუნებულის, მღვდელ ჭანტურიას სახლში იპოვეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 ივნისს პოეტმა მაზურკევიჩმა ფრონტის დამხმარე კომიტეტს ომში დაზარალებულთა დასახმარებლად 5000 მანეთი შესწირა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სექტემბერში პ. მეგრელიშვილმა რკინიგზის მოსამსახურეთა ყრილობა გახსნა და პრეზიდიუმის არჩევა მოითხოვა. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის სახელით მაჭარაძემ პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ძამანაშვილი დაასახელა, მის მოადგილეებად – პ. მეგრელიშვილი და პატარიძე, მდივნად – კლიმენტი ბოკერია, მდივნის მოადგილედ – ჭყონია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის 6 წევრმა (ფრაქციის მემარჯვენე ფრთა) ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დაარსების შესახებ განუცხადა. დაარსდა დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის გაზეთი „კლდე“, გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით.