საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92412

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 აპრილს ქართულ კლუბში პირველად დაიდგა დელიბის ოპერა „ლაკმე“, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისში ცნობილი მომღერალი ქალი ო. ს. კალანდაძისა, აგასოვი და კურბატოვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 აპრილის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ 22 აპრილს ელო ანდრონიკაშვილის, შალვა დადიანის და ნიკო გვარაძის მონაწილეობით წარმოდგენილი იქნებოდა ბრანდესის პიესა „თანამედროვე ოჯახი“ და მხიარული ვოდევილი „უბედური დებიუტი“. პიესის დაწყების წინ შალვა დადიანი გეგმავდა ლექციის წაკითხვას პიესის შესახებ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ზესტაფონში გაიმართა ეროვნულ-დემოკრატთა კრება, რომელზეც თბილისიდან მიწვეული იყო იოსებ მაჭავარიანი, ხოლო ქუთაისიდან – ვასილ წერეთელი. შეხვედრისას მათ განმარტეს პარტიის პროგრამა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 აპრილს გაზეთ „რუსკაია ვოლიას" დეპეშათა დიდ დარბაზში მხცოვანმა საზოგადო მოღვაწემ და ამ გაზეთის თანარედაქტორმა, ნიკო ნიკოლაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „თავისუფალი საქართველო".

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 22 აპრილის გაზეთ „საქართველო" იუწყება, რომ თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, სატუსაღოდან გაათავისუფლეს თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი ზდანოვსკი, რომელიც 4 დღის განმავლობაში უნდა გაეგზავნათ კავკასიიდან, ამასთან გადაწყდა, რომ მას არ მისცემდნენ სამხედრო სამსახურს კავკასიაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 აპრილს, საღამოს 7 საათზე გალინა ჩხეიძის თავმჯდომარეობით გაიმართა დაბა ზესტაფონის ქალთა წრის საზოგადო კრება, რომლის მიზანი იყო „ფინჯან ჩაის“ შემოსავლის ანგარიშის მოხსენება, წესდების შემუშავება, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევნები. მისი მოთხოვნით, საზოგადოებამ ამ კრების თავმჯდომარედ კობახიძე აირჩია. დაისვა საკითხი კრებაზე მამაკაცთა დაშვებისა. დარბაზში შემოსულ მუშათა და ჯარისკაცთა თავმჯდომარე პროკლე დევიძეს იქაურობა დაატოვებინეს. შემდეგ ოლღა მაღლაკელიძემ წაიკითხა შემოსავლის ანგარიში, უჩვენა ევგენი გეგეჭკორის ხელნაწერი და აღნიშნა, რომ თანხა დანიშნულებისამებრ გადაეცა. გ. ჩხეიძემ წაიკითხა და განმარტა წესდების თითოეული საკითხი. კრებამ საბოლოო სახით შეიმუშავა წესდება, რაც ხელმოწერით დაადასტურეს შემდეგმა პირებმა: თავმჯდომარე – სოფიო კობახიძე, მდივანი – ოლღა მაღლაკელიძე, გამგეობის წევრები: გალინა ჩხეიძე, სარა უზნაძე, ნინა ჩუბინიძე, ბაბო ცხადაძე, სარევიზიო კომისია: ვარასი ძაგნიძე, ანა ბასილიასი, მეგი აბაშიძისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 აპრილს, პარასკევს, ჭიათურაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების წლიური კრება, სადაც უნდა აერჩიათ თბილისში, საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გასაგზავნი ორი წარმომადგენელი, ორი გამგეობის წევრი და ორი სარევიზიო კომისიის წევრი. ყველა დასახელებული კანდიდატი იყო მამაკაცი და არცერთი ქალი. ერთმა წევრმა ვერ მოითმინა და წინადადება შეიტანა დაესახელებინათ კანდიდატად ერთი ქალი მაინც. საბოლოოდ, ძლივს გადაწყვიტეს ერთი ქალის არჩევა. სტატიას ხელს აწერს "დამსწრე".

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 21 აპრილს ერზრუმში, არმიის შტაბში, შედგენილია კონტრ-სადაზვერვო ნაწილის უფროსის რაპორტი სადაზვერვო განყოფილების მთავარი ადიუტანტის სახელზე. ხელს აწერს ბეგლიანკინი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ცნობილმა მომღერალმა კოტე ფოცხვერაშვილმა შეადგინა ახალი რევოლუციონური ქართული ჰიმნი, რომელიც უკვე იბეჭდებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 აპრილის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ერევნიდან თბილისში დაბრუნდა ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის წევრი მიხეილ პაპაჯანოვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 აპრილს ბარბარე ყიფშიძემ ძველი ქართული გიმნაზიის გამგეს გამოცდის შემდეგ თავისი შვილის, სიმონ ყიფშიძის, პირველ კლასში მიღება სთხოვა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 19 აპრილს დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით გიორგი თაყაიშვილი კავკასიის მე-2 საინჟინრო პოლკის მეთაურად დაინიშნა, ერთდროულად კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებით.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაბეჭდილია რ. საჯავახოელის ლექსი „ვაშა, ვაშა“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N2 (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა ბომარშეს, ჟირარდენისა და ლონფელოს ციტატები ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 აპრილს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N2 აქვეყნებს ამონარიდებს გაზეთიდან „ზემლაია ი ვოლია“, რომელიც უტაქტობას უწოდებს ბოლშევიკების ლიდერის, ლენინის საქციელს, რომელმაც ისარგებლა გერმანელების დახმარებით რუსეთში წამოსვლის დროს, ხოლო შემდეგ ომის წინააღმდეგ გაილაშქრა და რევოლუციის ინიციატორად საფრანგეთისა და ინგლისის საელჩოები გამოაცხადა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N2) გამოქვეყნდა გაზეთის შემომწირველთა სია: ნინო ინასარიძე, ანასტასია ჭიჭინაძე, ოლღა ხუნდაძე, სერაფიმა ჩხაიძე, ქეთევან წერეთლისა, მარიამ ჩხიკვაძე, მარიამ ნიჟარაძე, ლადროსია ფურცელაძე, მინადორა ფუთურიძე, ქეთო ქორქაშვილი, აგრაფინა იაშვილისა, ეკატერინე გუგუნავა, ნატაშა ლორთქიფანიძისა, ირაიდა ეზიკოვი, მარუსია ინასარიძე, მარგარიტა ყაუხჩიშვილისა, იუსტინა კობახიძე, ელენე უგრინოვიჩი, ოლღა ტარიელის ასული შენგელია, ელენე სილოვანის ასული ხუნდაძე, პატუ ხუნდაძე, ნანო გურიელისა, ნინო შავარდნაძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N2 გამოქვეყნდა სტატია ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლი ქალის, ვერა ნიკოლოზის ასული ფიგნერ-ფილიპოვას შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 2 გამოქვეყნებულია ამავე გაზეთის შემომწირველთა სია: ლეო იმნაძე, ქეთო ოქრუაშვილისა, მარიამ ხაბურძანია, ელენა ბარაბაძე, ნინო ფანცავა, მარიამ მაჭავარიანი, ალისა ქუთათელიძე, ელენე მამალაძე, ევგენია მაჭავარიანისა, ნადეჟდა ივანოვისა, ანეტა გეგელაშვილი, ეკატერინე მესხი, ოლია ლორთქიფანიძე, ალექსანდრა კროტკოვი, ქალ. იოსელია, მანიულ ლანდია, ქეთო აბესაძე, დათიკო ლანდია, იუნონა დადიანისა, ვერა ბაქრაძისა, ოლიმპიადა ლაღიძისა და ლიზა მაჭავარიანისა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N2 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა კრისტაბელ პანკჰერსტის პუბლიკაცია „საზარელი მტარვალობა (როგორ დავიცვათ თავი)“ , რომელიც ეხება სქესობრივად გადამდებ ინფექციებს.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N2 დაიბეჭდა რ. საჯავახოელის (რაჟდენ ხუნდაძის) ლექსი „ვაშა, ვაშა“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ვარლამ ლომიამ წინადადებით მიმართა გამგეობას, რომ ბიბლიოთეკის გამგისთვის დაენიშნათ ხელფასი 75 მანეთის ოდენობით, ხოლო სამკითხველოს მეთვალყურისთვის - 30 მანეთი. ვ. ლომიას შეეკამათნენ აკაკი ხორავა, პეტრე დგებუაძე და ბარნაბ ძველაია. საბოლოოდ სევერიან მუსერიძის წინადადებით, ორივე გამგეს ხელფასები გაეზარდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა ხოფერია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარედ აირჩიეს რაჟდენ გამსახურდია, მდივნებად - გიორგი ჯაკობია და აკაკი ხორავა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ლავრენტი შუშანია და არტემ ღვამბერიძე წიგნის მაღაზიის საქმის მომწყობი სექციის წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ვლადიმერ ხოფერია და გიორგი ბოკერია საბიბლიოთეკო სექციის წევრებად აირჩიეს.