რეგისტრირებული ფაქტები85202
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 21 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს ლაიფციგიდან მიხეილ თამამშევისგან მოუვიდა შემოწირულობად წიგნი „Geschichte der Staaten von georgien, 1788", შედგენილი გეორგ აუგუსტოს ბრეიტენბახის მიერ. გამგეობამ სამადლობელი წერილი გაუგზავნა ლაიფციგში თამამშევს საინტერესო შემოწირულობისთვის.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შიო მღვიმელის სკოლის მეგობარი ლადო ხმალაძე, ვის ოჯახშიც შიო 1883-1887 წლებში ცხოვრობდა, წარმოშობით სოფელ აძვიდან იყო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 10 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატის მე-2 სამოქალაქო დეპარტამენტმა განიხილა ი. ზ. ბარათაშვილისა და თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმე და განაჩენის გამოცხადება იმ საქმის გამო 24 მაისისათვის გადადო. ი. ბარათაშვილი ითხოვდა, რომ იგი დირექტორად მიეწვიათ და აპროტესტებდა მის ნაცვლად სხვა კანდიდატურის წამოყენებას ამ თანამდებობაზე. ოლქის სასამართლომ ეს დავა საფუძვლიანად სცნო და მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანს, იაკობ მანსვეტაშვილს არ სურდა შიო მღვიმელის საზოგადოებაში გაწევრიანება იმ მიზეზით, რომ მას ინტელიგენტის იერი არ ჰქონდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 5 მაისს გაიმართა იმერეთის თავად-აზნაურთა კრება სვიმონ წერეთლის თავმჯდომარეობით. კრება გაიხსნა 10 საათზე და განიხილეს რამდენიმე პირის საჩივარი, რომლებიც დეპუტატთა საკრებულომ არ შეიყვანა ამომრჩეველთა სიაში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 31 იანვარს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრება. კრებაზე განიხილეს ჯარიმების საქმე, რომელიც თავადაზნაურობას დაედო საერობო გადასახადის შეტანის დაგვიანების გამო და ასევე თავად-აზნაურთა მამულების შეფასების გაუმჯობესების საკითხი. კრებას უძღვებოდნენ იოსებ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი და ილია ჭავჭავაძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 3 ივნისის „ცნობის ფურცელის" მიხედვით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავს მიხეილ თამამშევმა შესწირა Khatoff-ის „Carte de la Georgie-1828".
1883
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1883 წელს ალექსანდრე ხმალაძეს ჰყავდა სამი ვაჟი, ლადო, დათა და გოლა და ერთი ქალიშვილი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 მარტს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა მარიამ წულუკიძის მოტაცების საქმე. ჯერ ქუთაისის ოლქის სასამართლომ ბრალდებულნი დამანაშავედ სცნო და დააპატიმრა. სამოსამართლო პალატამ გააუქმა ეს განაჩენი და კონსტანტინე და იასონ წულუკიძეებს, ნიკოლოზ ლორთქიფანიძესა და სლავენ ადამიას ჩამოართვა უფლელებები და ტობოლის გუბერნიაში გადაასახლა, ხოლო ილიკო წულუკიძეს 8 თვით პატიმრობა შეუფარდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით იაკობ გოგებაშვილი დაინიშნა რევიზორად ხელთუბნისა და წინარეხის სკოლებში, ალექსანდრე ჭყონია და ალექსანდრე მიქაბერიძე – ბათუმსა და სენაკში, დავით კარიჭაშვილი – თონეთში, ექვთიმე თაყაიშვილი – გომარეთში.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს შიო მღვიმელმა პირველად ნახა ზღვა, როცა თავისი მოღვაწეობის აღსანიშნავ იუბილეზე ბათუმში ჩავიდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 3 მაისის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ თბილისში მიიღეს ახალი ქართული წიგნი „თეორია სიტყვიერებისა ქართულ სალიტერატურო სამაგალითო ნიმუშების გარჩევით", წიგნი შეადგინა მელიტონ კელენჯერიძემ და გამოსცა ოლღა კელენჯერიძემ. დაბეჭდილია ქუთაისში ივანე კილაძისა და იოსებ ხელაძის სტამბაში 1899 წელს. წიგნი შეიცავს 152 გვერდს და ღირს ორი აბაზი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს ლადო აღნიაშვილისა და შიო დავითაშვილის დახმარებით შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს შიო მღვიმელმა და უფროსმა ძმამ, გიორგიმ სვანეთისკენ მგზავრობისას გზად სოფელი ორბელი გაიარეს, იქიდან კი ცაგერში ჩავიდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წელს უფროს ძმა გიორგისთან ერთად სვანეთში მოგზაურობამ, იქაურმა ბუნებამ, უზარმაზარმა მთებმა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შიო მღვიმელზე.