საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84008

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის თხოვნა წარუდგინა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი სვირის სასკოლო კომისიის წევრ ლუარსაბ გიორგაძეს, რომ მისი თხოვნა და ოქმი სვირის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში აკაკი გველესიანის ინსპექტორად არჩევის შესახებ არ განიხილეს და უკანვე ეგზავნებოდა, რადგან ხელის მოწერა სხვის მიერ, მის მაგივრად არც თხოვნაზე და არც ოქმზე არ იყო არსებული წესით შემოწმებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტრომ აკაკი გველესიანს პასუხად მისი წერილისა აცნობა, რომ საზოგადოებას სრული უფლება ჰქონდა საკუთარ სასწავლებელში თავისი შეხედულებისამებრ მიეწვია ესა თუ ის გამგე-მასწავლებელი და წარედგინა იგი დასამტკიცებლად სამინისტროს წინაშე. მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავდა გამგე-მასწავლებელს, როცა საზოგადოებას საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდა.

1919

ტიპი: ავტორობა

აკაკი გველესიანი მთავარგამგეს სთხოვდა გაერკვიათ შემდეგი საკითხების მართებულობა: 1. იყო თუ არა მისი თხოვნა შეტანილი და რატომ აუარეს გვერდი; 2. ვისი თავმჯდომარეობით და ვინ აირჩია გამგე; 3. აირჩიეს თუ არა გამგე მათ ვისაც არავითარი უფლება არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობისა; 4. მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებმა. თუ დამტკიცდებოდა ყველა აღნიშნული მუხლის უსამართლობა, ა. გველესიანი ითხოვდა მთავარგამგეს თვითონ დაენიშნა მთავრობის სასურველი კანდიდატი.

ტიპი: ღონისძიება

აკაკი გველესიანი არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას საზოგადოების დაწიხვლად და პირად შეურაცხყოფად თვლიდა, მით უმეტეს, რომ არჩეული კანდიდატი მასზე ბევრად მაღალი არ უნდა ყოფილიყო ზენზით.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის ნოემბერში ელენე ლომაძეს ქუნთრუშა დაემართა და საავადმყოფოში წაიყვანეს.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 23 ნოემბერს ნუცა შარაშიძემ წერილი გაუგზავნა ნინო ქიქოძეს და გიგო და ელისაბედ შარაშიძეებს და აცნობა, რომ დავით დონდუა დაიჭირეს.

1919

ტიპი: ავტორობა

აკაკი გველესიანი მიიჩნევდა, რომ სვირის მაღალდაწყებითი სასწავლებლის გამგის არჩევნები გაყალბდა. მისი აზრით, ოქმს ხელს აწერდა 13 მასწავლებელი, თითქმის 4-5 მათგანს არავითარი უფლება არ ჰქონდა ჩართულიყვნენ სასწავლო საქმეებში და გამგის არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. ეს ყოველივე საჭირო იყო იმისათვის, რათა თავიანთი ნათესავი კანდიდატი გაეყვანათ არჩევნებში და საზოგადოების სურვილისათვის გვერდი აევლოთ. საზოგადოების წარმომადგენლებს გაუგიათ არჩევნების ამბავი, განუცხადებიათ მეთვალყურესთან წერილობითი პროტესტი, თუმცა უშედეგოდ.

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ჯუღელი საზოგადოების სხვა პირებთან ერთად მისულა პირველი რაიონის მეთვალყურესთან, სვირის მაღალ დაწყებითი სასწავლებლის გამგის ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით. გაუგიათ რა ეს სვირის მასწავლებლებს, ჭურაძის წასვლისთანავე მიუწვევიათ კრება, წარუდგენიათ აკაკი გველესიანის კანდიდატურა, მაგრამ გაუშავებიათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

აკაკი გველესიანმა თანხმობა განაცხადა გამგის ადგილის მიღებაზე და ინსპექციაში სათანადო თხოვნა შეიტანა.

1918

ტიპი: ღონისძიება

აკაკი გველესიანმა დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ 1918 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში მასთან მივიდა სვირის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი გიორგი ჯუღელი სვირის საზოგადოების სხვა პირებთან ერთად და სთხოვა მიეღო სვირის მაღალ დაწყებითი სასწავლებლის გამგის ადგილი, ვინაიდან გამგე ალექსანდრე ჭურაძე ადგილს ტოვებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მელიტონ რუსიას მოხსენებით მიიღეს დეკრეტი გორის გასაშენებლად თავისუფალი კერძო მიწის ჩამორთმევის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ წერს, რომ ერობამ ოზურგეთის ცენტრალური საერობო საავადმყოფოს გამგედ დანიშნა ექიმი ავთანდილ პორფირეს ძე ინგოროყვა, ქირურგიული განყოფილების ორდინატორად – ი. უჯმაჯურიძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობის“ ცნობით, საექიმო-სანიტარული განყოფილების გამგე ექიმი სიმონ აბაშიძე სამსახურიდან დაითხოვეს (ოზურგეთი).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე აირჩიეს საპენსიო წესდების კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზაქარია გურული, ელეონორა მახვილაძე, ილია ფირცხალაიშვილი, ო. სოლოღაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, ტერ-სტეპანიანცი, იესე ბარათაშვილი, იოანე გობეჩია, ალექსანდრე ასათიანი. ტექნიკურ კომისიაში აირჩიეს: გრიგოლ გიორგაძე, პავლე საყვარელიძე, მიხეილ კოვალიოვი, მელიტონ რუსია, შალვა ქარუმიძე, თევდორე ღლონტი, ი. ლორთქიფანიძე და სპირიდონ კედია.

პირები
წყარო

1920

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი რესპუბლიკის მუშა-მოსამსახურეთათვის ხელფასის მომატების შესახებ. მომატება იწყება 100 პროცენტიდან და მთავრდება 50 პროცენტით.

1920

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის, ი. ლორთქიფანიძის და გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სამხედრო უწყების, საავადმყოფოების, ქალაქისა და ერობის თვითმართველობისთვის გადაცემის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ იბეჭდებოდა და გასაყიდად გამოვიდოდა დ. თურდოსპირელის მოთხრობა „ამირანის ცეცხლი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გასულ კვირას ტ. ა. ბეკზადიანმა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სოფელ ხეთის (ზუგდიდის მაზრა) მცხოვრები კოსტა შელიამ განაცხადა, რომ ტოვებდა კომუნისტურ პარტიას, რომლის წევრად ადრეც ითვლებოდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ს. სარათში (ქუთაისის მაზრა) სროლის დროს მოკლეს ცნობილი ყაჩაღი სირბილაძე, რომელიც ოკრიბის რაიონს შიშის ზარს სცემდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერობათა კავშირის კომიტეტმა ევროპაში მყოფ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს საზღვარგარეთ თამბაქოს გაყიდვისგან აღებული ვალუტით ერობისთვის სხვადასხვა საქონლის შესყიდვა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართება სამინისტროს საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, ენფიანჯიანცის თუთუნის ფაბრიკის ძირითადი თანხის გაზრდის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გამგეობამ შეიძინა სტამბა, რომელიც ოზურგეთში მოეწყობა. სტამბის გამგედ მიიწვიეს თ. ბოლქვაძე.