რეგისტრირებული ფაქტები82260
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ავტორობა
გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა (კანცელარიის გამგის მაგივრად ხელს აწერს ნალბანდიშვილი) 1919 წლის 28 იანვარს გზათა მინისტრს სთხოვა – ვინაიდან ფოთის ნავსადგურის გემების მიმღები და შავ ზღვაზე მომწყობი კომისიის წევრები გზატკეცილების სამმართველოს მოხელეებად არ ითვლებოდნენ და მათი მიღება სამსახურში მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როცა კომისია გემების მიღებას დაამთავრებდა და გაარკვევდა იმ საორგანიზაციო სამუშაოს, რაც ნაოსნობის მოგვარებამდე უნდა ჩატარებულიყო – განკარგულება გაეცა, კომისიის წევრებისა და მის მიერ დანიშნული რწმუნებულის, აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუასთვის მიეცათ დღიური ჯილდო 50 მან. – მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ კომისია იმუშავებდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 28 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის, გრიგოლ ნათაძის ბრძანებით, 15 იანვრიდან გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე ქუთაისის ქალთა პირველი გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 27 იანვარს გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ მდინარე რიონზე ნაოსნობის მომწყობ და მიმღებ რწმუნებულ აკაკი ჩოჩუას დაავალა, წასულიყო ფოთში და მიეღო ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს მიერ შედგენილ სიაში აღნიშნული ყველა გემი. განკარგულებას ხელი მოაწერა საერთო საქმეთა მმართველმა გიორგი ფიცხელაურმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 იანვარს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს აცნობა, რომ ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა გიორგი მინას ძე აბაშიძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ჯერ ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში, შემდეგ კი ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში. იგი იყო გამოცდილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მცოდნე მასწავლებელი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 27 იანვარს ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე გ. ჩხაიძემ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ ყოფილი სამოსწავლო კომისარიატის ბრძანების თანახმად, 1918 წლის 24 იანვრიდან სასწავლებლის მასწავლებელი იასონ ამირანაშვილი მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 იანვარს ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე გ. ჩხაიძემ დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ იასონ ამირანაშვილი ითხოვდა მისცემოდა მას დამატებანი. ჩხაიძე ამირანაშვილისთვის კრედიტის გახსნასაც ითხოვდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 27 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთვარგამგეს მისწერა, რომ მათემატიკის მასწავლებლის ფალავანდიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1918 წლის პირველი ნოემბრიდან არითმეტიკის მეთოდიკასა და პრაქტიკულ გაკვეთილებს თავად ასწავლიდა. კვირაში 4 გაკვეთილის ჩატარება უწევდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთვარგამგეს სთხოვა, რომ ნება დაერთო 1918 წლის პირველი ნოემბრიდან მათემატიკის გაკვეთილებისთვის გადადებული თანხიდან მიეღო ოთხი გაკვეთილის ანაზღურება – 75 მანეთი. ხელს აწერენ დირექტორის მოვალეობის აღმასრულებელი კირილე არველაძე და საქმისმწარმოებელი ს. კასრაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 27 იანვარს მარიამ იაკობის ასულმა კარაკეშევმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩენო კომისიას დასაქმების თხოვნით მიმართა, რადგან მატერიალურად უჭირდა და სამსახური გაუმარტივებდა დღიურ ხარჯებთან გამკლავებას. მან სამუშაო იმავე დღეს მიიღო.
1919
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ დეკანოზი ივლიანე აბესაძე გიმნაზიაში 1899-დან 1918 წლამდე საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო და იქ სამსახურის დროს მოუსწრო ძველი მთავრობის კანონმა, რომლის ძალითაც საშუალო ცენზის მქონეთ უმაღლესი ცენზის მიხედვით ეძლეოდათ ჯილდო. ხელს აწერენ საქმისმწარმოებელი ალ. ლორთქიფანიძე და დირექტორი სილოვან თომას ძე ხუნდაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სილოვან ხუნდაძე სახალხო განათლების სამინისტროს სწერს, რომ ივლიანე აბესაძე საღვთო სჯულის გაკვეთილების გაუქმების შემდეგ დაწყებით უმაღლეს კლასებში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა. თანამდებობისთვის ჯილდო მას საშუალო ცენზის მიხედვით ეძლეოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ივლიანე აბესაძემ თხოვნით მიმართა მას ეშუამდგომლა სამინისტროსთან, რათა მისთვის აღედგინათ ის უფლება, რომლითაც წარსულში სარგებლობდა. სილოვან ხუნდაძემ აბესაძის თხოვნა კანონიერად მიიჩნია და უშუამდგომლა მას, რათა მისთვის აღედგინათ უმაღლესი ჯილდოს მიღების უფლება. ასევე ხუნდაძემ სამინისტროს მისწერა, რომ დეკანოზი აბესაძე საგნების მცოდნე და შრომისმოყვარე მასწავლებელი იყო. ხელს აწერენ ალ. ლორთქიფანიძე და სილოვან თომას ძე ხუნდაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს აუწყებენ, რომ მინისტრის ამხანაგის ა.წ. 26 იანვრის N17 ბრძანების თანახმად, მისდამი რწმუნებულ გიმნაზიასთან არსებულ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელს, დეკანოზ ივლიანე აბესაძეს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში ხუთწლეულები და პენსიის მისაღებად საპედაგოგო ასპარეზზე ნამსახურები წლები 1884 წლის 19 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე. ასევე, ეგზავნება აბესაძის ნამსახურეობის სია. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, მდივანი გიორგი მებუკე, საქმისმწარმოებელი – მესხი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 25 იანვარს მამა მიხეილ ზემსკის თაობაზე თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია მიმართავს განათლების სამინისტროს, ვინაიდან სკოლებში აღარ ისწავლება საღვთო სჯული, მამა მიხეილ ზემსკი დარჩა შტატის გარეშე. გიმნაზიაში არსებობდა კარის ეკლესია. დირექცია ითხოვს, გაარკვიონ, ითვლება თუ არა აღნიშნული პიროვნება თანამშრომლად და როგორ უნდა მოხდეს მისი ანაზღაურება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას, რომელსაც თავმჯდომარეობდა დავით კარიჭაშვილი, ესწრებოდნენ: თავმჯდომარის მოადგილე თევდორე კიკვაძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და გამგეობის წევრები: იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ი. გიორგობიანი, კ. ქავთარაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს წითელ ჯვართან არსებული ქალთა კომიტეტის თხოვნა ობოლ ბავშვთათვის დაარსებული სკოლის 450 მანეთის ღირებულების წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დახმარების შესახებ. გამგეობის ცნობით, მათ უკვე მიღებული ჰქონიათ ნ. ნაკაშიძის თავდებობით 200 მანეთის წიგნები. გადაწყდა, კიდევ 250 მანეთის სასკოლო ნივთებით დახმარება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებლის ეკატერინე ბახტაძის თხოვნა ატენის სკოლაში გადაყვანის თაობაზე. გამგეობამ ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და მასწავლებლის ნივთიერი მდგომარეობის გაუმჯობესება გადაწყვიტა. სკოლა ისევ ილიასეულ სახლში მოთავსდა დროებით, მაღალაშვილს კი მასწავლებელის თავის ბინაზე დაყენება სთხოვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე, განიხილეს წაღვერის სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ თხოვნის ბორჯომის განყოფილებისთვის გადაგზავნა გადაწყვიტა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის მასწავლებელის მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა, რომელიც მამის გარდაცვალების გამო ერთჯერად დახმარებას და ავანსის სახით ორი თვის: თებერვლისა და მარტის ჯამაგირს ითხოვდა. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მას დახმარების სახით 200 მანეთი და ავანსად თებერვლის ჯამაგირი მისცემოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა თბილისის მოქალაქე ვარდენ ძიძიშვილის განცხადება, სიცოცხლეშივე საზოგადოებისთვის საკუთარი სახლის გადაცემის თაობაზე, თუკი საზოგადოების გამგეობა მის შენახვას იკისრებდა. მას ყოველწლიურად 6000 მანეთი შეჰქონდა. ძიძიშვილის სახლი დაათვალიერა გამგეობის მდივანმა ვ. ბურჯანაძემ, რომლის აზრით, აღნიშნული პირობით ამ სახლის მიღება საზოგადოებისთვის ხელსაყრელი არ იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ წინადადება ძიძიშვილისთვის თუ ინებებდა, დაუყოვნებლივ გადაეცა თავისი საკუთარი სახლი საზოგადოებისთვის, მთელი შემოსავალი კი სიცოცხლეშივე თვითონვე მოეხმარა და სახლისთვისაც პატრონობა გაეწია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი განათლების მინისტრის წინაშე სკოლებისა და ბიბლიოთეკების შესანახად 150000 მანეთით დასახმარებლად შუამდგომლობის აღძვრის შესახებ. სასკოლო და ბიბლიოთეკების მომწყობი სექციების სავარაუდო აღრიცხვით მთელი ჯამი ხარჯებისა უდრდა 193600 მანეთს, აქედან საზოგადოება კისრულობდა 43600 მანეთს. დანარჩენს 150000 მანეთისთვის მთავრობას სთხოვეს დახმარება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 2 თებერვლის რწმუნებულთა ყრილობისადმი წარსადგენი მოხსენება საზოგადოების მაშნდელი სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის თანახმადაც, გამგეობას უნდა მიეცეს უფლება წიგნების გამომცემლობის საქმის გასაფართოებლად საჭირო ხარჯები გაიღოს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ელიავას თხოვნა, საზოგადოება დახმარებოდა ზდანოვიჩის უკანონო შვილს, გიორგი ვორობიოვს (8 წლის ბავშვს). გამგეობამ უარი თქვა თხოვნის დაკმაყოფილებაზე.