საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92919

1919

ტიპი: გარდაცვალება

„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N5 მკითხველს ამცნობს, თუ რა ვითარებაში დაიღუპა უნიჭიერესი მთიელი პოლიტიკოსი ასლანბეკ შერიფოვი: ვოზდვიჟენკასთან (გროზნოს გარეუბანი) აჯანყებულთა გამარჯვების შემდეგ ჩეჩნებს უკუქცეულ თეთრგვარდიელებთან მოუხდათ შეტაკება. მხარში დაჭრილ შერიფოვს ცხენიდან გადმოვარდნისას წელზე შემორტყმული ბომბი აუფეთქდა. ცხედარი შატოიში გადაასვენეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

ევგენი ჟარკოვსკის ანალიტიკური რუბრიკის მე-5 ნაწილიდან ვიგებთ, რომ 1918 წელს მოზდოკის საოლქო ყრილობაზე ყაჩაღობასთან ბრძოლის საკითხი განიხილეს, რაც ინგუში მოსახლეობის განიარაღებას გულისხმობდა. ჩანაფიქრის განხორციელება მისი სირთულიდან გამომდინარე ნიკოლოზ მეფის ხელისუფლებამაც ვერ შეძლო. სოციალისტური ბლოკის მოთხოვნით აღნიშნული საკითხი არ დაამტკიცეს.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის ანალიტიკური რუბრიკის თანახმად, მთელ მოზდოკის რევსაბჭოში მხოლოდ პოლკოვნიკი რიმარი იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა თავისი საქმე, მხოლოდ მისი განყოფილება (სამხედრო) ფუნქციონირებდა გამართულად.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ დაბეჭდილ ინტერვიუში ჩრდილოკავკასიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე აზრს გამოთქვამს ორი რესპონდენტი: გაჯი ქერიმ სანიევი – აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი სოციალისტთა ფრაქციიდან (პარტია „ჰუმეთი“) და ჰაიდარ ბამატი – მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთიელთა დელეგაციის წევრი ვერსალის კონფერენციაზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, გ. სანიევმა კავკასიელ მთიელთა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე საუბრისას ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიდრე ჩეჩნეთსა და დაღესტანზე იმამ შამილის გავლენა ვრცელდებოდა, მთიელებს დამოუკიდებელი ცხოვრება და საკუთარი პრიმიტიული სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ, რასაც გენერალმა ბარიატინსკიმ ბოლო მოუღო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გაჯი სანიევი აცხადებს, რომ ჩრდილოკავკასიელთა განმათავისუფლებელ ბრძოლაში საქართველო და აზერბაიჯანი უმოქმედო მაყურებლებად არ უნდა დარჩნენ, რადგან მთიელთა დამარცხება მათ თავისუფლებასაც დიდ საფრთხეს უქმნის.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის სოციალისტური ფრაქციის წევრმა გაჯი სანიევმა განაცხადა, რომ ჩრდილოკავკასიელ მთიელებს ყველა პირობა ჰქონდათ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად.

1919

ტიპი: ავტორობა

გაზეთთან ინტერვიუში ჰაიდარ ბამატმა განაცხადა, რომ პარიზიდან კავკასიაში დაბრუნდა ვერსალის კონფერენციის მთიელ დელეგატთა ნაწილთან ერთად, რათა ხალხისთვის გაეცნოთ მუშაობის შედეგები, აეხსნათ, თუ რა ვითარება იყო კონფერენციაზე მთიელთა დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, საჭირო იყო ადგილზე გასცნობოდნენ შეცვლილ ვითარებას.

1919

ტიპი: ავტორობა

ჰაიდარ ბამატს მიაჩნია, რომ მთიელთა დელეგაციამ მოახერხა ვერსალის კონფერენციაზე კავკასიის მოვლენები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების საგნად ექცია. 

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს ლეიტენანტი ლიუკი ესტუმრა. მათ საქართველოზე ისაუბრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოხუმის თეატრალური სეზონის დასასრულს ნინო ჩხეიძის პატივსაცემად წარმოდგენა უნდა გამართულიყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 11 ოქტომბერს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობას უგზავნის ლაილაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის წერილს და აუწყებს: რადგან მღვდელ მუსერიძის შრომა სასწავლებლისთვის აუცილებელია და თან მას ხელს არ შეუშლის მღვდელთმსახურების აღსრულება, შეიძლება იგი დარჩეს ორივე თანამდებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი-ერთი უნდა დატოვოს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს რაჭის სამაზრო გამგეობის წევრმა, საქმის მწარმოებელმა – ა.მეტრეველმა განათლების სამინისტროს სახალხო სკოლების მთავარგამგეს მიმართა, რომ საქართველოს განაპირა მხარეები განათლებით ჩამორჩებოდა შუაგულს. 1917 წელს ზოგიერთი სასწავლებლისთვის ნატურით გადახდას ხალხმა თავი დაანება და რამდენიმე სკოლა (უფრო მეტად, სამრევლოები) დაიხურა შემდეგ სოფლებში: ზემო კრიხი, ფუტიეთი, ტოლა, გორისუბანი, კაჩაეთი. ხალხი ისევ მიმართავდა გამგეობას სკოლის გახსნის მოთხოვნით, და, თავის მხრივ, ბინას, გათბობა-განთების და სხვა ხარჯებს თავის თავზე იღებდნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანის მაგიერ შ. დედაბრიშვილი, წევრები: ნინიძე, იაშვილი, ნ. ნაკაშიძისა, გიორგობიანი, ვართაგავა, კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „დედაენის“ შესწორების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ამ საკითხის მოსასმენად სპეციალური სხდომა დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელ დავით მაკარის ძე გაჩეჩილაძის თხოვნა გიმნაზიის მე-8 კლასის მოწაფე სოკრატ ჩარკვიანისთვის სტიპენდიის მიცემის შესახებ. გამგეობამ სოკრატ ჩარკვიანს ერთდროულ დახმარებად ორასი თუმანი (2000 მანეთი) გადასცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ მთავრობის სტამბის „დედაენაზე“ მომუშავე ასოთამწყობები და რუხაძის სტამბის მუშები ითხოვდნენ დაეთმოთ მათთვის ნახევარ ფასში 10 ცალი „დედაენის“ II ნაწილი ან თითო ეგზემპლარი დაბეჭდილი წიგნებისა. გამგეობამ დაადგინა, მიეცეს თითო ეგზემპლარი ყოველი დაბეჭდილი წიგნისა იმ პირთ, რომელნიც ნამდვილად იმუშავებდნენ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 11 ოქტომბერს ბათუმის ოლქის სოფელ ორთაბათუმის მუსლიმთა თემის მცხოვრები მუსტაფა ალის ძე კონცელიძე, როგორც ღარიბი ოჯახის შვილი, განათლების სამინისტროს უნივერსიტეტის სამეურნეო ფაკულტეტზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვას სთხოვს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა დე რობეკთან, ევგენი გეგეჭკორთან, ნოე რამიშვილსა და ალექსანდრე გედევანიშვილთან ერთად ივახშმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა და ადმირალმა დე რობეკმა მცხეთაში ოფიცერთა ახალი საწვრთნელი სკოლა დაათვალიერეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 ოქტომბერს დაბალი სკოლების მთავარგამგეს სთხოვენ აცნობონ რა ენაზე უნდა სწარმოებდეს სწავლა ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში. ხელს აწერენ გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ხახუტაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

ისიდორე გივის ძე კოსტავა თბილისის II კომერციული სასწავლებლის ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი 1911 წლის 10 ოქტომბრიდან იყო. მისი წლიური ხელფასი 1320 მანეთს შეადგენდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 10 ოქტომბრიდან სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძე დაინიშნა ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად ლანჩხუთის ვაჟთა გიმნაზიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 10 ოქტომბერს ოლივერ უორდროპს ხანმოკლე, არაოფიციალური ვიზიტით ხმელთაშუა ზღვისპირეთის მთავარსარდალი და კონსტანტინეპოლის უმაღლესი კომისარი, ადმირალი დე რობეკი ესტუმრა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 10 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის პერიოდში ევგენი გეგეჭკორმა წერილი გაუგზავნა სტამბოლში დიპლომატიურ წარმომადგენელ გრიგოლ რცხილაძეს ქალაქისა და მისი მუშაობის ნაყოფიერების უდიდეს მნიშვნელობაზე ევროპის საერთო პოლიტიკაში.