რეგისტრირებული ფაქტები81521
სორტირება თარიღი მზარდობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ იმ წლის 29 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოს ქ. თელავში უნდა გაერჩია ელისაბედ ვილკევიჩის საჩივარი ილია ზარაფიშვილის ქვრივი სოფიოსადმი, რომელსაც ვილკევიჩის 2000 მანეთი მართებდა. ამ ფულის ანაზღაურებას მომჩივანი ითხოვდა სახლით, რომელიც განსვენებულმა ზარაფიშვილმა წერა-კითხვის საზოგადოებას უანდერძა. საქმე პირველად 1911 წელს განუხილავს თელავის მომრიგებელ მოსამართლეს და მომჩივანი უარით გაუსტუმრებია. თელავის განყოფილება სთხოვდა მთავარ გამგეობას ხსენებული საქმის გარჩევის დღეს გაეგზავნა თელავში საზოგადოების ინტერესების დამცველი ვექილი, რომლის მგზავრობის ხარჯებსაც ადგილობრივი განყოფილება დაფარავდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ვ. კახიძე და მდივანი ზ. მარკოზაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილ წერილში პეტრე მამრაძე არ ეთანხმება ანატოლი კალგინისა და ჰენრიკ ჰრინევსკის გაზვიადებულად მკაცრ შეფასებას, თითქოს არაპროპორციულად და ულაზათოდ იყოს მოწყობილი ილია ჭავჭავაძის საფლავი. ინჟინერ-ტექნოლოგი აღნიშნავს, რომ თავადაც ამჩნევს ზოგიერთ წუნს, ამიტომ სიამოვნებით დათანხმდება კომისიის მოწვევას, თუკი ეს ხელს შეუწყობს შედეგის გაუმჯობესებას.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგიწმინდის სკოლის პედაგოგმა სტეფანე ნიკოლაიშვილმა, რომ წინასწარ მიეცათ მისთვის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დახმარება, სულ 15 მანეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს განცხადება, რომ თელავის გამგეობა ითხოვდა გაეგზავნათ ვექილი 31 მაისს სასამართლოში საქმის დასაცავად. გამგეობამ გრიგოლ რცხილაძეს სთხოვა წასულიყო თელავში და დაეცვა საზოგადოების ინტერესები სამგზავრო ხარჯს კი თავად გამგეობა აანაზღაურებდა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა შიო დედაბრიშვილმა ძველი კრედიტორების შესახებ. გამგეობამ შიო დედაბრიშვილის მოხსენების თანახმად დაადგინა, რომ 4953.93 მანეთი, რომელიც ეკუთვნოდა სხვადასხვა პირს გაყიდული წიგნების ფასად და ამ დრომდე არავის მოუთხოვია ჩაეთვალათ საზოგადოების საკუთრებაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა ილიას ძეგლის შესახებ. გამგეობამ სვიმონ კლდიაშვილს, გიგო ქურდიანს და დავით ჯორჯაძეს დაავალა გაერკვიათ, თუ რა ნაკლოვანება ჰქონდა ძეგლს და შემდეგ მოეხსენებინათ საზოგადოებისთვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 მაისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 23-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას ილია ჭავჭავაძის ეზო-წისქვილის ჩაბარების ოქმის ასლი გაუგზავნა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ და მდივანმა ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილმა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 მაისს ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოს მიხეილის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრების მეთორმეტე სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლისთვის პენსიის დანიშვნის საკითხი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ზაქარია ჭიჭინაძემ, რომ მიეცათ მისთვის იმ 100 ცალი წიგნის („ბრძოლა საქართველოს მოსასპობად“, ანტონ ფურცელაძისა) საფასური, რომელიც მიჰყიდა საზოგადოებას. გამგეობამ ზ. ჭიჭინაძეს კუთვნილი თანხა გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ილიას ძეგლის შესამოწმებლად მოეწვიათ შემდეგი პირები: იაკობ ნიკოლაძე, ანატოლ კალგინი, ჰენრიკ გრინევსკი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი გაბაშვილი და ივანე ჯავახიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს 27 მაისს გამართული სეირნობის შემოსავალ-გასავალი, რომლის შემოწმება გამგეობამ ფილიპე მგელაძეს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სარევიზიო კომისიის 1911 წლის ანგარიში წარადგინეს. გამგეობამ დაადგინა, კომისიის ანგარიში საზოგადო კრებაზე განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 31 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 24-ე სხდომას ესწრებოდნენ არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე მგელაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ივნის-ივლისში შეიქმნა ილიას ძეგლის რესტავრაციის პროექტის შემდგენელთა ქვეკომისია, რომლის წევრები იყვნენ: პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ივანე ჯავახიშვილი, არქიტექტორი ანატოლი კალგინი, მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი და არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი. ქვეკომისიის მიზანი იყო მთაწმინდაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გადასაკეთებლად სრული პროექტის შედგენა ავტორ იაკობ ნიკოლაძესა და მშენებელ პეტრე მამრაძესთან ერთად. ამ საკითხს არაერთი სხდომა მიეძღვნა, რომელთა თავხმჯდომარე იყო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მდივანი.
1912
ტიპი: გარდაცვალება
თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნის ჩანაწერი N 8 იუწყება, რომ 1912 წლის პირველ ივნისს სამოცდათორმეტი წლის ასაკში წვრილი ნაწლავის სიმსივნით გარდაიცვალა მღვდლის შვილი იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი.
1912
ტიპი: სტატუსი
ილია ჭავჭავაძის ძეგლის რკინის მოაჯირზე მომუშავე ხელოსანთა და მათ თანაშემწეთა დღიური ანაზღაურება, ანგარიშსწორების უწყისების მიხედვით, შემდეგნაირი იყო: ს. ტოროსოვი – 1 მან., ივ. მეგრელიშვილი – 1 მან., სპ. მინდიაშვილი – 1 მან.,30 კაპ., გ. სადაგაშვილი – 1 მან.,60 კაპ., გ. კოკაშვილი – 50 კაპ., ო. მირზოევი – 70 კაპ., შ. ქეშელაშვილი – 25 კაპ., კოშკაძე – 1 მან.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წელს იაკობ გოგებაშვილის მიერ დატოვებული ანდერძის თანახმად და განსვენებულის ნების აღმსრულებელთა თანხმობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო: 1. მისი ყველა ლიტერატურული ნაწარმოების (როგორც ქართულის ისე რუსულის) გამოცემის უფლება (ლიტერატურული საკუთრება დარჩებოდა განსვენებულს), 2. უძრავი ქონება – ერთი ნაკვეთი მიწა ვერაზე, (ზომით – 264 საჟენი), 3. ფული პროცენტიანი ქაღალდებით 6600 მანეთი და ნაღდად – 15 726 მანეთი და 84 კაპიკი, 4. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაზე დარჩენილი წიგნების ფული 4505 მანეთი და 48 კაპიკი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა, იაზონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას შეატყობინა ბაღდათის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის სურვილი ფილიალის საზოგადოების დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ. ქუთაისის განყოფილებამ გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 25-ე სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე და შიო დედაბრიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. გამგეობამ დაადგინა, რომ იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვისთვის შეეკვეთათ გვირგვინი, კანცელარიაში დაეკიდათ გარდაცვლილის სურათი, ერთი კვირის განმავლობაში გაზეთებში დაებეჭდათ სამგლოვიარო განცხადება და ასევე განსვენებულის პანაშვიდებსა და დაკრძალვას დასწრებოდა გამგეობა მთელი შემადგენლობით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, შიო არაგვისპირელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე განიხილეს სოფელ კახის მოსახლეობის სოფელში ერთკლასიანი სკოლის გახსნის თაობაზე. მოსახლეობა შენობას თვითონ ააგებდა, სკოლის ნივთებისათვის 600 მანეთს შეაგროვებდა და ყოველწლიურად სკოლას 300 მანეთსა და შეშას გადასცემდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ივნისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადო კრების დანიშვნის თარიღზე იმსჯელეს, რადგან 3 ივნისს დანიშნული კრება არ გაიმართა. წარმოადგინეს ცნობა, რომ ქართული თეატრი კრების ჩასატარებლად ორშაბათსა და ოთხშაბათს იყო თავისუფალი, მხოლოდ განათების ფასის გადახდა იქნებოდა სავალდებულო. გამგეობამ კრება 1912 წლის 11 ივნისის დანიშნა.