რეგისტრირებული ფაქტები93218
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 12 ოქტომბერს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა, რომ 1880 წელს საფრანგეთში დაამტკიცეს კანონი ქალთა სამი ტიპის სკოლის დასაარსებლად: პირველდაწყებითი სკოლა, საშუალო სკოლა (ქალთა კოლეჯი) და სამასწავლებლო სემინარია, ამასთანავე მათ გაუღეს უნივერსიტეტის კარიც. თუმცა ფრანგულ უნივერსიტეტში ომის დაწყებამდე უფრო მეტი უცხოელი ქალი მსმენელი იყო, ვიდრე ადგილობრივი, რადგან მიუხედავად ოთხი რევოლუციისა, ძველი ტრადიციები ქალის მიმართ არ შეიცვალა, რასაც საფრანგეთის არეულობებმაც ხელი შეუწყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 26 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედრო მინისტრ კერენსკის განკარგულებით დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ქვეითი ჯარის პროპორშჩიკთა სკოლებში იუნკრების მიღება.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N26 იუწყება, რომ ქუთაისის დარბევის გამო გასული ხუთშაბათის, 5 ოქტომბრის ნომერი ვერ გამოვიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N26 ცნობით, დაბა კულაშის სახალხო თეატრს ნინო გებუაძე-მიქელაძისამ აბრეშუმის ქართული კაბა თავის გულისპირით შესწირა, ელენე აპალონის ასულმა მიქელაძემ კი — მაგიდა, რისთვისაც თეატრის გამგეობა მათ მადლობას უხდიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, რედაქციამ ელენე ჩხეტიასგან მიიღო ნოქალაქევის აგარაკში პლატონ გახოკიას დახმარებით შეგროვილი ფული 142 მან. სარედაქციო ფონდის გასაძლიერებლად. სიის დაკარგვის გამო შემომწირველთა გვარები ვერ დაიბეჭდა. რედაქციამ მადლობა გადაუხადა მათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, თამარ გოგოლაშვილმა გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., მარიამ პეტრეს ასულმა გვიჩიამ – 5 მან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაიბეჭდა დ. ხარაგაულის (სადგური ბელაგორი) ქალთა წრის გამგეობის თავმჯდომარე ანა ედილაშვილის გამოგზავნილი წერილი რედაქციის მიმართ. ის მადლობას უცხადებს იმ პირთ, რომელთაც დახმარება გაუწიეს ხარაგოულის ქალთა წრეს, რომლის მიზანია ღარიბ მოსწავლეთათვის მოაწყოს უფასო თავშესაფარი. შემომწირველთა სია: ტარასი კიკნაძე, ალექსანდრე კვარაცხელია, ნიკოლოზ კიკნაძე, ვანო დეკანოსიძე, პროკოფი ფანჩულიძე, ერმანოზ ბუაჩიძე, ნოე ავალიანი, გაბრიელ ყუბანეიშვილი, ვასილ ყიფიანი და ელენე ხარაძისა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 12 ოქტომბრიდან ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატის განკარგულების თანახმად, ქსენია ბეჟანიშვილი დაინიშნა ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიის მოსამზადებლ კლასში მასწავლებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 12 ოქტომბრის სენაკის სასკოლო საბჭოს დადგენილების მიხედვით, კავკასიის სასწავლო კომისარიატმა ივლიანე გაბუნია ახალ-სენაკის ნორმალური ორკლასიანი სახაზინო სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დაამტკიცა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, წმ. ნინოს უბანში, წმ. ნინოს სასაფლაოს საეკლესიო სკოლის შენობაში, გაიმართა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრ-თანამგრძნობთა კრება. დამფუძნებელი კრების შესახებ სიტყვა წარმოთქვა სიმონ ყაუხჩიშვილმა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსდებოდა, ერთი რუსების და რუსულად მოაზროვნე სომხების, ქართველების, ოსებისა და სხვ. სასწავლო ადგილი იქნებოდა, ხოლო მეორე – ქართველების და ქართულად მოსაუბრეების ცოდნის წყარო.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსდებოდა, ერთი იქნებოდა რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების მსახური, რუსული მეცნიერების სანერგე და კულტურის დარაჯი ამიერკავკასიაში, ხოლო მეორე – ქართველთა ეროვნული ტკივილის დამაიმედებელი, კულტურის დაცვის, შენახვისა და განვითარების ფარ-ხმალი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ წერილში „ორი უნივერსიტეტი“ აკაკი შანიძე აღნიშნავდა, რომ ორი უნივერსიტეტიდან, რომლებიც იანვარში თბილისში დაარსებოდა, ერთს, რუსულს, შეინახავდა ხაზინა და ქონებრივად უზრუნველყოფილი იქნებოდა, ხოლო მეორეს, ქართულ უნივერსიტეტს – კერძო პირები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე დაბრუნდა ფოთიდან, სადაც იმყოფებოდა სამწყსოსთან გამოსათხოვებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე და მდივანი ალექსანდრე ხახანაშვილი პროვინციაში გაემგზავრნენ საარჩევნო საქმის საწარმოებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917
წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ საცხოვრებლად აირჩია დარიის მონასტერი ავლაბარში,
სადაც დასახლდა და მთხოვნელებს იღებდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, ადელხანოვის ქარხნიდან დაუმუშავებელი ტყავის უქონლობის გამო 400-მდე მუშა დაითხოვეს.

