რეგისტრირებული ფაქტები88884
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 სექტემბერს თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგე ალექსანდრა ფაღავამ სახალხო განათლების სამინისტროს აუწყა, რომ სემინარიაში მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად ილია ბაკურაძე მიიწვია და სთხოვს თანამდებობაზე მის დამტკიცებას. ხელს აწერენ სემინარიის გამგე ალექსანდრა ფაღავა და საქმისმწარმოებელი ს. ყოყოჩაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობში მოიპოვებოდა შემდეგი ძველი ნივთები: ფოტოგრაფიული სურათების ბლანკები 200 ცალი, პატარა ზომის 300 ცალი, აკაკი წერეთლის სურათი 1 ცალი, ჯგუფების სურათები 5 ცალი, სხვადასხვა სურათები 5 ცალი, გიორგი წერეთლის სურათი 1 ცალი, შოთა რუსთაველის სურათი 1 ცალი, ხელით ნახატი სურათი 1ცალი, სურათი კარგ ჩარჩოში 1 ცალი, სურათი „ტყე“ ტილოზე 1 ცალი, ხატი „საქართველოს დიდება“ ჩარჩოში 1 ცალი, გამოფენის დიპლომი 1 ცალი, ნეგატივები 1000 ცალი, სკამი 7 ცალი, სხვადასხვა სურათები 6 ცალი, რუსული წიგნები 30 ცალი, ჟურნალები „ივერია“, „მნათობი“ 2 ცალი, „საქართველოს მოამბე“ 1 ცალი, სხვადასხვა წიგნები 10 ცალი, გვირვვინი 2 ცალი, კიბე 1 ცალი. ჩამოთვლილი ნივთებიდან ყველა დაიწვა გარდა სკამებისა და ობიექტივისა. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის პარლამენტის 4 სექტემბრის სხდომაზე თავმჯდომარე ა. აგარონიანი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელს, გერასიმე თომას ძე მახარაძეს მიესალმა. მან ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე და 1918 წლის სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო მწუხარება გამოთქვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს ქართულ კლუბში აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის, ნასიბ-ბეკ უსუბეკოვის პატივსაცემად გამართულ რაუტს დაესწრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, აჭარის წარმომადგენლები (მემედ ბეგ აბაშიძე, ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილი) და სხვ. სტუმრებს საქართველოს მთავრობის წევრები და თავმჯდომარე ნოე ჟორდანია შეხვდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 სექტემბერს გამართულ დარბაზობაზე დიმიტრი აბხაზი აზერბაიჯანულად მიესალმა იუსუმბეკოვს და აღნიშნა, რომ მან ხელი შეუწყო აჭარის საკითხის კეთილად დაგვირგვინებას. საპასუხოდ მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ და ჯემალ ხიმშიაშვილმა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მზრუნველობის გამო მადლობა გადაუხადეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს აცნობეს, რომ პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგეს ილია ბაკურაძის საბუთების გაგზავნა სთხოვეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილებით, სამი თვით ციხეში ყოფნა მიესაჯათ ყარამან ზვანგაიას, მიხეილ მარღანიას, ომარ ემუხვარს, რაჟდენ კაკუბავას და სპირიდონ ქოლბაიას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილებამ ადგილობრივი პრესის საყურადღებოდ გამოაქვეყნა ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის წერილი, რომელშიც იგი ადგილობრივ პრესაში მის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ იტყობინებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ყუბანის სამხარეო მთავრობის თავმჯდომარეს გენერალ-მაიორ ლუკა ლავრენტის ძე ბიჩს ბოდიში მოუხადა, რათა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოემშვიდობა და იმედი გამოთქვა, რომ ის ქართველ ერს არ დაივიწყებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 სექტემბერს, 7 საათზე, მალთაყვის ხიდთან ბოროტმოქმედებმა ფოთიდან სუფსაში ეტლით მიმავალი საბა ველევიჩი გაძარცვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპი თბილისში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ხატისიანს ეწვია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა ახალგაზრდა ამერიკელი რობერტ პირპონტ ბლეიკი გაიცნო. ბლეიკი ქართულის შესწავლით იყო დაინტერესებული.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მისმა მასპინძელმა წინა საღამოს ვახშამი გამართა, რომელზეც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მისისტრი ნოე ჟორდანია თავიანთი კოლეგებით იყვნენ მიწვეულნი. ვახშამს დაახლოებით 40 კაცი დაესწრო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 სექტემბერს აჭარის დელეგაცია წარუდგა საზავო კონფერენციის საგანგებო უმაღლეს კომისარს, პოლკოვნიკ ჰასკელს და ბრიტანეთის პოლიტიკური მისიის თავმჯდომარეს, უორდროპს. დელეგაციას კარგად შეხვდნენ და ხანგრძლივად ისაუბრეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 12 სექტემბრიდან ალექსი ბარსოვი ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

