რეგისტრირებული ფაქტები89453
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტ ვ. ლავროვიჩის ცნობით, ჩეჩნეთში არაერთგვაროვანი ვითარებაა შექმნილი: მოსახლეობის დიდი ნაწილი მოხალისეთა არმიას („დობროარმიას“) ჰყავს დაპყრობილი, ქვეყნის დაბლობ მხარეზე ჩეჩნეთის მმართველი, არტილერიის გენერალი ერისხან ალიევი „ზრუნავს“, მაგრამ მისი ძალაუფლება ვერ ვრცელდება ბუნებრივ ციხესიმაგრედ გადაქცეულ მთაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტმბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 მთიან ჩეჩნეთში შექმნილი ვითარების მიმოხილვისას აგრარული საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე წერდა: მიწა „განხეთქილების ვაშლი“ იყო ჩეჩნებსა და კაზაკებს შორის. მთიელები კაზაკების მიერ წართმეულ წინაპართა მიწების დაბრუნებაზე ოცნებობდნენ, მაგრამ ისიც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ „დობროარმიის“ ხელში ეს საკითხი მათ სასარგებლოდ არასოდეს გადაწყდებოდა. მთიელ ჩეჩნებს, ვაჭართა მცირერიცხოვანი ფენის გამოკლებით, გადაწყვეტილი ჰქონდათ, დენიკინის ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი საკუთარ ტერიტორიაზე არ შეეშვათ, უფრო მეტიც, თავად გადადიოდნენ შეტევაზე, ხშირად ესხმოდნენ თავს გროზნოსა და კაზაკთა დიდ სოფლებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 ჩეჩენი ვაჭრების ახალშექმნილი ფენის წარმომადგენლებს შემდეგნაირად ახასიათებდა: „რიგითი მთიელებისგან განსხვავებული განწყობა აქვთ ვაჭრებს, რომლებიც ცდილობენ ჩეჩენთა საბრძოლო სულისკვეთების განელებას, რადგან მხოლოდ ფულად მოგებაზე ფიქრობენ და ამისთვის არა თუ საკუთარი ხალხის, არამედ დედ-მამის საფლავის გაყიდვაზეც არ იტყვიან უარს; მაგრამ დენიკინის მომხრე ჩეჩნები უფრთხიან მოღალატისა და ალიევის დამქაშის სამარცხვინო სახელს, ამიტომ ფრთხილად ეწევიან აგიტაციას, ნამდვილ ზრახვებს დიპლომატიურად ნიღბავენ: ამბობენ, რომ დაიღალნენ სამოქალაქო ომით, რომ მათთვის სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს, დენიკინი თუ ბოლშევიკები, მთავარია, შეწყდეს ომი“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის „ვოლნი გორეცმა“ №1 კავკასიის ახლო წარსულიდან ისტორიული ხასიათის ცნობები გამოაქვეყნა. წერილის ავტორის, აჰმედ ცალიგოვის (ხელს აწერს Ах.)აზრით, „შავჩექმებიან“ დამპყრობელ გენერლებთან მებრძოლ კავკასიელ მთიელებს გასამხნევებლად და მისაბაძად განსაკუთრებით სჭირდებოდათ ისტორიული გამოცდილების მქონე წინაპართა გმირობის მაგალითებისა და გონივრული ნაბიჯების გახსენება. ამ მხრივ, მას სანიმუშოდ მიაჩნდა 1861 წლის 13 ივლისს „ჩერქეზთა თავისუფლების დიდი მეჯლისის“ შექმნის ფაქტი. სტატიაში მიმოხილული იყო მეჯლისის მიერ გაწეული საქმიანობა დაუმორჩილებელ კავკასიელ მთიელთა თავისუფლების გადასარჩენად; აღნიშნული იყო მისთვის რუსეთისგან მიყენებული მორალური დარტყმაც: როგორ გადაწვა მეჯლისის შენობა სოჭთან გადმოსხმულმა გენერალ კოლუბაკინის დესანტმა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 იუწყებოდა, რომ ყარაჩაელებმა დაწესებულ ვადაში ვერ შეძლეს მოლაშქრეთა 2 ბატალიონის მობილიზება, ამის გამო „დობროარმიის“ ოფიცერთა სადამსჯელო ექსპედიციამ შემდეგი სახის კონტრიბუცია დაუწესა მათ: 3000 ცხენ-უნაგირი, 1000 მსხვილფეხა საქონელი და 15 000 000 კერენკების ან ნიკოლოზისეული („ნიკოლაევსკი“) ფულის სახით. ყარაჩაელები იძულებული შეიქნენ თავიანთი საქონელი ქედს გადაღმა, მიყრუებულ ადგილებში გადაერეკათ და თავადაც გადახვეწილიყვნენ, რათა გადარჩენოდნენ საბოლოო გაპარტახებასა და სამხედრო სამსახურს.
1919
ტიპი: ღონისძიება
კორესპონდენტის ცნობით, „დობროარმიამ“ 12 პოლკი გაგზავნა ასტრახანზე იერიშის მისატანად, მათ შორის იყო მაჰმადიან ოსთა შენაერთიც, რომლის მეთაური – პოლკოვნიკი ბელიკოვი – დამარცხების შემდეგ სადგურ პროხლადნაიაში დააპატიმრეს კაზაკებმა.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1-ში ევგენი ჟარკოვსკის ვრცელი სტატია ეძღვნება მუშათა მოძრაობის მიმოხილვას თერგის ოლქში. ავტორი მუშათა მოძრაობის ჩახშობისთვის დენიკინსა და მის გენერლებს „რუსეთის რევოლუციის მესაფლავეებს“ უწოდებს, თუმცა პროლეტარიატის წარუმატებლობის მთავარ მიზეზად ბოლშევიკთა პოლიტიკურ შეცდომებს მიიჩნევს და საუბრობს მათ პასუხისმგებლობაზე მუშათა კლასის წინაშე.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1-ში აჰმედ ცალიგოვის ისტორიული მიმოხილვა ეყრდნობა ისტორიკოსთა (ს. ესაძის, შეპელევის) შრომებსა და საოლქო შტაბის არქივში დაცულ მასალას: შამილის დამარცხებამ და აღმოსავლეთ კავკასიის დაცემამ საბედისწეროდ იმოქმედა დასავლეთ კავკასიაზეც - იმედდაკარგულმა ხალხმა თანდათან იწყეს მორჩილების ფიცის დადება ან თურქეთში გადასახლება. სწორედ ამ ძნელბედობის ჟამს იკისრა მეჯლისმა ისტორიული როლი: დამოუკიდებლობის დასაცავად გააერთიანა დასავლეთკავკასიელ ხალხთა დაუმორჩილებელი ძალები, რომლებმაც იარაღით, საშინაო გარდაქმნებითა და უცხოეთის სახელმწიფოების ყურადღების მიპყრობით სცადეს დაპირისპირებოდნენ დამპყრობლებს.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 თერგის ოლქში მუშათა მოძრაობის დამარცხებაში ბოლშევიკებს ადანაშაულებდა. სტატიის ავტორი ევგენი ჟარკოვსკი აანალიზებდა კომუნისტების შეცდომებს, განსაკუთრებით უარყოფითად აფასებდა ზინოვიევის ავტორიტეტულ განცხადებას: „დრო მხოლოდ კომუნისტთა წისქვილზე ასხამს წყალს“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცი“ მიმოიხილავს დამოუკიდებლობის დასაცავად მეჯლისში გაერთიანებულ დაუმორჩილებელ მთიელთა მრავალმხრივ საქმიანობას: იარაღით ბრძოლაში მთავარი როლი აბაძეხებს ერგოთ, ხოლო დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმართვა უბიხებმა ითავეს. ისინი მხარდაჭერას ეძებდნენ ინგლისსა და თურქეთში: მათ სოხუმში თხოვნით მიმართეს დიდი ბრიტანეთის კონსულ დიქსონს, რათა ინგლისის მთავრობისთვის ეცნობებინა გენერალ ევდოკიმოვის უკანონო ქმედებების შესახებ ჩერქეზეთში.
1919
ტიპი: ავტორობა
ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში, რომელსაც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს, გამორჩეული ადგილი ეთმობა გროზნოს პროლეტარიატის შეცდომებსა და მათ საბედისწერო შედეგებს, სახელდობრ: რევოლუციის დასაწყისში კავკასიელ მთიელებსა და ჯარისკაცებს შორის არსებული კეთილგანწყობა ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავკასიის ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩეჩნებს (გროზნოში) და ინგუშებს (ვლადიკავკაზში) ჟლეტა მოუწყვეს. ვიდრე გროზნოში ჩეჩენთა სახალხო საბჭოს სათავეში ბატონი მუტუშევი ედგა, ეს არასოციალისტი, მაგრამ ლიბერალი ადამიანი ახერხებდა ნებისმიერი არეულობის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე ბატონი ყურუმოვი გამოჩნდა, დაპირისპირება გამწვავდა და ანარქიად გადაიქცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ გადმოსცემს ინგუშთა სოფლების აკლების ამბებს: დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ნაწილებმა უწყვეტი საარტილერიო იერიშით იძულებით ჩაითრიეს უთანასწორო საომარ მოქმედებაში სოფლების, ეკაჟევოსა და სურხის მშვიდობიანი მოსახლეობა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცი“ იუწყება, რომ დენიკინელთა მიერ ინგუშთა ორი აულის, სურხისა და ეკაჟევოს აკლების შემდეგ უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილი მცხოვრებნი ლტოლვილებად მოედვნენ სოფლებს. ამას ზედ დაერთო ქოლერა. საშინელი ეპიდემია ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა. მჭიდროდ თავმოყრილ მოსახლეობაში არ ხერხდებოდა ავადმყოფთა იზოლირება, არ იყო არც ექიმი და არც საჭირო მედიკამენტი, რადგან ბოლშევიკების ხელისუფლების დროს აშენებული საავადმყოფო და ამბულატორია დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) საომარი მოქმედებების დროს განადგურდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) მიერ გამოჩენილი ეკონომიკური სისასტიკისა და მოსახლეობისთვის დაუნდობელი კონტრიბუციების დაწესების შესახებ იუწყებოდა. ინგუშთა აულების, ეკაჟევოსა და სურხის გაძარცვისა და გადაწვის შემდეგ დენიკინელებმა მოსახლეობას დიდი გადასახადები დაუდგინეს.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ჩერქეზთა მეჯლისის საქმიანობის მიმოხილვისას აჰმედ ცალიგოვი აღნიშნავს, რომ საგანგებო სხდომაზე დაადგინეს ელჩების დაგზავნა კონსტანტინოპოლში, პარიზსა და ლონდონში საერთაშორისო პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. კონსტანტინოპოლში გაიგზავნა ელჩობა იზმაილ-ბარაქაი-იფა-ძიაშის ხელმძღვანელობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბერის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, ჯიქები თავიანთი წინამძღოლის რეშიდ გეჩის გავლენით გულგრილად შეხვდნენ 1862 წელს მეჯლისის მიერ გამოცხადებულ საღვთო ომში მებრძოლთა გაგზავნის მოწოდებას აბაძეხების დასახმარებლად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქის მაზრაში მილიციის განყოფილება დააარსა. ხარჯებისა და შტატების შესახებ დეკრეტის შედგენა დამფუძნებელ კრებაში წარსადგენად შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილს დაევალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ 1919 წლის 9 ივლისს მითაიშვილს სთხოვა, დეპეშით ეცნობებინათ ლეჩხუმის მაზრის მცხოვრებთა რიცხვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის კარდენახში, გურჯაანში, ველისციხესა და ანაგაში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის სასწავლებლების სრული გაეროვნების მიზნით გურჯაანის, შრომის, ქვემო მაჩხაანის, ბოდბისხევის, ვაქირის, ანაგის, ბაკურციხისა და ვეჯინის პირველდაწყებით სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების დამატებას გეგმავდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 სექტემბერს თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგე ალექსანდრა ფაღავამ სახალხო განათლების სამინისტროს აუწყა, რომ სემინარიაში მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად ილია ბაკურაძე მიიწვია და სთხოვს თანამდებობაზე მის დამტკიცებას. ხელს აწერენ სემინარიის გამგე ალექსანდრა ფაღავა და საქმისმწარმოებელი ს. ყოყოჩაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობში მოიპოვებოდა შემდეგი ძველი ნივთები: ფოტოგრაფიული სურათების ბლანკები 200 ცალი, პატარა ზომის 300 ცალი, აკაკი წერეთლის სურათი 1 ცალი, ჯგუფების სურათები 5 ცალი, სხვადასხვა სურათები 5 ცალი, გიორგი წერეთლის სურათი 1 ცალი, შოთა რუსთაველის სურათი 1 ცალი, ხელით ნახატი სურათი 1ცალი, სურათი კარგ ჩარჩოში 1 ცალი, სურათი „ტყე“ ტილოზე 1 ცალი, ხატი „საქართველოს დიდება“ ჩარჩოში 1 ცალი, გამოფენის დიპლომი 1 ცალი, ნეგატივები 1000 ცალი, სკამი 7 ცალი, სხვადასხვა სურათები 6 ცალი, რუსული წიგნები 30 ცალი, ჟურნალები „ივერია“, „მნათობი“ 2 ცალი, „საქართველოს მოამბე“ 1 ცალი, სხვადასხვა წიგნები 10 ცალი, გვირვვინი 2 ცალი, კიბე 1 ცალი. ჩამოთვლილი ნივთებიდან ყველა დაიწვა გარდა სკამებისა და ობიექტივისა. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.

