რეგისტრირებული ფაქტები90434
სორტირება თარიღი კლებადობით
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ ივლისის ნომერში (N1) დაბეჭდილი წერილი „საქართველოს საკითხი უცხოეთში“ იუწყება, რომ აკაკი ჩხენკელმა ჩრდილო-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პარიზში გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის მთავრობის მიერ ამერიკული ფირმისთვის ჭიათურის შავი ქვის საკონცესიოდ გაცემის შესახებ. შეერთებული შტატების ელჩმა დაუდასტურა, რომ ნოტა მიღებისთანავე გადაეგზავნა მის მთავრობას ვაშინგტონში.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ ივლისის ნომერში (N1) დაიბეჭდილ წერილში „პერსელის დელეგაცია, საქართველო და ინტერნაციონალი“ მოყვანილია ფრაგმენტები სოციალისტური ინტერნაციონალის მდივნის, ფრიდრიხ ადლერის წიგნაკიდან „ინგლისის დელეგაციის ანგარიშის შესახებ“, რომელშიც განიხილულია ევროპის სოციალისტური საზოგადოებრივი აზრის აღშფოთებას. წიგნის ნაწილი „იმპერიალიზმის გამართლება“ ეხება საქართველოს.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის ჟურნ. „ბრძოლის“ ივლისის ნომერში (N1) დაბეჭდილი ცნობით „ბელგია და საქართველო“, ბელგიის ახალი მთავრობის დეკლარაციის განხილვის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა ემილ ვანდერველდემ განცხადებაში რუსეთის ცნობის შესაძლებლობის შესახებ აღნიშნა, რომ მოლაპარაკების დროს არ დაივიწყებენ ინტერესებს რუსეთში (სამი მილიარდი ოქროს ფრანკი) და საქართველოს რესპუბლიკას, რომელსაც არ სურს სიკვდილი.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის ჟურნ. „ბრძოლის“ ივლისის ნომერში (N1) დაბეჭდილი ცნობით, უცხოეთში ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა პიერ რენოდელის სიტყვა, წარმოთქმული საქართველოს შესახებ საფრანგეთის დეპუტატთა პალატაში 29 იანვარს 1925 წ., ინგლისურად (საქართველოს ს.-დემ. მ. პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს გამოცემა) – „ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია საქართველოში“; ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად – „ინგლისის ტრედუნიონების დელეგაცია და საქართველო“.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ ივლისის ნომრის (N1) ცნობით, საქართველოდან ატყობინებენ, რომ მალე აპირებენ დამკომის წევრების პროცესის გამართვას, ბრალდებულთა რიცხვი 40-ს აღემატება. კოლია ქარცივაძეს, დამკომის ძველი შემადგენლობის (1922 წ.) თავმჯდომარეს, ერთხელ უკვე „მიუსაჯეს“ სამუდამო ციხე და და სასჯელის მოსახდელად რუსეთში გადაიყვანეს, მაგრამ აჯანყების შემდეგ ისევ თბილისის ჩეკაში დააბრუნეს და ხელახლა ასამართლებენ.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ ივლისის ნომერში (N1) დაბეჭდილი ცნობით, საქართველოდან ატყობინებდნენ, რომ მოკლე ხანში აპირებდნენ დამკომის წევრების პროცესის გამართვას. დავით ონიაშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი და ანჯაფარიძე სრულიად დაავადმყოფებულნი არიან ნერვებით.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ ივლისის ნომერში (N1) დაბეჭდილი „დამოუკიდებლობის კომიტეტის პროცესის“ მიხედვით, „როსტაი“ ევროპის პრესას აუწყებდა, რომ ჩეკამ დაასრულა დამკომის წევრების საქმის „გამოძიება“, საქართველოდან კი ატყობინებდნენ, რომ მალე აპირებდნენ დამკომის (40-ზე მეტი) წევრების პროცესის გამართვას. დიდი უმრავლესობა ძველი პარტიული მოღვაწე იყო, მათ შორის: აფთონ წულაძე, კირილე ნინიძე, კოლია ქარცივაძე, დავით ონიაშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი, გიზო ანჯაფარიძე და სხვ.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 23 ივნისს „ტაიმსში“ გამოქვეყნდა მოწოდება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს კომიტეტი“ (თავმჯდომარე მისტერ ს. ე. მორისი) საქართველოში მოსკოვის წითელი არმიის შემოსევის შემდეგ დაარსდა, რათა საზოგადოებრივი აზრის ყურადღება მიეპყროთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განადგურებისთვის, ახლა აპირებენ კომიტეტის საზოგადოებად გადაქცევას და „საქართველოს მეგობრების“ დარქმევას.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის 7 ივნისს ბათუმში, „გოროდოკში“, დააპატიმრეს კოწია სულაქველიძე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ძველი მოღვაწე.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის 27 აპრილს დიდუბის მწერალთა პანთეონში დაკრძალეს ალექსი მირიანაშვილი.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის 21 აპრილს დაპატიმრებული მუსავატელი გიულ ახმედოვი 1927 წლამდე ძიების ქვეშ იმყოფებოდა.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის 27 მარტის საგანგებო კომისიის დადგენილებით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ანტიპარტიულ მუშაობას ეწეოდა და შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდა. იგი ვასილ კიკვაძესა და გრიგოლ ურუშაძესთან ერთად დახვრიტეს.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, ვარლამ ბურჯანაძემ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურეს, გრიგოლ ბურჭულაძეს მისწერა, რომ, რადგან საცხოვრებლად თბილისში გადმოდიოდა, თელავში კი მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, წიგნები ან უნდა გაეყიდა, ან თბილისში გაეგზავნა.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის 25 მარტს სერგო ყურულიშვილი ვარშავის ცერტრში, ერთ-ერთ კაფეში, ეჭვიანობის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 25 თებერვალს თბილისში ფილიპე მახარაძის მიერ გახსნილ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნაზე იმსჯელეს.

