საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90205

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძემ გამგეობას მისთვის მისაცემი 2 850 000 მანეთის სანაცვლოდ წიგნები სთხოვა 20%-იანი ფასდაკლებით. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნინო იოსების ასული ნაკაშიძე გამგეობის თავმჯდომარის, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის მოადგილედ აირჩიეს.

1912

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრმა იაკობ გოგებაშვილმა (გარდაიცვალა 1912 წლის 1 ივნისს) ნოტარიუსის მიერ 1912 წლის 22 ნოემბერს დამტკიცებული ორი ანდერძი დატოვა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაისვა საზოგადოების წიგნის მაღაზიის დახურვის საკითხი. გამგეობამ მისი განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე გამგეობის მდივნად აირჩიეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძეს გამგეობამ გასათავისუფლებელი თანამშრომლებისთვის გადასახდელი თანხის დადგენა დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის დახურვის საკითხზე ცეკავშირთან მოლაპარაკებების წარმოება იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძესა და შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილს დაევალათ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო რაჟდენ გლახუას ძე დუმბაძე, მოადგილე – იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, მდივანი და ხაზინადარი – მოსე ივლიანეს ძე სულუხია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 მარტს ოზურგეთში გამართულ რაიონულ კრებაზე გ. თოთიბაძემ მასწავლებელთა დაბალი ხელფასის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. დაბალი ანაზღაურების გასაპროტესტებლად გაფიცული იყო ხიდისთავის საშუალო სკოლა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებას, რომელიც იასონ ლორთქიფანიძემ გახსნა, ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი და შალვა ქარუმიძე.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 სექტემბერს კავკავში გარდაცვლილმა აზნაურმა სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ თბილისის სასულიერო სემინარიას ანდერძით დაუტოვა 400 თუმანი, რომლის სარგებლიდანაც 40 თუმანი უნდა მოხმარებოდათ ღარიბი მღვდლის შვილებს; პირველი შინაგანი სესხის 5%-იანი მომგები ბილეთი შესწირა კავკავის ქართულ სკოლას, ათ-ათი თუმანი – თბილისის გუბერნიის რამდენიმე მონასტერს. ს. საყვარელიძემ არც თავისი ღარიბი ნათესავები დატოვა უყურადღებოდ – ცოტაოდენი ფული ყველას უანდერძა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს, ი. იუზბაშევის ტკბილეულის მაღაზიის გახსნის 50 წლის აღსანიშნავად, ფირმამ დაამზადა 150 გირვანქა კანფეტი. პროდუქციას „წინამძღვარიანთ კარის კონფექტები“ უწოდეს, რადგან შემოსავალი სწორედ წინამძღვრიანთკარს შესწირეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 23 მარტს ვლადიკავკაზში აღნიშნეს მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის თერგის მაზრის უფროსად დანიშვნის 10 წლისთავი. თერგის მაზრის ქალაქებმა და საზოგადოებამ შეკრიბა ფული ლორის-მელიქოვის სახელზე სტიპენდიების დასანიშნად და სასწავლებლების გასამართავად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე აირჩიეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის დროებით მდივნად პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა აირჩიეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადრად კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე აირჩიეს.

1918

ტიპი: განათლება

სალომე ბერეჟიანმა დაასრულა პეტროგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განსვენებული ეგორ იაგორის ძე ფრიდონოვის დანატოვარი თანხიდან ხელოსანთა გასათხოვარი ქალებისთვის უნდა მიეცათ 11-11 თუმანი და 4 მანეთი. ერთ წელიწადს ხელოსნები თუ ღარიბ სომეხ ქალს შეარჩევდნენ, მეორე წელიწადს თანხა ქართველისთვის უნდა მიეცათ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში, ერევნის მოედანზე, იყიდებოდა „კონფექტები რუსთაველი“. თითოეული შეხვეული იყო ქაღალდში, რომელზეც „ვეფხისტყაოსნის“ საუკეთესო, ანდაზებად ქცეული სტრიქონები იყო დაბეჭდილი. კანფეტები დაამზადა კონდიტერმა ი. იუზბაშევმა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წელს ევსევი ალექსანდრეს ძე ბეგთაბეგოვი გარდაიცვალა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 6 ივნისს მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში უნდა გადაეხადათ ევსევი ალექსანდრეს ძე ბეგთაბეგოვის პანაშვიდი. გარდაცვლილის და, ნინო ალექსანდრეს ასული ბეგთაბეგოვი, ძმის სახსოვრად მიხეილის საავადმყოფოს ყოველწლიურად სწირავდა 1 000 მანეთს. საავადმყოფოს ღარიბი ავადმყოფებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეყიდა და გზის ფულიც მიეცა, თუ მათ სახლში დასაბრუნებელი თანხა არ ჰქონდათ.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წელს განჯაში ვაჭარი იაკობ სვიმონის ძე ნოდია გარდაიცვალა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი იაკობ სვიმონის ძე ნოდია თვეობით ინახავდა განჯაში ჩასულ ქართველებს, ჰქონდა ქართული წიგნსაცავი და იყო ქართული წიგნის მაღაზიის აგენტი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს გორის საპატიმროს მღვდლის, ტერ-ეღიშე ტერ სააკოვის ცნობით, ქვრივმა თალიკო ესტატეს ასულმა ფალავანდიშვილისამ პატიმართა წიგნსაცავს 7 ქართული წიგნი და 3 მანეთი შესწირა. ქვრივმა  პატიმრებს ასევე გარდაცვლილი მეუღლის, თ. ივ. ფალავანდიშვილის სულის მოსახსენიებლად ძროხა, ცხვარი და პური გაუგზავნა.