რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა ლადიკო გოგოლაშვილისას წერილი რედაქციის მიმართ, რომელშიც მადლობას უხდიდა იმ პირებს, ვინც ხელი შეუწყო 11 ივნისს კვირიკე-ზემოხეთში ნინოშვილის საღამოს გამართვას. ესენი იყვნენ: პუპი ბროკიშვილისა, ელენიჩკა ჭილაძისა, სოფიო ბერსენაძე-ბროკიშვილისა, მელქისადე მარშანია და ბესო ნიკოლაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა შეცდომების გასწორება. რედაქცია იუწყებოდა, რომ გაზეთის N 14-ში შეცდომით იყო დასტამბული შემოწირულობა 4 მან. 50 კაპ. დავით მელქაძისგან, უნდა ყოფილიყო: ნინა ივანეს ასული მელქაძისა, რომელმაც გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად 4 მან. 50 კაპ შესწირა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 გამოქვეყნდა „მოწოდება ძველი რევოლუციონერებისა“. ძველი რევოლუციონერების ჯგუფი მოწოდებით მიმართავს რუსეთის მოქალაქეებს, რომ რუსეთის რევოლუციას და თვით რუსეთს საშიშროება ემუქრება, რადგან აგიტაცია და შეთქმულება წარმოშობს არეულობას ზურგში და ღალატს ფრონტზე. რევოლუციისა და ქვეყნის გადასარჩენად მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ გადაწყვიტა მიმართოს განსაკუთრებულ ზომებს. მათ აღჭურვეს უაღრესი უფლებით დროებითი მთავრობა ა. ფ. კერენსკის თავმჯდომარეობის ქვეშ, მისცეს სრული უფლება და გამოაცხადეს ის რევოლუციის მხსნელ მთავრობად. დამფუძნებელი კრების მოწვევამდე დროებითი მთავრობა ერთადერთი უფლებამოსილი მთავრობაა და ერთადერთი მმართველი რუსეთისა. დღეიდან ყველამ უნდა დაივიწყოს პარტიული კამათი და გაერთიანდნენ განურჩევლად პარტიისა და კლასისა მტრის წინააღმდეგ ერთი მიზნისთვის, სამშობლოს გადასარჩენად. მოწოდებას ხელს აწერენ: ა. არგუნოვი, ე. ბრეშკო-ბრეშკოვსკაია, ლ. ბულანოვი, ლ. დეიჩი, მ. ვ. ნოვორუსკი, ვ. პანკრატოვი, გ. ვ. პლეხანოვი, ა. მ. პრუგანოვი, ვ. ფიგნერი, ნ. ვ. ჩაიკოვსკი, ვ. ჩენოვი და სხვა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 „პირველი სუფრაჟისტკას“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალებით ვაჭრობა“. ავტორი ლაპარაკობს ქალების გაყიდვაზე, რომელიც ისე კარგად არის ორგანიზებული, რომ მასთან ბრძოლა ძალიან უჭირს 1910 წელს დაარსებულ ქალთა მფარველ ორგანიზაციას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N17 ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტს 32 ვაგონი საკლავი საქონელი მოუვიდა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N17) იუწყება, სოციალ-ფედერალისტების პარტიის ლიდერის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის გარდაცვალებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N17 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ დროებითი მთავრობის დადგენილებით, ომის დროს შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება ეძლევა დახუროს ან აკრძალოს ყოველგვარი კრება და ყრილობა, რომელიც სამხედრო საქმის საზიანოდ ჩაითვლება, ან სახელმწიფოს რაიმე საშიშროებას უქადის.

