საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88284

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ 1829 წლის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ოცდამეცხრამეტე ნომერში ივანე ეგორის ძე პაროტს გამოუქვეყნებია ნარკვევი, სადაც აღუწერია თავისი მეორე აღმასვლა არარატის მთაზე და უხსენებია დაბა არგურის უხუცესი სტეფან მელიკო, ვინც ამ აღმასვლის მოწმე ყოფილა. სწორედ ამ კაცის, როგორც პაროტის ექსპედიციის წარუმატებლობის მთავარი მოწმის სიტყვებს ეყრდნობოდა ი. შოპენი თავის სტატიაში, სადაც უარყოფდა პაროტის მიერ არარატის დალაშქვრას.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. პაროტი წერდა, რომ მისი ექსპედიციის არარატზე ასვლის დროზე, მწვერვალის მდგომარეობასა და თვით პაროტის იქ ყოფნის შესახებ მას არაერთხელ მოუყოლია და არაერთი ცნობაც მიუწოდებია პერიოდული გამოცემებისათვის, ხოლო დაწვრილებით ამის შესახებ საუბარს იგი თავისი მოგზაურობის აღწერაში აპირებდა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, ახალციხის მხარის მმართველ თედორე კარლის ძე დრეშერნს სამი ადგილობრივი ეკლესიის (ერთი ბერძნულ-ქართულისა და ორი სომხურის) კურთხევის დღედ გამოუცხადებია 1830 წლის 15 აგვისტო, რუსთა მიერ ახალციხის აღების დღე.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს ამიერკავკასიაში გაუხსნია სკოლა, რომელიც ერთადერთი იყო იმ რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში. სკოლა სამას ბავშვზე ყოფილა გათვლილი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ამიერკავკასიის მხარისთვის გაცემული 5 მილიონი რუბლიდან ნაწილი მოხმარდებოდა კომუნიკაციის საშუალებების კეთილმოწყობას.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავარმართებელი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი შუამდგომლობდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის წინაშე ამიერკავკასიის მხარისათვის გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის თაობაზე.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის განკარგულებით ამიერკავკასიის მხარეს 5 მილიონი რუბლი გადაეცა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა, რომ 1830 წელს ანდრეი დიმიტრის ძე უსოვი ახალციხის დროებითი მთავრობის წევრი იყო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, ახალციხის დროებითი მთავრობის წევრ, ოცდამერვე ეგერთა პოლკის შტაბს-კაპიტან ანდრეი დიმიტრის ძე უსოვს გადაუწყვეტია, შეწევნოდა მაჰმადიანების მიერ არაერთხელ დარბეულ ეკლესიას. მას ფული გადაუგზავნია მოსკოველ ვაჭარ ივანე ვასილის ძე ჩეტვერიკოვისათვის და უთხოვია ამ თანხით ახალციხის ეკლესიისათვის ხატების შეკვეთა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ 1829 წელს ახალციხის მხარის მმართველი იყო პოლკოვნიკი თედორე კარლის ძე დრეშერნი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ ახალციხის ეკლესიის დეკანოზ იოსებ ორბელიანოვს ოთხასამდე მაჰმადიანის გაქრისტიანებისათვის მთავრობისაგან მიუღია გასამრჯელო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემლ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ დეკანოზ იოსებ ორბელიანოვს ჰონორარით, რომელიც მან ოთხასამდე მაჰმადიანის გაქრისტიანებისათვის მიიღო მთავრობისაგან, ახალციხის ეკლესიისათვის შეუძენია სახარება.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილიდან ირკვევა, რომ ახალციხის ბერძნულ-ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღასრულებდა დეკანოზი იოსებ ორბელიანოვი.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 მარტის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ თბილისის გიმნაზიის დირექტორი იყო გრუბერი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილ თავის შენიშვნაში გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პ. სანკოვსკი აღნიშნავდა, რომ თბილისში ფუნქციონირებდა ქალთა კერძო პანსიონი, სადაც განათლებას იღებდა 17 აღსაზრდელი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილ თავის შენიშვნაში გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პ. სანკოვსკი აღნიშნავდა, რომ თბილისის გიმნაზიასთან განლაგებულ კეთილშობილთა პანსიონში იმ დროისათვის 70 მოწაფე სწავლობდა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისში ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიიის გახსნას, მისი მოქმედების არეალსა და პერსპექტივებს. სტატიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდიდა იმ მშობლებს, ვისაც თავიანთი შვილები თბილისის გიმნაზიაში ჰყავდა მიბარებული, განათლების საქმე ამით დიდად არ განვითარებულა. ამ აზრს გამოეხმაურა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკი თავისი შენიშვნით, სადაც წერდა, რომ მშობელთა „წახალისების“ წესი გაუქმებული ყოფილა, ხოლო ამიერკავკასიაში სასწავლებელთა კეთილმოწყობამ თბილისის გიმნაზიის დირექტორის, გრუბერის დიდი ძალისხმევისა და ზრუნვის შედეგად, ერთი-ორად გაზარდა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა ასეთი ტიპის დაწესებულებათა მიმართ.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის 14 მარტს სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ამაშუკელი გარდაიცვალა.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის 9 მარტს სამტრედიის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოანე რევიშვილი გარდაიცვალა.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე ივანე შადინოვი. მან 70 ფუთი აბრეშუმი წაიღო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე სტეფანე ამიროვი, რომელსაც თან ჰქონია კვერნის 200 და წავის 263 ბეწვი და კიდევ მრავალი სხვა საქონელი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს საქართველოდან რუსეთში სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე დავით თამამშევი, რომელსაც 35 ფუთი აბრეშუმი წაუღია გასაყიდად.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ამიერკავკასიის ახლად გახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: ვ. ე. სტრემოუხოვი, გენერალ-მაიორი ვასილ იაკობის ძე რენენკამპფი, პოლკოვნიკი ლემანი.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ გენერალ-ლეიტენანტი გიორგი იესეს ძე ერისთავი რუსეთის სამთავრობო სენატის წევრი იყო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ეგორ ფრანცის ძე კანკრინმა და საქართველოს მთავარმართებელმა ივანე თედორეს ძე პასკევიჩ-ერევანსკიმ იშუამდგომლეს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის წინაშე ამიერკავკასიაში სავაჭრო კომპანიის გახსნის თაობაზე.