რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
„ვოლნი გორეცის“ 1919 წლის N4 ბეჭდავს გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნებულ „დობროარმიის“ რელაციას ჩრდილო კავკასიიდან: პოლკოვნიკი ზაპოროჟეცი პიატიგორსკიდან ატყობინებს გენერალ ლაზარევის შტაბს კრასნოვოდსკში, რომ 6 სექტემბერს რუსულმა მხარემ ჯავშნოსანი მატარებლის მეშვეობით ჩაშალა მოწინააღმდეგის მცდელობა - აეყარათ რკინიგზის ლიანდაგი ხასავ-იურთთან.
1919
ტიპი: ღონისძიება
კრასნოვოდსკში გენერალ ლაზარევს ატყობინებენ 20 სექტემბერს დერბენტთან გამართული ბრძოლის პერიპეტიებს, ასევე ამცნობენ აგენტურის მონაცემებს, რომლის თანახმადაც, საქართველოდან და ინგუშეთიდან ადგილობრივი 60 და 30 გერმანელი ოფიცერი გაიგზავნა თანხითა და შეიარაღებით აჯანყებული დაღესტნის დასახმარებლად, - გაზეთ „აზერბაიჯანის“ ინფორმაციას ბეჭდავს „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 6 ოქტომბრის N4.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 6 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი მხატვრების, მუსიკოსებისა და ლიტერატორების მიერ შექმნილი კლუბის წევრი გახდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფათალი ხან ხოისკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მთავრობის სახელით საზავო კონფერენციის უმაღლესი კომისრის, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელისთვის გაგზავნილი ნოტის ასლი გაუგზავნა. დეპეშაში ფათალი ხან ხოისკი ჰასკელს „დობროარმიის“ მიერ დაღესტანში დატრიალებული ტრაგედიის გამო შექმნილი კონფლიქტის მოგვარებას სთხოვდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ამერიკული არმიის შტაბის უფროსი, გენერალი ჰარბორდი ხანმოკლე ვიზიტით ჩამოდიოდა საქართველოში. პრეზიდენტ უილსონის დავალებით მას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში უნდა მომეზადებინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ნაკაშიძე, ი. ვართაგავა, ს. იაშვილი, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაიორ ცხაკაიას მოხსენება სამოსწავლო- გეოგრაფიული ატლასის ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ. მასალა შეიცავდა 22 რუქას: ნახევარი სფეროები, ზღვის დენა, მსოფლიო რუქა, ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, შეერთებული შტატები. აფრიკა, ავსტრალია და სხვა. გამგეობამ პრინციპულად სასურველად აღიარა ქართულ ენაზე გეოგრაფიული რუქების/ატლასის გამოცემა. წარმოდგენილი შრომა გადასცეს სპეციალურ კომისიას განსახილველად და თუ კომისია მოიწონებდა, წარუდგენდენ განათლების სამინისტროს და სთხოვდნენ გამოსაცემად 100000 მანეთამდე სუბსიდიას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის ერობის გამგეობის წინადადება ატენის, წინარეხისა და ვარიანის სკოლების ჩაბარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, დაევალებინა ვ. ბურჯანაძისთვის სკოლების ერობისთვის გადაბარების საკითხი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მდივნის, დავით კარიჭაშვილის განცხადება შემდეგი წიგნების დაბეჭდვის შესახებ: შიო მღვიმელის საბავშვო მოთხრობები, დავით კლდიაშვილის მოთხრობების I ნაწილი, ილია ჭავჭავაძის თხზულებანი ერთ წიგნად და ცალ6-ცალკე, ალექსანდრე ხახანაშვილის მე-XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, საქართველოს გეოგრაფიული ნომენკლატურა, გიორგი ნათაძის „ინგლისის ისტორია“, ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, ეგნატე ხრამელაშვილის არითმეტიკის სახელმძღვანელო და ელიოზიშვილის „ჭუქი“. გამგეობამ სია დაამტკიცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჩალოს მაზრის ერობის გამგეობის წევრ შარიფოვის თხოვნა, გაიგზავნოს წარმომადგენელი სკოლების ჩასაბარებლად. გამგეობამ სკოლების ჩაბარება ვარლამ ბურჯანაძეს მიანდო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგისა და პედაგოგის, იასონ ალექსიშვილის თხოვნა სკოლისთვის საჭირო წიგნების ნისიად (ათასი მანეთის) გადაცემის შესახებ. მას თავდებობდა შიო დედაბრიშვილი. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა დ. ქუთათელაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1-ლი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საქმისმწარმოებლად დაინიშნა ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე, რადგან ის ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის („სინათლე“) რეორგანიზაციის შედეგად შტატგარეშედ დარჩა. ფაქტი ხელმოწერით ვლადიმერ აბაშიძემ დაადასტურა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბერს თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორი სწერს სახალხო განათლების სამინისტროს, რომ უგზავნის მისდამი რწმუნებული გიმნაზიის საოჯახო კომიტეტის ოქმიდან ამონაწერს დასამტკიცებლად და სთხოვს ნებართვას, მასწავლებელ ი. გძელიშვილისთვის 500 მანეთის გამოწერის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი და გრანდი საოპერო სეზონის გახსნაზე იყვნენ და ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმნილი საოპერო წარმოდგენა „აბესალომ და ეთერი“ ნახეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 4 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი ძველმა მეგობარმა, საეკლესიო მუსიკის მკვლევარმა ვასილ კარბელაშვილმა ინახულა და ეკლესიის ამბებს მოუყვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ოქტომბერში რომის პაპის წარმომადგენელი ანტონ დელფუშე დაბა უდის გვარდიის უფროს პ. რუხაძის, ფოსტის უფროს ყანჩაველისა და 40 გვარდიელის თანხლებით არალში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 3 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რაჭაში დააპატიმრეს ბოლშევიკები: წულუკიძე, კბილაძე, გოსექიშვილი და სხვ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს აცნობებენ, რომ მისი შუამდგომლობა მასწავლებელ გიორგი ანდრიაძის ოზურგეთის გიმნაზიიდან თავის გიმნაზიაში გადაყვანის შესახებ დაკმაყოფილებული არ არის.
1919
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო ბანკის დაარსებასთან დაკავშირებულ მოხსენებაში დიომიდე თოფურიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ბანკი, რომელსაც ძირითად ფულს მისცემს სახელმწიფო, ხოლო მართვა-გამგეობა მოეწყობა დამოუკიდებლად. ბანკის გამგეს აირჩევს დამფუძნებელი კრება, ხოლო წევრებს, გამგის წარდგინებით, დაამტკიცებს პარლამენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ წესდებაში, რომელიც რუსეთის ბანკისგან მიიღეს, ცვლილებები უკვე შეტანილი იყო. მუხლობრივი განხილვის მოწყობა კი მომავლისთვის დაიგეგმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა გენერალი ჯეიმს ჰარბორდი. იგი კავკასიასა და მცირე აზიაში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, უილსონის დავალებით მოგზაურობდა.

