რეგისტრირებული ფაქტები88146
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგეს ილია ბაკურაძის საბუთების გაგზავნა სთხოვეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 9 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქის მაზრაში მილიციის განყოფილება დააარსა. ხარჯებისა და შტატების შესახებ დეკრეტის შედგენა დამფუძნებელ კრებაში წარსადგენად შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილს დაევალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ 1919 წლის 9 ივლისს მითაიშვილს სთხოვა, დეპეშით ეცნობებინათ ლეჩხუმის მაზრის მცხოვრებთა რიცხვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის კარდენახში, გურჯაანში, ველისციხესა და ანაგაში უმაღლესი დაწყებითი სკოლების გახსნას გეგმავდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის სასწავლებლების სრული გაეროვნების მიზნით გურჯაანის, შრომის, ქვემო მაჩხაანის, ბოდბისხევის, ვაქირის, ანაგის, ბაკურციხისა და ვეჯინის პირველდაწყებით სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების დამატებას გეგმავდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 9 სექტემბერს თბილისის თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგე ალექსანდრა ფაღავამ სახალხო განათლების სამინისტროს აუწყა, რომ სემინარიაში მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად ილია ბაკურაძე მიიწვია და სთხოვს თანამდებობაზე მის დამტკიცებას. ხელს აწერენ სემინარიის გამგე ალექსანდრა ფაღავა და საქმისმწარმოებელი ს. ყოყოჩაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობში მოიპოვებოდა შემდეგი ძველი ნივთები: ფოტოგრაფიული სურათების ბლანკები 200 ცალი, პატარა ზომის 300 ცალი, აკაკი წერეთლის სურათი 1 ცალი, ჯგუფების სურათები 5 ცალი, სხვადასხვა სურათები 5 ცალი, გიორგი წერეთლის სურათი 1 ცალი, შოთა რუსთაველის სურათი 1 ცალი, ხელით ნახატი სურათი 1ცალი, სურათი კარგ ჩარჩოში 1 ცალი, სურათი „ტყე“ ტილოზე 1 ცალი, ხატი „საქართველოს დიდება“ ჩარჩოში 1 ცალი, გამოფენის დიპლომი 1 ცალი, ნეგატივები 1000 ცალი, სკამი 7 ცალი, სხვადასხვა სურათები 6 ცალი, რუსული წიგნები 30 ცალი, ჟურნალები „ივერია“, „მნათობი“ 2 ცალი, „საქართველოს მოამბე“ 1 ცალი, სხვადასხვა წიგნები 10 ცალი, გვირვვინი 2 ცალი, კიბე 1 ცალი. ჩამოთვლილი ნივთებიდან ყველა დაიწვა გარდა სკამებისა და ობიექტივისა. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას (ქუთაისი „სინათლის" ქალთა გიმნაზია) N9 და N170 ატესტატების გარდა ყველა მოწმობა დაუბრუნა. ატესტატები სამინისტროს კანცელარიაში დაიტოვეს. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ალ. გვახარია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი კონსტანტინე გაბარაშვილი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვს, თანამდებობაზე დაამტკიცოს მისდამი რწმუნებული გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი ელისაბედ დავითის ასული აბდუშელიშვილის ასული, 21 მაისის N183 შუამდგომლობის თანახმად. ხელს აწერს საქმისმწარმოებელი მღ. კონსტანტინე გიორგიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე კორეპონდენტთან ინტერვიუში მთიელთა რესპუბლიკის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობდა. ქართველი პოლიტიკოსი ინტერვიუში კავკასიელ მთიელთა ისტორიულ თავისუფლებისმოყვარეობასა და ბრძოლისუნარიანობას აღნიშნავდა და ამის საუკეთესო ნიმუშად იმამ შამილს მიიჩნევდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ალ. ლომთათიძე პასუხობს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ (1919 წლის 8 სექტემბერი, N1) კორესპონდენტის შეკითხვებს მთიელთა რესპუბლიკის შექმნის შესაძლებლობაზე: მიუხედავად იმისა, რომ მთიელები საკმაოდ დაცილებული არიან ევროპულ კულტურას, თუკი მათ მიეცემოდათ საკუთარი ბედის გამგებლობის საშუალება, თანდაყოლილი ჭკუა-გონების წყალობით ისინი სწრაფად შეძლებდნენ საერთო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომას.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 8 სექტემბრის N1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ა. ლომთათიძემ განაცხადა, რომ ჩრდილოკავკასიელ მთიელებს ყველა ბუნებრივი მონაცემი აქვთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეკონომიკის გასავითარებლად: მთაც, ზღვაც, დაბლობიც.მთიელები შეუდგნენ კიდეც აგრარული რეფორმების გატარებას, მაგრამ კომუნისტური ექსპერიმენტების ბაკქანალიამ ქაოსში დანთქა ყველაფერი.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის 8 სექტემბრის N1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ა.ლომთათიძე აღნიშნავს ჩრდილიკავკასიელ მთიელთა გამორჩეულ როლს ერთიანი, დამოუკიდებელი კავკასიის შექმნაში და დასძენს, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკებთან სწორი modus vivendi-ს გამონახვის შემთხვევაში მთიელთა ახალშექმნილ სახელმწიფოს წარმატებული მომავალი ელის.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ "ვოლნი გორეცის" 1919 წლის №1 პრესის მიმოხილვის რუბრიკაში ეხება "ტერსკი კაზაკის" ("თერგის კაზაკის") №134-ში გამოქვეყნებულ ინგუშების განმაქიქებელ სტატიას და ძველ პროვოკატორს უწოდებს მის ავტორს - გიორგი ტკაჩოვს, რომელიც აღუშფოთებია იმ ფაქტს,რომ თერგის ოლქში კაზაკების მიერ შევიწროებულმა ინგუშებმა დასახმარებლად მემორანდუმით მიმართეს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. სწორედ ამის გამო დაესხა თავს გ. ტკაჩოვი რუსული "სამართლიანობით" გულგატეხილ ინგუშებს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8ი სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში ვ. ჯუღელმა განაცხადა, რომ მრავალი დამაბრკოლებელი გარემოების მიუხედავად, მთიელთა სახელმწიფოებრივი არსებობის საკითხი დადებითად უნდა გადაწყვეტილიყო, რითაც საქართველოს ჩრდილოკავკასიელი მეზობლები მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ რევოლუციის მონაპოვრის დაცვაში.
1919
ტიპი: ავტორობა
ვ. ჯუღელის აზრით, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მარცხის მიზეზი საძებნია იმგვარი სამხედრო-პოლიტიკური ცენტრის არარსებობაში, რომელიც ერთ მუშტად შეკრავდა დაქსაქსულ დემოკრატიულ ძალებს. ქართული გვარდიის მეთაურს მთიელთა ამოცანად სწორედ ასეთი ცენტრის შექმნა მიაჩნია, მათი დახმარება კი ამიერკავკასიის დემოკრატიული რესპუბლიკების ამოცანად ესახება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში სპირიდონ კედია საუბრობდა, თუ რამდენად რეალურად ესახებოდა მთიელთა რესპუბლიკის აღდგენის შესაძლებლობა. ის აღნიშნავდა, რომ სწორედ ჩრდილოკავკასიელთა შეუპოვარმა ბრძოლამ ხან ბოლშევიკებისა და ხანაც დენიკინელთა რეაქციის წინააღმდეგ შესრულა იმ ფარის როლი, რომელმაც ამიერკავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა დაიცვა რუსეთის ურდოების მიერ განადგურებისგან. ს.კედია იმედოვნებდა, რომ თავისუფლებისმოყვარე მოძმე მთიელები დაიბრუნებდნენ დაკარგულ დამოუკიდებლობას, რაშიც ქართველი ხალხი მათ შეძლებისამებრ დაეხმარებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეის სტატია ეძღვნება I მსოფლიო ომის არსის ანალიზს, მის პოლიტიკურ-ეკონომიკურ წანამძღვრებსა და ფაზებს. ავტორი საუბრობს იმ სავალალო ვითარებაზე, რომელშიც აღმოჩნდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მთიელები, რომელთაც წაართვეს ნეიტრალიტეტი და ახლა ძალით ითრევენ მსოფლიო ომში მათთვის მიუღებელი იდეალებისთვის საბრძოლველად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეი აანალიზებს ჩრდილოკავკასიელ მთიელთა თვითგამორკვევასთან დაკავშირებულ სირთულეებს საერთაშორისო ვითარების კონტექსტში: მართალია, I მსოფლიო ომის მეორე ფაზა ანტანტამ დაასრულა გერმანიის დამარცხებით, რასაც დიდად შეუწყო ხელი უილსონის 14-პუნქტიანმა ლოზუნგმა "მცირერიცხოვან ხალხთა თვითგამორკვევის შესახებ", თუმცა ინგლისმა უილსონის დაპირებები ფარატინა ქაღალდად აქცია.
1919
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს საკუთარი კორესპონდენტის (ხელს აწერს - М) ინფორმაციას ინგუშეთიდან: თებერვლის სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ გენერალ ლიახოვის ხიშტებით დამორჩილებულმა ინგუშებმა მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნის შესრულება აღუთქვეს მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლებას, მაგრამ ინგუშეთს აღარც კონტრიბუციის სრულად გადახდის უნარი შესწევდა და აღარც მოლაშქრეთა გამოყვანა შეეძლო ბოლშევიკებთან საბრძოლველად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტ М-ის ცნობით, ვინაიდან დენიკინელებს ძალიან სჭირდებოდათ ცოცხალი ძალა, მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლება ცდილობდა ინგუშეთის მმართველის, მალსაგოვისა და მისი ოფიცრების მეშვეობით დაეჩქარებინა ინგუშ მოხალისეთა მობილიზება, მაგრამ – უშედეგოდ. გათიშვის ნაცადმა პოლიტიკამაც ინგუშთა მხოლოდ იმ ნაწილში გაჭრა (კანტიშევო, ბაზორკინო, დალაქო), რომელმაც თებერვლის სისხლიანი დღეების სიმწარე იწვნია: დაშინებულმა და საკუთარი ძალების რწმენადაკარგულმა მოსახლეობამ კარგად იცოდა, რაც ელოდა კაზაკებთან და „დობროარმიასთან“ კონფლიქტის შემთხვევაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის „ვოლნი გორეცი“ №1 საკუთარი კორესპონდენტის მიერ ინგუშეთიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ დენიკინელთა მცდელობამ, ადგილობრივი მოლაშქრეების ხარჯზე შეევსოთ მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) შეთხელებული რიგები, მხოლოდ იმ მხარეში გამოიღო შედეგი, სადაც მოსახლეობა დაშინებული იყო თებერვლის სისხლიანი მოვლენებით. ინგუშეთის სხვა კუთხეებში კი თეთრგვარდიელთა პროვოკაციული საქმიანობა უშედეგო აღმოჩნდა: აქ ხალხის კეთილგანწყობა ანტიდენიკინური ძალების მხარეს იყო. ამასთან, ინგუშებმა მტრის გამთიშველი პოლიტიკის საპირწონედ შექმნეს შარიათის პოლკი, ფაქტობრივად, შარიათის სასამართლო, რომელიც რეალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა და რომელმაც ინგუშეთში სანიმუშო მართლწესრიგი დაამყარა.

