საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელშიც ის წერდა, რუსეთის მთავრობას მიაჩნდა, რომ ბერძნების მიერ იერუსალიმში მდებარე ქართული მონასტრებისა და მამულების გაყიდვა რუსეთის უფლებების დარღვევა იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის პატივსაცემად გამართულ საღამოზე ზუგდიდის მაზრიდან მიიწვიეს მელიტონ კაციას ძე დადიანი და მისი ქალიშვილი. საღამოზე დასასწრებად მას უნდა გადაეხადა მამაკაცებისთვის დაწესებული გადასახადი 15 რუბლი, რომელიც აანაზღაურებდა ქუთაისში საიმპერატორო ოჯახის სტუმრობის ხარჯებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ბაღში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის პატივსაცემად გამართულ საღამოზე დასასწრებად სენაკის მაზრიდან ელენე სამსონის ასული შერვაშიძე მიიწვიეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 31 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოცდაჩვიდმეტი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც დავით გიორგის ძე ერისთავის პიესები თბილისის თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგინეს და იუბილეს აღსანიშნავად 2 იანვარს ქართული დრამატული დასი წარმოდგენას გამართავდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 29 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი წერდა, რომ მას შემდეგ რაც მამაკაცებს ომში სიარული აღარ უწევდათ საშუალება მიეცათ თავიანთ სახლ-კარზე ეზრუნათ, თუმცა რადგანაც ხშირად იბრძოდნენ და სახლიდან მოშორებით იყვნენ, არაფერი გაეგებოდათ საოჯახო საქმეების. ამის გამო, კვლავ ქალს უწევდა ყველა საშინაო საქმის მოგვარება და ეს მათ მოვალეობადაც კი ითვლებოდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს მარიამ ვლადიმერის ასულ ადლერბერგთან ორი შვილი 11 წლის ვაჟი და 8 წლის ქალიშვილი ჰყავდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Московскія Вѣдомости“ წერდა, რომ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის დედა ეკატერინე ალექსანდრეს ასული ჭავჭავაძე იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძეზე თავდასხმის დასაგეგმად წიწამურში პავლე ფშავლიშვილს მიაკითხეს გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილმა, ივანე სოლომონის ძე ინაშვილმა, გიგოლა ბერბიჭაშვილმა და „ვიღაც იმერელმა“, სავარაუდოდ, ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილმა.

1941

ტიპი: ნასამართლეობა

1941 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიგოლა ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იგი წლების განმავლობაში იმალებოდა. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში გარდაიცვალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 აგვისტოს მეეტლე თედო ლაბაურთან მივიდნენ ილია ჭავჭავაძეზე დაგეგმილი თავდასხმის მონაწილენი და შეუთანხმდნენ, სად უნდა შეეჩერებინა და შემოებრუნებინა ეტლი, რომ მათთვის მოსახერხებელი ყოფილიყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 აგვისტოს ოლღა გურამიშვილს საგურამოში გამგზავრების ეშინოდა. ილიამ შესთავაზა, თბილისში დარჩენილიყო და თვითონ მარტო გაემგზავრებოდა, მაგრამ ოლღა არ დასთანხმდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ელ აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა ნოშრევან ჯაფარიძეს. მისწერა, რომ წერილსა და ორ დეპეშაზე პასუხის მიუღებლობის გამო მისი შეშფოთება და ამბის გასაგებად ნათესავის შეწუხება ბუნებრივი იყო. დაარიგა, რა ფასად გაეყიდა თითო საპალნე ღვინო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 29 აგვისტოს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა ილია ჭავჭავაძეს თბილისში დარჩენა ურჩია, მაგრამ ილიამ უარი უთხრა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 27-29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე თბილისის სახლში სამი დღის განმავლობაში ეძებდა მნიშვნელოვან საბუთს, მაგრამ ვერ იპოვა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წლის 21 აგვისტოს წიწამურის მკვიდრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილი ჩამოახრჩვეს.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წლის 21 აგვისტოს საგურამოს ყოფილი მამასახლისი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე ივანე სოლომონის ძე ინაშვილი ჩამოახრჩვეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 30 აგვისტომდე ილია ჭავჭავაძე მუქარის წერილებს უფრო ხშირად იღებდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 30 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის ეტლის თბილისიდან გამოსვლის შემდეგ გაძარცვეს მისი სახლი თბილისში. წაიღეს საოჯახო ნივთები, საქმიანი ქაღალდები და პირადი წერილები.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ, როგორც თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარემ, რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან ბანკის შესახებ მოსულ შენიშვნებზე პასუხი დაწერა. ის მოითხოვდა ხელახალ რევიზიას, რომელიც დეტალურად შეისწავლიდა ბანკის ყველა მოქმედებას.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის აგვისტოს ბოლოს საგურამოს ყოფილმა მზარეულმა ხარიტონ შიოშვილმა მზარეულ სოფიო უნდილაშვილს საიდუმლოდ უთხრა, ილია ჭავჭავაძეს მალე მოკლავენ, რადგან გლეხებს ავიწროებს და თან პარტია უკმაყოფილოა მისი რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრობითო. უნდილაშვილმა კი ეს ამბავი დიმიტრი ჯაშის ცოლს, დარია ნიკოლოზის ასულ ჯაშს გაუმხილა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 31 იანვარს კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების სხდომამ, რომელსაც არც ერთი ქართველი წევრი არ ესწრებოდა, დაადგინა, რომ უარი ეთქვა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 3 თებერვალს ივანე ჯავახიშვილმა და იოსებ ჩარექიშვილმა ნიკო ნიკოლაძის საშუალებით ილია ჭავჭავაძესა და გიორგი ზდანევიჩს შეუთვალეს, რომ შესაძლებელი იყო, სახელმწიფო საბჭოში განეხილათ შავი ზღვის სანაპიროების დასახლების საკითხი და აზრის გამოთქმა სთხოვეს.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 4 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მიიღო ტერ-მინასოვის წერილი იმის შესახებ, რომ იმ დღეს მის ვექსილს აზოვის ბანკში ვადა გასდიოდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 9 თებერვალს სომხურ გაზეთ „მშაკში“ დაიბეჭდა სტატია „კავკასიის სტუდენტთა დამხმარებელი საზოგადოების ერთი განაჩენის გამო“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ გამო ქართველები კაცთმოძულეებად, „მოძმეთჭამიებად“ და „სომეხთყლაპიებად“ არიან მოხსენიებულნი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის თებერვალში ფილიპე გოგიჩაიშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა თავისი წიგნი „ამიერკავკასიის გლეხთა მცირემიწიანობა“.