საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29108

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 ნოემბერს „ფინჯან ჩაიში“ ცისფერყანწელებმა – პაოლო იაშვილმა, ლადო მაჭავარიანმა, ნიკო ლორთქიფანიძემ და კოლაუ ნადირაძემ – ექსპრომტად ლექსები წაიკითხეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 29 ცნობით, კორძაიას კერძო გიმნაზიაში მოხდა კონფლიქტი, მან რამდენიმე მასწავლებელი სამსახურიდან იმ მოტივით დაითხოვა, რომ მათ ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფაქტს ყურადღება მიაქცია მასწავლებელთა კავშირმა, საქმის გასარკვევად შეიქმნა მასწავლებელთა საგანგებო კომისია, რომელმაც 1-ლ ნოემბერს დასავლეთ საქართველოს სასწავლებლების მასწავლებელთა კავშირის სხდომას დასამტკიცებლად წარუდგინა დადგენილება, რომ კორძაიას სასწავლებლიდან დათხოვნილ მასწავლებლებს დაბრუნებოდათ თავიანთი ადგილები და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო, ხოლო ეს სასწავლებელი გადასულიყო ქალაქის თვითმმართველობის ხელში ან მასწავლებელთა კავშირის განკარგულებაში იმ პირობით, რომ კორძაია დარჩენილიყო ამ სასწავლებლის საპატიო წევრად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბიხოვიდან სამხედრო რევოლუციურ კომიტეტს რუსი გენერლის, ლავრ გიორგის ძე კორნილოვის გაქცევას ატყობინებენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ბოლშევიკების ხელში მხოლოდ პეტრე-პავლეს ციხე და სმოლნი დარჩა. დროებითმა მთავრობამ ვერ ჩაახშო ბოლშევიკების გამოსვლა, მთელი პეტროგრადი მათ ხელში იყო. სამხედრო რევოლუციური კომიტეტის განცხადებით, დროებითი მთავრობა გადადგა და სახელმწიფოს მართვა-გამგეობა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ხელში გადავიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, ლენინმა გამოსცა დეკრეტი და მოითხოვა, მიწა ხალხის ხელში გადასულიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N29 ცნობით, დროებითი მთავრობის მეთაური ალექსანდრე ფეოდორის ძე კერენსკი პეტროგრადში ჯავშნიანი მატარებელის მიაშველებას ითხოვდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქალაქის სანიტარულმა ექიმმა ქალაქის თვითმმართველობას წინადადება მისცა, რომ დ. ქებაძის საპნის ქარხანა, რომელიც მდებარეობდა წითელ ხიდთან, გადაეტანათ ქალაქგარეთ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, რამდენიმე კვირის შემდეგ ქუთაისის გუბერნიაში ერობას შემოიღებენ.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ ანეტა მგალობლიშვილის მისწერა, რომ რაკი მათ სახლს „ტრესტი“ დაიკავებდა და მათ ორ ოთახს დაუტოვებდა რამდენიმე დღით, ის, ანიჩკა შარაშიძე და თამარ შარაშიძე სამი დღით მოახერხებდნენ ბახვში ჩასვლას და გადაიხდიდნენ შალვა შარაშიძის პანაშვიდს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 22 ოქტომბერს, კვირას, საღამოს 6 საათზე, კატო მიქელაძე ს ქალაქის სამკითხველოში უნდა წაეკითხა ლექცია „მნიშვნელობა ქალთა კავშირებისა“.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ ანეტა მგალობლიშვილს თბილისიდან ბახვში წერილით შეატყობინა, რომ შარაშიძეების ბახვის სახლი „ტრესტს“ უნდა დაეკავებინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) აღმასრულებელი ბიურო მოუწოდებს კლუბის წევრებს, შეიკრიბონ ყოველ კვირა საღამოს 6 საათზე ქალაქის სამკითხველოში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 რედაქტორ კატო მიქელაძის ცნობით, გაზეთის შემდეგი ნომერი გამოვა ორშაბათობით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N27 ცნობით, ტობოლსკის კომისარი იუწყებოდა, რომ ქალაქში აუტანელი მდგომარეობა იყო. რომანოვების იმჟამინდელ სახლთან მიმდინარეობდა მანიფესტაციები, იყო საერთო სახალხო პარაკლისი, სადაც ხალხი დაჩოქილი ლოცულობდა და ძველ ჰიმნს მღეროდა, მახლობელი სოფლებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩამოდიოდა. კომისრის ცნობით, რომანოვების ბინის მცველები საიმედონი არ იყვნენ და მოუწოდებდა მთავრობას დაუყოვნებლივ გადაიყვანა ისინი ნაკლებად დასახლებულ ადგილას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N 27 ცნობით, სარატოვიდან იუწყებოდნენ, რომ პოკროვსკაში სასოფლო ყრილობაზე გლეხმა შვაგერმა მოითხოვა ნებართვა მოეკლა ის კაცი, რომელმაც მისი ქალიშვილი გააუპატიურა. ყრილობამ ერთხმად თანხმობა გამოუცხადა. კომისარმა გააპროტესტა და კანონები შეახსენა, მაგრამ ყრილობა შეურყეველი დარჩა და მიიჩნია, რომ ასეთი დასჯა დანაშაულს აღმოფხვრიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნა ცნობები ქალთა უფლებების შესახებ. 1776 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მეორე კონტინენტალურ კონგრესს თათბირი ჰქონდა კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ამერიკის პრეზიდენტს მისმა ცოლმა მისწერა წერილი, რომ თუ მომავალი კონსტიტუცია სათანადო ყურადღებას არ მიაქცევდა ქალთა უფლებების საკითხს, ამერიკელ ქალებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მოეწყოთ არეულობა და არ დამორჩილებოდნენ იმ კანონებს, რომლებიც მათ ინტერესებს არ დაიცავდა. მათ შექმნეს ქალთა დიდი მოძრაობა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა იყო, მოიპოვეს სწავლა-განათლებისა და თანამდებობების მიღების უფლება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ რაჭის ერობის თავმჯდომარე ლობჟანიძე წერდა, რომ 19 ივლისს რაჭაში მოვარდნილმა ნიაღვარმა ამბროლაურის, ზნაკვის, ნიკორწმინდისა და სხვა თემებში გაანადგურა ჭირნახული, დაახრჩო საქონელი, დაანგრია სახლები, წისქვილები, წაიღო ხიდები და სხვ. ზარალი დიდი იყო, საჭირო იყო დახმარება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, არსენალის სახელოსნოები სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის უფროს კალისტრატე გოგუასთან ერთად სამხედრო კომისიის წევრებმა აკაკი ჩხენკელმა, შალვა ნუცუბიძემ, გერასიმე კალაძემ და ნიკოფორე იმნაიშვილმა დაათვალიერეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის გაზეთი „ერთობა“ იუწყებოდა, რომ 22 ივლისის 6 სთ-ზე ნაძალადევის კლუბში დანიშნული იყო ს. ს. და მ. პ. პირველი რაიონის წევრთა საერთო კრება, სადაც ალ. ლომთათიძე წაიკითხავდა მოხსენებას „პარტიული ყრილობის მუშაობა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 22 ივლისის სახ. გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია მართავდა საღამოს აზერბაიჯანთან ომის დროს ამავე ბატალიონის გარდაცვლილ გვარდიელთა ოჯახების სასარგებლოდ. პროგრამაში იყო: ვალიკო ჯუღელის რეფერატი „სახალხო გვარდია და რესპუბლიკა“; ვოდევილი „დედისერთა“ დ. აბდუშელის ხელმძღვანელობით; გ. ქუჩიშვილი, ვარ. რუხაძე, გ. ტაბიძე, ფაშალიშვილი, ივ. ყიფიანი, პლ. ლეჟავა; მ. კავსაძის მომღერალთა გუნდი; დაუკრავს სახ. გვ. ცხენოსანთა დივიზიონის სამხედრო მუსიკა მიზანდარის ლოტბარობით; საღამოს დიასახლისი თამარ ფარულავა იყო, პასუხისმგებელი გამგე — ივანე ცომაია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძე თავმჯდომარეობდა, ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექიმო-სასანიტარო განყოფილების მიერ წარდგენილი კანონი „საპროტეზო განყოფილების შტატის დამტკიცების შესახებ“ და სხვა საბოლოო ტექსტები. კრებამ ბანკის გამგეობის მეორე წევრის თანამდებობაზე სამსონ კილაძე დაამტკიცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები შემდეგ ქუთაისელთა სახელზე: სოლომონ ხუნდაძის, ნესტორ კაკაბაძის, ზაქარია მოროზოვისა და ბათუმში – ერნისა და ნინა ვარძელოვას სახელზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებული იყო წერილები თბილისელების – ექიმ მორის გოლდშტეინის, გიორგი გველესიანის, გიორგი შაიშმელაშვილის, ბიქტორ თევზაიას, სოლომონ ვადაჭკორიას, გრიგოლ ვებაცელიასა და მარიამ წერეთლის – სახელზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები: ვოლდემარ ტატიშვილის, ალექსანდრე მასხარაშვილის, ისააკ მურუსიძის, ნინა ბერეჟიანის, მიხაკო წერეთელისა და ალექსანდრა გიორგობიანის სახელზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ოქტომბრის „ბარრიკადის“ ცნობით, ილია ერენბურგმა „ცისფერყანწელთა“ ლექსები მოსკოვში წაიღო სათარგმნად და ჟურნალ „მესამე ინტერნაციონალში“ დასაბეჭდად.