რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა ლადიკო გოგოლაშვილისას წერილი რედაქციის მიმართ, რომელშიც მადლობას უხდიდა იმ პირებს, ვინც ხელი შეუწყო 11 ივნისს კვირიკე-ზემოხეთში ნინოშვილის საღამოს გამართვას. ესენი იყვნენ: პუპი ბროკიშვილისა, ელენიჩკა ჭილაძისა, სოფიო ბერსენაძე-ბროკიშვილისა, მელქისადე მარშანია და ბესო ნიკოლაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 დაიბეჭდა შეცდომების გასწორება. რედაქცია იუწყებოდა, რომ გაზეთის N 14-ში შეცდომით იყო დასტამბული შემოწირულობა 4 მან. 50 კაპ. დავით მელქაძისგან, უნდა ყოფილიყო: ნინა ივანეს ასული მელქაძისა, რომელმაც გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად 4 მან. 50 კაპ შესწირა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 გამოქვეყნდა „მოწოდება ძველი რევოლუციონერებისა“. ძველი რევოლუციონერების ჯგუფი მოწოდებით მიმართავს რუსეთის მოქალაქეებს, რომ რუსეთის რევოლუციას და თვით რუსეთს საშიშროება ემუქრება, რადგან აგიტაცია და შეთქმულება წარმოშობს არეულობას ზურგში და ღალატს ფრონტზე. რევოლუციისა და ქვეყნის გადასარჩენად მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ გადაწყვიტა მიმართოს განსაკუთრებულ ზომებს. მათ აღჭურვეს უაღრესი უფლებით დროებითი მთავრობა ა. ფ. კერენსკის თავმჯდომარეობის ქვეშ, მისცეს სრული უფლება და გამოაცხადეს ის რევოლუციის მხსნელ მთავრობად. დამფუძნებელი კრების მოწვევამდე დროებითი მთავრობა ერთადერთი უფლებამოსილი მთავრობაა და ერთადერთი მმართველი რუსეთისა. დღეიდან ყველამ უნდა დაივიწყოს პარტიული კამათი და გაერთიანდნენ განურჩევლად პარტიისა და კლასისა მტრის წინააღმდეგ ერთი მიზნისთვის, სამშობლოს გადასარჩენად. მოწოდებას ხელს აწერენ: ა. არგუნოვი, ე. ბრეშკო-ბრეშკოვსკაია, ლ. ბულანოვი, ლ. დეიჩი, მ. ვ. ნოვორუსკი, ვ. პანკრატოვი, გ. ვ. პლეხანოვი, ა. მ. პრუგანოვი, ვ. ფიგნერი, ნ. ვ. ჩაიკოვსკი, ვ. ჩენოვი და სხვა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 17 „პირველი სუფრაჟისტკას“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალებით ვაჭრობა“. ავტორი ლაპარაკობს ქალების გაყიდვაზე, რომელიც ისე კარგად არის ორგანიზებული, რომ მასთან ბრძოლა ძალიან უჭირს 1910 წელს დაარსებულ ქალთა მფარველ ორგანიზაციას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N17 ცნობით, ქუთაისის სასურსათო კომიტეტს 32 ვაგონი საკლავი საქონელი მოუვიდა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N17) იუწყება, სოციალ-ფედერალისტების პარტიის ლიდერის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის გარდაცვალებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N17 ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ დროებითი მთავრობის დადგენილებით, ომის დროს შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება ეძლევა დახუროს ან აკრძალოს ყოველგვარი კრება და ყრილობა, რომელიც სამხედრო საქმის საზიანოდ ჩაითვლება, ან სახელმწიფოს რაიმე საშიშროებას უქადის.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ინფორმაცია გაზეთის სასარგებლოდ აგარაკებში ყულაბებით ფულის შეგროვების შესახებ. სურამიდან შემოვიდა 327 მანეთი, შემომწირველები: ნანა ფანჯაკიძე, სონია მურმანოვა, ლუბა ჩინჩალაძე, ქეთო მარუაშვილი, ჭელიძე, ხუნდაძე, ნინა მურბანავა, ჯოჯუა, ბერიშვილი, მამინოვი, ბლიაძე. ცაგერიდან შემოვიდა 127 მან. 66 კაპ. შემომწირველები: შალიკო გოგოლაშვილი, იოსებ ფეიქაროვი, საშა ხიტაროვი, მარკველაშვილი, მოშიაშვილი, ლეუშა. ბორჯომიდან შემოვიდა 552 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კატია ხაზარაძე, ხიტაროვი, ჯანელიძე, ჩერქეზიშვილი, ვალოდია ხაზარაძე, მიქელაძე, დატებოვი, ანტოშა ხაზარაძე, ხუნდაძე, ვარდო ხოშტარია, თამარა ბერიძე, მეძმარიაშვილი, ქ. ჯანელიძე, მოშიაშვილი. რედაქცია „ხმა ქართველი ქალისა“ მადლობას უხდის აღნიშნულ პირებს დახმარებისათვის.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 27 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N16 დაიბეჭდა ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განცხადება, რომელშიც იუწყება, რომ მისი მიზანია საგუბერნიო აღმასრულებელ კომიტეტთან და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოსთან ერთად ხელი შეუწყოს რევოლუციურ სულისკვეთებას, მისგან მოპოვებული თავისუფლების განმტკიცებას, ებრძოლოს კონტრ-რევოლუციურ გამოსვლებს, ხოლო მოქალაქენი ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას. რევოლუციის გამარჯვება მოქალაქეებისგან მოითხოვს ქვეყნის ნივთიერ, ფიზიკურ და გონებრივ ამუშავებას, ამიტომ ის მოუწოდებს მოქალაქეებს ხაზინაში შეიტანონ გადასახადები, დეზერტირები გამოცხადდნენ უფროსებთან, ყველამ ატაროს მოწმობა, არ დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი, ვაჭრებმა ხელოვნურად არ გაზარდონ საქონლის ფასი და არ გამოიწვიონ კრიზისი. მისი სიტყვით, ყოველგვარი ურჩობა და განკარგულების შეუსრულებლობა, როგორც ღალატი დაუყოვნებლივ მკაცრად დაისჯება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ცნობით, ქ. თბილისში, აგვისტოს პირველ რიცხვებში დანიშნულია გუბერნიის კომისართა თათბირი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N16 ცნობით, თბილისიდან ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს შეატყობინეს, რომ დროებითმა მმართველობამ გააუქმა საქალაქო საკრებულოები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 16 იტყობინება, რომ ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძის განკარგულებით, ყველა მეეტლე ვალდებულია თან იქონიოს გამოსვლაზე დადებული ტაქსა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N16 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქალთა ბატალიონი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბაჩქარიოვა 9 ივლისს ნოვოსპასკის ტყესთან საომრად გამოვიდა.