საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72138

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს შავერდოვს ეკავა ამიერკავკასიის ცაკ-ის მდივნის თანამდებობა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის, ეპიფანე კვანტალიანის ადგილას დაინიშნა ლავრენტი ბერია, ხოლო კვანტალიანი ამიერკავკასიის სსრკ-ის ფოსტა-ტელეგრაფის რწმუნებულად გადაიყვანეს.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 24 ნოემბერს, დილის 4 საათზე, გულის უკმარისობით გარდაიცვალა სსრკ ცაკ-ის წევრი, ინგლისში სსრკ-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლეონიდ ბორისის ძე კრასინი.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ი. ფავლენიშვილი სამხრეთ-ოსეთის აღწერის საქმეს ხელმძღვანელობდა. 

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს სმიგლა, ბოგოლეპოვი და გრინკო საგანგებო კომისიის პრეზიდიუმის წევრებად დაამტკიცეს.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს სიხარულიძე ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილებას ხელმძღვანელობდა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კობახიძე მილიციის სკოლის უფროსი იყო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ანანიშვილი მუშაობდა სალაროს საპენსიო ნაწილის გამგედ.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს ინჟინერმა დოგროვოლსკიმ ხე-მცენარის მასალით შენობის აგების სისტემა გამოიგონა, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ რკინის ნაცვლად ხე-ცემენტს გამოიყენებდნენ.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 19 ნოემბერს სსრკ-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ვოიკოვმა პოლონეთის ელჩს საპასუხო ნოტა გადასცა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდნენ ავღანეთის სრულუფლებიანი მინისტრი სსრკ-ში მირზა მუჰამედ-ხანი, ავღანეთის არმიის შტაბის უფროსი მუჰამედ ომარ-ხანი და სამხედრო ატაშე ალი ამბერ-ხანი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 16 ნოემბერს ვ. დოლიძე გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ დატოვა მოღალატე სოციალ-შოვინისტები (ასე უწოდებდა მენშევიკებს, რომელთა წევრი 1905-1921 წლებში იყო) და 1921 წლიდან ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის კომუნისტში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პასუხად მენშევიკურ დონ კიხოტებს", რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ მენშევიკები პოლიტიკურ-იდეოლოგიურად გაკოტრდნენ. სწორედ ამ დროს ბათუმში საბჭოთა ხელისუფლებამ დაიჭირა კ.სალუქვაძე, არალეგალურად ჩამოსული ემიგრაციის დავალებით,  მენშევიკური პროპაგანდის მიზნით. მის შესახებ პარიზში ნოე რამიშვილმა თავის ჟურნალში დაწერა: „ბოლშევიკებმა დაატუსაღეს ბრძოლაში გამობრძმედილი ცნობილი სოციალ-დემოკრატი და რევოლუციონერი კ. სალუქვაძე (კოწია)”.  მაგრამ იმ დროისათვის სალუქვაძე უკვე ცნობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და დიდი ბრძოლა გააჩაღა პროლეტარიატის დიქტატურის დასაცავად, რის გამოც რამიშვილმა განაცხადა: „სალუქვაძე ჩაეფლო ღრმა წუმპეში, გატყდა, დაეცა. საერთოდაც, ის არასდროს ყოფილა დიდი რევოლუციონერი", მისი თქმით, პარტიის გაჭირვების ჟამს, ყოველთვის განზე იდგა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს კ. სალუქვაძის რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთ „კომუნისტის“ 2-კვირეული დამატება „ახალგაზეთი“ – საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული ყოფილ მენშევიკთა შორის მომუშავე განყოფილების ორგანო. 

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის ნოემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმასკომის ბიუროს პრეზიდიუმის წევრმა სავლე ბრეგვაძემ კალმისტარი და სამელნე უმიზეზოდ ესროლა ბიუროს თანამშრომელს. თანამშრომლები მის დასჯას მოითხოვდნენ.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს თბილისის კომიტეტის მდივანი იყო ასრიბეკოვი.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კოჯრის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე შალამბერიძეს, გამგეობის წევრებს სურმავასა და გოგელიას, ასევე ბუღალტერ კანკავა-„ფარულავას" ბრალად ედებოდათ სახელმწიფო ქონების მითვისება და დიდი ოდენობით საქონლის ნისიად გაცემა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კოჯრის სატყეო ტრესტის საწყობის გამგე ბურდულს ბრალად ედებოდა 1200 მანეთის გაფლანგვა, რაც არ დადასტურდა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 11 ნოემბერს სამხედრო ტრიბუნალს ვლადიმერ იაკობის ძე პეტრაშევსკის საქმე უნდა განეხილა. მას ბრალად ედებოდა აფერისტობა, ყალბი საბუთების შედგენა და სხვ. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის ნოემბერში საქართველოს საოლქო სასამართლომ ბრალდებულ ევგენი გერასიმეს ძე პაჭკორიასა და ჯიტო (აკაკი) ქარდავას მიუსაჯა დახვრეტა შეიარაღებული ძარცვის გამო.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ვოლხოვსტროის სამუშაოების უფროსი ინჟინერი იყო გ. ო. გრაფიტო, ხოლო მისი მოადგილე – ვ. გ. ჯიქია.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ცსკ-ის პლენუმის გადაწყვეტილებით სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის, ფელიქს ძერჟინსკის სიკვდილის შემდეგ მის მაგივრად ვალერიან კუიბიშევი დაინიშნა.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ცენტრალური საკონტროლო კომისიის პლენუმის გადაწყვეტილებით, სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელ ფელიქს ძერჟინსკის გარდაცვალების შემდეგ მის ადგილას დაინიშნა ვალერიან კუიბიშევი. ცენტრალური საკონტროლო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგო ორჯონიკიძე, მისი კანდიდატურა წამოაყენეს მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრის თანამდებობაზეც.

1926

ტიპი: თანამდებობა

 1926 წელს ცანავა იყო "ტემს"-ის დირექტორი.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის პირველ ნოემბერს კავკასიაში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუღელმა მიიღეს.