საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81553

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ მადლობის წერილში ქართველ ქალთა ამხანაგობის თავმჯდომარე ოლღა ჭავჭავაძისა და გამგე ეკატერინე გაბაშვილის მადლობას უხდიდნენ იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის ქალთა სამკერვალოს მოსწავლეებისთვის 50 რვეულისა და 15 „დედა ენის“ შეწირვისათვის.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ ანგარიშში მიეცა 360 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს დეკემბრის ხელფასი – 40 მანეთი მისცეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის დეკემბერში იოსებ ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ფოტოსახელოსნოში ხაზინადრის ახლად გათავისუფლებულ ადგილს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში დაბა ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ეპატიებინათ დარჩენილი ვალი 49 მან. 80 კაპ. თხოვნა განიხილეს გამგეობის სხდომაზე, ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე ნიკო ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში გამგეობის წევრი იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, საყვედური გამოცხადებოდა გამგეობის ყოფილ მდივან დავით კარიჭაშვილს უყურადღებობისათვის, რადგან 8 წლის განმავლობაში არ აცნობა მას ვალის შესახებ, რომელიც ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ფავლენიშვილის შეცდომის გამო ირიცხებოდა მის სახელზე, ხოლო ახალ მდივან ალექსანდრე მიქაბერიძეს დავალებოდა სხვა საქმეების გადასინჯვა და ცნობების წესრიგში მოყვანა, სხვა უზუსტობებიც ხომ არ იმალებოდა მათში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა კრებას მიმართა, ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილისთვის მოეთხოვათ პასუხი დავთრებში დაშვებული შეცდომის გამო, რომლის მიხედვითაც მასზე ირიცხებოდა 120 მანეთი ვალი, და თუ ფავლენიშვილი თავს ვერ გაიმართლებდა თავს, ეს თანხა მას გადაეხადა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა კრებაზე განაცხადა, რომ ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილის შეცდომის გამო საზოგადოების დავთრებში მასზე ირიცხებოდა 120 მანეთი ვალი. მას ეს თანხა თავის ვალად არ მიაჩნდა, მაგრამ შემოჰქონდა საზოგადოების სალაროში, რადგან თვლიდა, რომ საზოგადოების წევრთა სახელები შეულახავი უნდა ყოფილიყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ახალქალაქის მაზრის სოფელ ჩუნჩხში მცხოვრები გლეხი თევდორე ბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, უსასყიდლოდ დაეთმოთ მისთვის ქართული წიგნები და ასევე მიმდინარე წლის „მოამბისა“ და გასული წლების „ჯეჯილის“ ნომრები.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წინარეხის სკოლის მასწავლებელმა ანტონ თოიძემ მიმართა თხოვნით, რომ წინარეხის სკოლის ხელსაქმის მასწავლებლისა და მოსწავლე ქალებისთვის საქველმოქმედო ბაზრისთვის ნივთების დასამზადებელი მასალის საყიდლად გადაედოთ რამდენიმე მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეგზავნათ სკოლისთვის მესამე მასწავლებლის ხელფასი 1-ელი სექტემბრიდან 16 ნოემბრამდე, რადგან გადასცემოდა იმ პირს, ვინც აღნიშნულ დროს ასრულებდა მესამე მასწავლებლის თანამდებობას. ამ პერიოდის ხელფასი შეადგენდა 62 მან. 50 კაპ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში მიხეილ სპირიდონის ძე გაჩეჩილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეხსნათ მისთვის 200 მანეთის კრედიტი, რადგან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა იმდენი წიგნის ერთიანად ყიდვისა, რამდენის მოთხოვნილებაც დაბა ზესტაფონში იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო „დედა ენის“ თანხა, 60 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ფრანგულ ჟურნალში „ლე კოკაზ ილიუსტრე“ გამოქვეყნდა საფრანგეთის ყოფილი კონსულის მოგონება ილია ჭავჭავაძეზე. წერილს ერთვის ილიას პორტრეტი, ბიოგრაფია და 1884 წლის 30 ნოემბერს თბილისის ფრანგი მოსახლეობის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო საღამოს შემდეგ გამართულ ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის დეკემბერში ფრანგულ ჟურნალში „ლე კოკაზ ილიუსტრე“ გამოქვეყნდა დავით კარიჭაშვილის წერილი „ქართველი პუბლიცისტები და ილია ჭავჭავაძე“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 1 დეკემბერი“ („საოცარს სანახაობას წარმოადგენს დღევანდელი ომი...“).

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1899 წლის 5 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მოურავ მერაბს (გვარი უცნობია) გაუგზავნა წერილი, რომელშიც სამეურნეო მითითებებს აძლევს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 15 დეკემბერი“ („თავმოწონებას ინგლისისას თავზარი დაეცა...“).

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფოტოგრაფიის მართვის ინსტრუქცია დაამტკიცა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძისთვის დეკემბრის ხელფასის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ზაქარია გრიქუროვისთვის 252 მანეთის მიცემის შესახებ ანგარიში დაამტკიცა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ხარჯი იაკობ გოგებაშვილისთვის „დედა ენის” ანგარიშში 360 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხა 652 მანეთის ოდენობით.