რეგისტრირებული ფაქტები91870
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ აგვისტოს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ გორის ეპისკოპოს კირიონთან ერთად ალექსანდრეს ბაღში, წმ. ალექსანდრე ნეველის სამხედრო ეკლესიაში, გადაიხადა წირვა, მერე სამღვდელოება გაემგზავრა მადათოვის კუნძულზე, სადაც წყალკურთხევის რიტუალი შეასრულა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თელავის საზოგადო წიგნსაცავისათვის თანხა გაიღეს იოსებ ბეგიჯანოვმა და ს. ხეჩუევმა.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების” ცნობით, გარდაიცვალა თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, გენერალ-ადიუტანტი რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „დროების” ცნობით, ოსმალთა ჯარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუხთარ-ფაშა, რუსებთან ბრძოლაში დამარცხდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 3 მაისის გაზეთ „დროებაში“ გელათისა და ტყიბულის ქვანახშირის შესახებ ინჟინერ ბაცევიჩის მოსაზრება დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 29 აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე ჭიჭინაძის კორესპონდენციაზე პავლე თუმანიშვილის მოსაზრება დაიბეჭდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სურამის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა მელქო ლოტუევის საჩივარი სურამის რკინიგზის სადგურის უფროსის თანაშემწის, იაგორ მახარაძის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი მისი კუთვნილი ამანათის მითვისებაში სდებდა ბრალს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 10 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოში მევახშეობაში ეჭვმიტანილი ვერა პოლონსკისა და ნიკოლოზ გვარამიძის საქმის განხილვა დაინიშნა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოტოგრამა აბრამ ნორდშტეინმა გამოსცა ქართველი მწერლების პორტრეტების ალბომი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვათა სურათები იყო წარმოდგენილი. ალბომი 75 კაპიკი ღირდა და შემოსავლის 10 პროცენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საჭიროებებს მოხმარდებოდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 9 ნოემბერს ახალციხის სასამართლომ ა. ი. ბოგაევსკის თავმჯდომარეობით, განიხილა ივანე მეფისაშვილის მკვლელობის საქმე და პატიმრობა მიუსაჯა მიხეილ მეფისაშვილს და ახალციხის მაზრის გლეხებს, 58 წლის მოლა ალი-მუსა-ოღლის, 18 წლის ფაღლი ალი-მუსა-ოღლის, 27 წლის ტიუფან რაჯაფ-ოღლის და 18 წლის მურად მევლუდ-ოღლის. პროცესზე მხარეთა ინტერესებს ნაფიცი ვექილი გ. ს. ტერ-სტეფანოვი და კერძო ვექილი დოლგოლენკო წარმოადგენდნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 ნოემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს სოფელ ბედიის მკვიდრი, მაჰმუდ წურწუმია, ერთი წლის წინ იმავე სოფლის ბოქაულის, კეღუცა მახარიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

