რეგისტრირებული ფაქტები90167
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 სექტემბერი - 1921 წლის 4 თებერვლის პერიოდში ევგენი გეგეჭკორმა სიტყვა წარმოთქვა ფრანგი კომერსანტების მიერ სასტუმრო „კლარიდ“-ში გამართულ ბანკეტებზე. მისი მიმართვები განკუთვნილი იყო პარიზში მრეწველ ბეიარდისადმი და ჟენევაში პროფესორ პიტარდისადმი საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე (ნ. ჩხენკელი, კ.კანდელაკი) (ფრანგულ ენაზე).
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12-28 იანვარს ევგენი გეგეჭკორი და მ. სუმბათაშვილი შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ მილერანდს და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერელურ მდივანს პერეტი დე-ლა როკას, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ სფორცასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საკითხებზე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 სექტემბერს იტალია-საქართველოს ურთიერთობისა და აშშ-ის საქართველოსადმი დამოკიდებულების შესახებ გამოქვეყნდა ამონაბეჭდი გაზეთიდან „Грузия” სათაურით „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი რომში“. სტატია მოიცავდა მისი საუბრის ჩანაწერს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 19 თებერვალს ვლადიმერ ახმეტელმა ბერლინიდან, წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომლითაც ის აწვდიდა ინფორმაციას, რომ ვექილმა შინდლერმა წერილით მიმართა გამომძიებელ კრიუგერს და სთხოვა, სათადარაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრება, რის შემდეგაც გამომძიებელმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მობილიზაციის პროექტის განხილვის შემდეგ დელეგატები გადავიდნენ კითხვა-პასუხის რეჟიმზე. ექვთიმე თაყაიშვილის შეკითხვაზე, თუ რამდენი სამხედრო კორპუსი იარსებებდა და ტყვია-წამლის გამოლევის შემდეგ, რა ზომები იქნებოდა მიღებული მთავრობის მხრიდან, ნოე რამიშვილმა უპასუხა, რომ თავდაპირველად იქნებოდა ერთი კორპუსი, თოფ-იარაღისა და ტყვია-წამლის გამოლევის შემდეგ საჭირო ქმედებები ჯერჯერობით განსაზღვრული არ იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 დეკემბერს, ლონდონში საქართველოს მისიის მდივანმა ანდრია გუგუშვილმა წერილები გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც საყურადღებოა ინგლისის პრემიერ მინისტრ ლოიდ ჯორჯის მიერ გამოთქმული შთაბეჭდილება ევგენი გეგეჭკორის შესახებ. კერძოდ, მისი აზრით, ევგენი გეგეჭკორი საუკეთესო მინისტრია და თუ ყველა ქართველი საზოგადო მოღვაწე მისნაირი იქნება, საქართველო აუცილებლად გადარჩება.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის მოხსენება „დღევანდელი საერთაშორისო ვითარება და მისი გამომწვევი მიზეზები“, რომელშიც ის საუბრობს მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობის სიძნელეებზე, მე-2 მსოფლიო ომზე, აზიაში გამძვინვარებულ სტიქიაზე და ამ პირობებში, ქართველ ხალხს ისევ მოუწოდებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ.
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წლის 26 ნოემბერს ვლადიმერ ახმეტელმა ბერლინიდან, წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის აწვდიდა ინფორმაციას შალვა ქარუმიძის საქმის გამოძიების შესახებ. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, საქმე მსვლელობაში იყო. ქარუმიძემ წერილით მიმართა მიუნხენის კრიმინალურ სასამართლოს, სადაც იგი აღიარებდა ბოლშევიკების აგენტის სტატუსს და მოითხოვდა, რომ არ დაეკავებინათ საზღვარზე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლებში გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი „მცირე შენიშვნები დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“, რომელშიც ის საუბრობდა 1921 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების სარგებელზე და იმ შეცდომებზე, რაც მას მერე დაუშვა ქართველმა ერმა. მისი აზრით, თავისუფლებისათვის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ერთობა იყო და არა ის გარე ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წელს ევგენი გეგეჭკორმა გააკეთა ჩანაწერები ფინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე „ორი თვე ბალტიის ქვეყნებში“, სადაც ის საუბრობდა ჭირვარამგამოვლილი ფინეთის შესახებ, რომელიც მალევე იქცა ევროპულ ქვეყნად. მისი მოგზაურობის მისია კი, ფინეთისათვის საქართველოს წარსული ისტორიის, იმჟამინდელი მდგომარეობის და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა, განიხილეს თუ ვის უნდა გამოეცა დეკრეტი მობილიზაციის შესახებ, მხოლოდ კომისარიატს, კომისარიატს ეროვნულ საბჭოსთან ერთად, თუ დეკრეტში უნდა ყოფილიყო აღნიშნული, რომ ის გაცემულია ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით. გამოირკვა, რომ დეკრეტში არავითარი მოწოდება არ იქნებოდა აღნიშნული. გამოქვეყნდებოდა დამატებითი მოხსენება, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ მობილიზაცია ხდება ეროვნულ საბჭოსთან შეთანხემბით.

