რეგისტრირებული ფაქტები82597
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1-ში აჰმედ ცალიგოვის ისტორიული მიმოხილვა ეყრდნობა ისტორიკოსთა (ს. ესაძის, შეპელევის) შრომებსა და საოლქო შტაბის არქივში დაცულ მასალას: შამილის დამარცხებამ და აღმოსავლეთ კავკასიის დაცემამ საბედისწეროდ იმოქმედა დასავლეთ კავკასიაზეც - იმედდაკარგულმა ხალხმა თანდათან იწყეს მორჩილების ფიცის დადება ან თურქეთში გადასახლება. სწორედ ამ ძნელბედობის ჟამს იკისრა მეჯლისმა ისტორიული როლი: დამოუკიდებლობის დასაცავად გააერთიანა დასავლეთკავკასიელ ხალხთა დაუმორჩილებელი ძალები, რომლებმაც იარაღით, საშინაო გარდაქმნებითა და უცხოეთის სახელმწიფოების ყურადღების მიპყრობით სცადეს დაპირისპირებოდნენ დამპყრობლებს.
1919
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 თერგის ოლქში მუშათა მოძრაობის დამარცხებაში ბოლშევიკებს ადანაშაულებდა. სტატიის ავტორი ევგენი ჟარკოვსკი აანალიზებდა კომუნისტების შეცდომებს, განსაკუთრებით უარყოფითად აფასებდა ზინოვიევის ავტორიტეტულ განცხადებას: „დრო მხოლოდ კომუნისტთა წისქვილზე ასხამს წყალს“.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცი“ მიმოიხილავს დამოუკიდებლობის დასაცავად მეჯლისში გაერთიანებულ დაუმორჩილებელ მთიელთა მრავალმხრივ საქმიანობას: იარაღით ბრძოლაში მთავარი როლი აბაძეხებს ერგოთ, ხოლო დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმართვა უბიხებმა ითავეს. ისინი მხარდაჭერას ეძებდნენ ინგლისსა და თურქეთში: მათ სოხუმში თხოვნით მიმართეს დიდი ბრიტანეთის კონსულ დიქსონს, რათა ინგლისის მთავრობისთვის ეცნობებინა გენერალ ევდოკიმოვის უკანონო ქმედებების შესახებ ჩერქეზეთში.
1919
ტიპი: ავტორობა
ევგენი ჟარკოვსკის სტატიაში, რომელსაც „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს, გამორჩეული ადგილი ეთმობა გროზნოს პროლეტარიატის შეცდომებსა და მათ საბედისწერო შედეგებს, სახელდობრ: რევოლუციის დასაწყისში კავკასიელ მთიელებსა და ჯარისკაცებს შორის არსებული კეთილგანწყობა ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც კავკასიის ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა ჩეჩნებს (გროზნოში) და ინგუშებს (ვლადიკავკაზში) ჟლეტა მოუწყვეს. ვიდრე გროზნოში ჩეჩენთა სახალხო საბჭოს სათავეში ბატონი მუტუშევი ედგა, ეს არასოციალისტი, მაგრამ ლიბერალი ადამიანი ახერხებდა ნებისმიერი არეულობის მშვიდობიანად მოგვარებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ არენაზე ბატონი ყურუმოვი გამოჩნდა, დაპირისპირება გამწვავდა და ანარქიად გადაიქცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ გადმოსცემს ინგუშთა სოფლების აკლების ამბებს: დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ნაწილებმა უწყვეტი საარტილერიო იერიშით იძულებით ჩაითრიეს უთანასწორო საომარ მოქმედებაში სოფლების, ეკაჟევოსა და სურხის მშვიდობიანი მოსახლეობა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცი“ იუწყება, რომ დენიკინელთა მიერ ინგუშთა ორი აულის, სურხისა და ეკაჟევოს აკლების შემდეგ უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილი მცხოვრებნი ლტოლვილებად მოედვნენ სოფლებს. ამას ზედ დაერთო ქოლერა. საშინელი ეპიდემია ყოველდღიურად ათეულობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა. მჭიდროდ თავმოყრილ მოსახლეობაში არ ხერხდებოდა ავადმყოფთა იზოლირება, არ იყო არც ექიმი და არც საჭირო მედიკამენტი, რადგან ბოლშევიკების ხელისუფლების დროს აშენებული საავადმყოფო და ამბულატორია დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) საომარი მოქმედებების დროს განადგურდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ დენიკინის მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) მიერ გამოჩენილი ეკონომიკური სისასტიკისა და მოსახლეობისთვის დაუნდობელი კონტრიბუციების დაწესების შესახებ იუწყებოდა. ინგუშთა აულების, ეკაჟევოსა და სურხის გაძარცვისა და გადაწვის შემდეგ დენიკინელებმა მოსახლეობას დიდი გადასახადები დაუდგინეს.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ჩერქეზთა მეჯლისის საქმიანობის მიმოხილვისას აჰმედ ცალიგოვი აღნიშნავს, რომ საგანგებო სხდომაზე დაადგინეს ელჩების დაგზავნა კონსტანტინოპოლში, პარიზსა და ლონდონში საერთაშორისო პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. კონსტანტინოპოლში გაიგზავნა ელჩობა იზმაილ-ბარაქაი-იფა-ძიაშის ხელმძღვანელობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 8 სექტემბერის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, ჯიქები თავიანთი წინამძღოლის რეშიდ გეჩის გავლენით გულგრილად შეხვდნენ 1862 წელს მეჯლისის მიერ გამოცხადებულ საღვთო ომში მებრძოლთა გაგზავნის მოწოდებას აბაძეხების დასახმარებლად.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გზათა მინისტრ ნოე გიორგის ძე ხომერიკის განკარგულების მიხედვით, მთელი ქონება, გარდა იმისა, რაც მთავრობის სხვადასხვა დაწესებულებას სჭირდებოდა, 23 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 სექტემბერს მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნავდა, რომ გენერალი კორი თბილისიდან მან გააცილა. მის გასაცილებლად ქუჩის გასწვრივ, ორი მილის მანძილზე, სამხედროები იდგნენ, მინისტრები კი სადგურში ელოდებოდნენ. ქართველებმა მისი სადღეგრძელო დალიეს და იმედი გამოთქვეს, რომ სამუდამოდ არ ემშვიდობებოდნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 7 სექტემბერს გიორგი ანდრიაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლად ითვლებოდა. ის სამინისტრომ დაამტკიცა ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შტატის მასწავლებლად გიმნაზიის ყველა კლასში. ამ საგნებთან ერთად დროებით გეომეტრიასაც ასწავლიდა, გარდა რუსული ენისა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა ერვანდ მალხაზოვი, რომელსაც ბრალი ედებოდა ნიკოლოზის ფულის გაყიდვაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაპატიმრებული ერვანდ მალხაზოვის აღიარებით, ის ნიკოლოზის ფულს გასაყიდად სერებრიაკოვის დასახურდავებელი კანტორიდან ღებულობდა, რისთვისაც საკომისიოს იღებდა. მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლები სხვებიც იყვნენ. აღნიშნული საქმე და 19 500 მანეთი სასამართლო პროკურორს გადაეცა.