საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სიმონ ავალიანი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ი. ქარცივაძე მთავარი სამმართველოს მთავარ მმართველად დაინიშნა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციამ ეგრეთ წოდებულ „ჟოკეი კლუბში“ ფრეილინის ქუჩაზე დაიჭირა კლუბის მეპატრონე მიხეილ ბენდერსკი და იქ მყოფი ცნობილი აფერისტები არშაკ იაკუბეკოვი და დავით ტერ-დავიდოვი. „ჟოკეი კლუბში“ მყოფი სხვა პირები მიიმალნენ.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, მიხეილ ბენდერსკი იყო ფრეილინის ქუჩაზე მდებარე „ჟოკეი კლუბის“ მეპატრონე.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციის მოსამსახურეებმა მამი-რიზდევის საჩაიეში და მამედ-ალი-ჯაფარ-ოღლის ბინაზე აღმოაჩინეს ბანქოსი და ბაიბურთის აზარტული თამაშები, ასევე დიდი რაოდენობით უბანდეროლო ბანქოს სათამაშო ქაღალდი და მათარები ბაიბურთის სათამაშოდ. დამნაშავეები მისცეს პასუხისგებაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს აკაკი მამფორია ქუთაისის გუბერნიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული ნაწილის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს მილიციის უფროსის განკარგულებით მე-3 უბნის კომისარი კ. კვესაძე დააპატიმრეს. მას მექრთამეობა დააბრალეს.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის ივლისში ეგზარქოსის მოედნიდან ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს არშაკ აკოპოვი – სიღნაღის მკვიდრი, მდიდარი და ცნობილი ადამიანი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ნ. გიორგობიანმა გამოიგონა ახალი მანქანა, რომლის საშუალებითაც თონეში შეშის მაგივრად მაზუთის გამოყენება შეიძლებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ჭიათურის თვითმმართველობის სამსახურში გამართულ ქალაქის საბჭოს კრებას დაესწრნენ: პლატონ მოდებაძე, ევსევი თოდუა, ისიდორე ხარატიშვილი და 14 ხმოსანი. სხდომაზე მოხსენებები წაიკითხეს და სესხის აღების საკითხი განიხილეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს მთავრობის დადგენილებით, მხატვარ მოსე თოიძეს სურათების მოძრავი გამოფენის მოსაწყობად 10000 მანეთი გადაეცა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც მილიციელებს სამუშაო საათებში რესტორანში შესვლა და სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება ეკრძალებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით მკაცრად დაისჯებოდნენ და სამსახურიდან დაითხოვდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 ივლისს გამართულ თბილისის საბჭოს სხდომაზე გამგეობის წევრმა ფანიაშვილმა წაიკითხა მოხსენება ქალაქში აგრარული რეფორმის გატარების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ბათუმიდან თბილისში, ნავთლუღის სადგურზე, ჩამოსული მაშადი ჯაფარ-ოღლი ბოროტმოქმედებმა მოკვლის მუქარით სასტუმრო „ბელგიაში“ შეიყვანეს და 32 700 მანეთი და 56 ოქროს ლირა წაართვეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა ალექსანდრე წულუკიძემ თბილისის მაზრის შენობაში გამართულ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადო კრებაზე წაიკითხა მოხსენება „რამდენიმე შემთხვევა სისხლდენის გაჩერების შესახებ ღვიძლის ტკივილით დაჭრის დროს“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა ალექსანდრე მაღალაშვილმა თბილისის მაზრის შენობაში გამართულ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადო კრებაზე წაიკითხა მოხსენება „თბილისი, როგორც კურორტი“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა დ. ახვლედიანმა თბილისის მაზრის შენობაში გამართულ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადო კრებაზე წაიკითხა მოხსენება „ახტალა“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პროფესორმა იასონ პავლეს ძე მოსეშვილმა თბილისის მაზრის შენობაში გამართულ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადო კრებაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: „უწერის წყლები, ბახმაროს და წყალტუბოს აბანოები“.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს გარდაიცვალა ჟურნალისტი ვასილ ლიმაროვი, რომელიც თბილისის ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შემდგარიყო კომისია, რომელიც აღწერდა ქართული ეკლესია-მონასტრების ქონებას და სათანადო აქტებს შეადგენდა. კომისიაში უნდა შესულიყო ორი პირი, აღწერის ჩატარებაში მათ უნდა დახმარებოდა ადგილობრივი ერობის ერთი წარმომადგენელი. კომისიის შედგენა დაევალა მთავრობის თავმჯდომარეს, სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფოს 10-მილიონიანი ფონდიდან გამოიყო 10 000 მანეთი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს თბილისის სასამართლო პალატის დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ პლავსკი საკუთარი თხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ახალშენში მდებარე მ. მიქიაშვილის ბინაში 3 შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ მუქარით წაიღეს 1 000 მანეთის ნივთები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ვარციხის სახელმწიფო მამულში დასაქმებული მუშები ეკონომიკური პირობების გამო გაიფიცნენ. გაფიცულებთან მოსალაპარაკებლად ჩასული შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წელს თბილისის მკვიდრმა გუსეინ გასან-ოღლიმ ალი ბაბა-ოღლის მოტყუებით წაართვა 36 000 მანეთის ღირებულების საგალანტერიო საქონელი. მილიციამ ბრალდებული დაიჭირა და დააპატიმრა, საქონელი კი პატრონს დაუბრუნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში დამფუძნებელმა კრებამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წამსვლელთათვის 2 000 000 მანეთი გამოყო. სტიპენდიის განაწილების წესის შესამუშავებლად განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნა საუწყებათაშორისო კომისია, რომელშიც გაერთიანდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დამფუძნებელი კრების კომისიების წარმომადგენლები, მათ შორის იყო ნოე რამიშვილიც.