რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 იანვარს ერმილე მაჭავარიანის სახლში მისი მეზობელი, იაკო მაჭავარიანი შეიჭრა და ერმილე ხანჯლით დაჭრა. ერმილეს ცოლი მიეშველა, რომელიც ჩხუბის დროს ასევე დაშავდა. ეს ამბავი ბ. ღოღობერიძეს აცნობეს, თუმცა მან უბედური შემთხვევის მიზეზის გამოძიება ვერ შეძლო. დაჭრილებს ექიმები მკურნალობდნენ, თუმცა მათი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო ერმილეს მეუღლე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში გორის კლუბის დარბაზში გაიმართა გორის მაზრის მემამულეების სამეურნეო ამხანაგობის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობისა და კომიტეტის წევრები. კრების თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი, თუმცა კონსტანტინემ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აიღო, რადგან, მისი თქმით, კარგად არ იცნობდა საქმის ვითარებას. ხელმეორედ გამართული არჩევნების შედეგად თავმჯდომარედ ნიკოლოზ ერისთავი დაინიშნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „ნორ-დარის“ ცნობით თბილისში მალე დაიბეჭდებოდა სომხური ჟურნალი „მიტკი“ – „ფიქრი“, რომლის გამომცემელი არშაკ ბაბიანი იყო.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ, გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, მაისში გაიმართებოდა თბილისის ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე შანშიევის საქმის განხილვა. მას ობლების ფულის გაფლანგვა ედებოდა ბრალად.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მაისში გაიმართებოდა მიხეილ ერისთავის საქმის განხილვა, რომელსაც ბრალდებოდა უფლებამოსილების გადაჭარბება და სხვა დანაშაულები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 თებერვალს გაიმართა კრება შავი ზღვის მიდამოებში მოსახლეობის დასახლების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოვიდა ა. ს. ერმოლოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხში მნიშვნელვანი იყო ეკონომიკური მხარე და ყაზახების დასახლება სამეურნეო სამუშაოების გასამართად არ იქნებოდა მომგებიანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 15 თებერვალს პოლიციის ბოქაულის თანაშემწე კ. სვიმონოვმა ჯგუფური ქურდობის ბრალდებით დაიჭირა მირ-აღა იბრაიმ-ოღლი, აღაჯან შაქაროვი, ანდრია მარტიროსიანცი და კოსტანოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე გამოთქვეს მოსაზრება, რადგან სამუსიკო სკოლის საქმე კარგად წარიმართა, აღარ დაეფინანსებინათ სკოლის 6 მოსწავლე 326 მანეთით. ამ საკითხთან დაკავშირებით ალიხანოვმა საბჭოს განუმარტა, რომ აღნიშნული თანხით არა სამუსიკო სკოლას ეხმარებოდნენ, არამედ 6 ღარიბ მოსწავლეს აძლევდნენ საშუალებას ესწავლათ სკოლაში, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ შესაფერის ადგილას დასაქმდებოდნენ. საბჭომ გაითვალისწინა ალიხანოვის მოსაზრება და გააგრძელა ღარიბი მოსწავლეების დაფინანსება.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გარდაიცვალა ანნა იოსების ასული ბუდაღოვისა, რომელიც 40 წლის განმავლობაში ბებიაქალი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე ვეისენგოფმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა თუ გაიღებდნენ თანხას სახელოსნოს მოსწავლეებისათვის, რათა შეესწავლათ კავკასიური ჩუქურთმები და ორნამენტები. საბჭომ დაადგინა, რომ წელიწადში 200 მანეთი გადაეცათ სახელოსნო სასწავლებლისათვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე იზმაილოვმა განაცხადა, რომ ვერის ხიდზე ტროტუარის გაკეთება მოსახლეობას გაუადვილებდა ფეხით გადაადგილებას, მათი სიხშირე კი ეტლებით გადაადგილების მოთხოვნას გაზრდიდა, რაც შემოსავლიანი იქნებოდა ქალაქისათვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე სტანისლავ ვეისენგოფმა განაცხადა, რომ ვერის ხიდზე ტროტუარის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა მოქალაქეთათვის, რადგან კუკია და ვერა ერთმანეთს ამ ხიდით დაუკავშირდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 15 თებერვალს ქალაქის საბჭო განიხილავდა გამგეობის მოხსენებას გალუსტოვისა და არუთინოვის დავის შესახებ სახლის თაობაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს უნდა განეხილა თამამშევის აზრი, რომ გადაემოწმებინათ 1887 წლის 15 ინისის გადაწყვეტილება თუ რა ადგილი დაეთმოთ საყასბოსათვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ განიხილეს თუ როგორ ითამაშეს 1888 წლის 14 თებერვალს წარმოდგენილი სპექტაკლები „გემრიელი ლუკმა“ დავით ერისთავის მიერ თარგმნილი რუსულიდან და რაფიელ ერისთავის „ბიძასთან გამოხუმრება“ შემდეგმა მსახიობებმა: კ. მაქსიმიძემ, ქ. ანდრონიკოვისამ, ვასილ აბაშიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისამ და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 15 თებერვალს ქალაქის საბჭო განიხილავდა გამგეობის მოხსენებას პრასკოვია ვიხოდცევისას თხოვნის შესახებ, რომელსაც ესაჭიროებოდა დახმარება, ვინაიდან ქალაქის არხთან ახლოს მდებარეობის გამო სახლი მეტად ნესტიანი და ნოტიო იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე ქოჩორიანცმა ვერის ხიდზე ტროტუარის გაკეთების შესახებ განაცხადა, რომ ვერის ხიდი ტროტუარის გარეშეც დიდ ზარალს იძლეოდა და ტროტუარის გაკეთება კიდევ უფრო დიდ ზარალს მოუტანდა გამგეობას. მისი აზრით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა ფეხით გასვლა-გამოსვლის თანხასაც გადაიხდიდა, მაშინ შეიძლებოდა ამ საკითხზე ფიქრი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის პირველ მარტს ივანე ანდრიას ძე ელიოზოვმა გამოუშვა ჟურნალ „მნათობის“ პირველი ნომერი.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 15 თებერვალს ქალაქის საბჭოს კრებაზე სიტყვით გამოვიდა ივანენკო, რომელმაც განაცხადა, რომ სპარსული წესით ქუჩების დაგება ძალიან ძვირი ჯდებოდა და თან მალევე ფუჭდებოდა, ამიტომ სხვა რამით უნდა ჩაენაცვლებინათ. ივანენკოს გამოეხმაურა სტანისლავ ვეისენგოფი, რომლის აზრით, უკეთესი მასალა უფრო ძვირი დაჯდებოდა და სჯობდა ერთი ზომის ქვა დაეგოთ ქუჩებში, რომელსაც ეტლის თვლები ვეღარ გააფუჭებდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის სტატია თელავში გამართულ „თელავის დამზოგველ-შემნახველ საზოგადოების“ კრების შესახებ. მისი გადმოცემით კრება სრულფასოვნად არცერთხელ არ ჩატარდა და წევრების დაუსწრებლობის გამო რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ კრება 31 იანვარს შედგა და განიხილეს გასული წლის ანგარიში. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბანკის წევრთა სიაში იყვნენ ისეთი გლეხები და თავადაზნაურები, რომლებიც დათქმულ დროზე არ იხდიდნენ სესხის თანხას ან კიდევ საერთოდ არ იხდიდნენ, ამიტომ ბანკის გამგეობის ახალ წევრებს გულმოდგინედ უნდა ემუშავათ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორებულიყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ლ. ხიდდეკელისა და გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა გრიგოლ ტატიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „კანვაზედ საკერი ქართული ანბანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ყარამან მაჭავარიანი ბოქაულ ოჰანეზოვთან ერთად შეხვდა სოფელ ბრილის მოსახლეობას და მოსთხოვა მათზე დაკისრებული გადასახადი გადაეცათ მისთვის, თუმცა ისევ უარი მიიღო. ამის გამო ბოქაულმა ოქმი შეადგინა ბრილში მცხოვრები გლეხების სახელზე და წარუდგინა პროკურორს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ბრილში არსებული სახნავ-სათესი მიწები ნ. დიასამიძემ იჯარით გადასცა ყარამან მაჭავარიანს. სოფელი მაჭავარიანს ემსახურებოდა ისე, როგორც ნ. დიასამიძეს, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მოსახლეობამ მაჭავარიანს უარი განუცხადა მუშაობის გაგრძელებაზე, აღარც მიწის გადასახადს აძლევდნენ და აღარც ტყისა, ამიტომ ის იძულებული გახდა სურამის სასამართლოში ეჩივლა მათთვის. მოსამართლე კაფაფოვმა მოიჯარე გაამართლა და გლეხებმაც აღიარეს თავიანთი დანაშაული, თუმცა მაინც ვერ გადაიხადეს მათზე დაკისრებული გადასახადი.

