საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81817

1919

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცია“ ცნობით, პარიზიდან ბაქოში დაბრუნდნენ ვერსალის კონფერენციის მთიელი დელეგატები: იბრაგიმ-ბეკ ჰაიდაროვი და ხ. ხაძარაგოვი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანში სამთავრობო კრიზისია იყო. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნასიბ-ბეკ უსუბეკოვმა 13 სექტემბერს გადადგომის თხოვნით მიმართა პარლამენტს, მიზეზად კოალიციურ პარტიათა შორის უთანხმოება და სამთავრობო უმრავლესობის უყოლობა დაასახელა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ წერადა, რომ 13 სექტემბერს, შაბათს, თბილისში, ვერის დაღმართზე მოხდა ტერორისტული აქტი: ორი ბომბი შეუგდეს მანქანას, რომლითაც თანმხლებ პირებთან ერთად მგზავრობდა გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი – სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. აფეთქებას ემსხვერპლნენ სამნი: მძღოლი, მისი თანაშემწე და პოლკოვნიკი სელიმ ალხავი. გენერალი ბარათოვი ფეხში დაიჭრა მძიმედ, ხოლო გენერალი ოდიშელიძე – თავში. გაზეთისავე ცნობით, ოპერაციის შემდეგ ბარათოვი მომჯობინებას იწყებდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

„ვოლნი გორეცი“ ეხმიანება ჩრდილოკავკასიელ მთიელთა (დაღესტნელთა, ჩეჩენთა, ჩერქეზთა, ინგუშთა) თავგანწირულ ბრძოლას თავისუფლებისათვის და გმობს „დობროარმიის“ სასტიკ ქმედებებს. გაზეთი მე-20 საუკუნის სისხლიან ივანე კალიტად მოიხსენიებს დენიკინს, ხოლო მის მომხრეებს – რომანოვთა ლაქიებად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 აგვისტოს თბილისში გაიხსნა მთიელთა კომიტეტის მიერ მოწვეული ჩრდილოკავკასიელ პოლიტიკურ მოღვაწეთა კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ „დობროარმიასთან" მებრძოლი ორი დაჯგუფების ლიდერთა – უზუნ-ჰაჯისა და ალი-ჰაჯი ახუშელის – წარმომადგენლები, ასევე დელეგატები ანტიდენიკინურად განწყობილი სხვა მხარეებიდან, სულ – 40 კაცამდე. კონფერენცია გახსნა თავმჯდომარე აჰმედ ცალიგოვმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ შეიქმნებოდა მთიელთა დაქსაქსული ძალების გამაერთიანებელი პოლიტიკური ცენტრი. კონფერენციამ აირჩია პრეზიდიუმი, მიიღო დღის წესრიგი და მოისმინა კომიტეტისა და სხვადასხვა კუთხის დელეგატთა მოხსენებები.

1919

ტიპი: ავტორობა

პაოლო იაშვილი „დიდი მეჯლისისათვის“ გაგზავნილი მგზნებარე წერილით ეხმიანება თავისუფლებისათვის მებრძოლ მთიელებს, იზიარებს მოძმეთა ტკივილს და იმედს გამოთქვამს, რომ მალე გაუმართლდება კავკასიის საზეიმო აღდგომის მოლოდინი.

1919

ტიპი: ღონისძიება

„ვოლნი გორეცი“ საგანგებო ანკეტით მიმართავს ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს. თემა ერთადერთია: რას ფიქრობს საქართველოს მოძმე დემოკრატიული რესპუბლიკა კავკასიელ მთიელთა ბრძოლაზე, მთიელთა რესპუბლიკის აღდგენის შესაძლებლობაზე. გაზეთის ამ ნომრის რესპონდენტები არიან: რაჟდენ არსენიძე, ნიკო ნიკოლაძე, გრიგოლ ვეშაპელი, გრიგოლ რობაქიძე და პაოლო იაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოეტი გრიგოლ რობაქიძე ამბობს, რომ რუსეთში ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ველურებად მიიჩნევენ, რომელთა ხვედრიც გადაჯიშება ან გადაშენებაა, მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან: კავკასიელები უძველეს ხალხთა შთამომავლები არიან და თუ მათ თავისუფალი განვითარების საშუალება მიეცემათ, მსოფლიო კულტურა ამით მხოლოდ მოიგებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, კავკასიელ მთიელთა საკავშირო მეჯლისის დელეგაცია ეწვია პოლკოვნიკ გასკელს (ჰასკელს) და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მას, როგორც ანტანტის სახელმწიფოთა წარმომადგენელს, გადასცა საპროტესტო წერილი, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი დენიკინის „დობროარმიის“ დანაშაულებრივი ქმედებები კავკასიის ტერიტორიაზე. მთიელთა ოთხპუნქტიან მოთხოვნებს ხელს აწერდნენ კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისის თავმჯდომარე აჰმედ ცალიკოვი და მდივანი აბას-აღა ეფენდიევი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთში „ვოლნი გორეცი“ ევგენი ჟარკოვსკი გაზეთის წინა ნომერში დაწყებულ თემას აგრძელებდა – აანალიზებდა თერგის ოლქში მუშათა მოძრაობის დამარცხების მიზეზებს. ჟურნალისტის თქმით, მოხდა რევოლუციის მტრების გასახარი საქმე: გზა გაეხსნა დენიკინის ელვისებურ წინსვლას ამ მხარეში, დონზე კი ატამანი კალედინი ბატონობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის თერგის მხარის სამხედრო-რევოლუციური საბჭოების ხელმძღვანელთა დანაშაულებრივი ქმედებების მიზეზად მიაჩნდა: საკუთარი ძალების გადაჭარბებული შეფასება, გრანდიოზული თავდასხმების დაგეგმვა ინგუშეთზე, ვედენოზე – მთიელთა შარიათის ჯარის რეზიდენციაზე და მოლაპარაკებების გამართვა ჩეჩნეთის დიქტატორთან – აჰმედ-ხან პირველად წოდებულ მუტუშევთან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ ეხმიანება აზიზ მექერის წიგნის გამოსვლას ბერნში. რეცენზიაში აღნიშნულია, რომ „რუსები ჩერქეზეთში" მაღალპოლიგრაფიული ფრანგულენოვანი გამოცემაა და იგი კავკასიისმცოდნეობის დიდი შენაძენია. მასში განხილულია კავკასიელ მთიელთა ცხოვრება რუსების გამოჩენამდე და მას შემდგომ (1760-1864 წწ).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ 20 სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ავადმყოფი ივანოვას სამსახურში დაბრუნებამდე დროებით დაეშვათ დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა. ჭელიშვილმა სამინისტროს ალიხანოვას სამსახურის შესახებ თხოვნაც გაუგზავნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში გრიგოლ ვეშაპელმა განაცხადა, რომ ქართულ და ჩრდილო კავკასიელთა ენებს ენათმეცნიერები ცალკე მდგომად ანუ იზოლირებულ ჯგუფად განიხილავენ. ამ იზოლაციამ ლინგვისტიკიდან პოლიტიკაშიც გადაინაცვლა, ამიტომ საჭირო იყო სხვა ქვეყნებთან სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის დამყარება.

1919

ტიპი: ავტორობა

ქართველი პოლიტიკოსოსა და პუბლიცისტის – გრიგოლ ვეშაპელის – განცხადებით, ვიდრე დარიალის კარიბჭესთან ქართული დროშის გვერდით, ნაცვლად მეზობელი მთიელებისა, გადამთიელ კაზაკ-მოსკოველთა დროშა ფრიალებს, კავკასიაში ვერ შეიქმნება პოლიტიკური წონასწორობა და ვერც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა იქნება მყარი.

1919

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „კლდის“ რედაქტორი, ეროვნული პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი კრების წევრი – გრიგოლ ვეშაპელი – „ვოლნი გორეცის“ თხოვნით აფასებს ჩრდილო კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს: ქართველი პოლიტიკოსის აზრით, საქართველომ ქმედითი მონაწილეობა უნდა მიიღოს მთიელთა თავისუფლების აღდგენაში, რადგან კავკასიაში მცხოვრებ მრავალეროვან ხალხთაგან „კავკასიელები“ მხოლოდ ქართველები და მთიელები არიან, ანუ ისინი, რომელთა რასა და ენაც მხოლოდ კავკასიაშია და რომელთა ბედიც განუყოფლადაა ერთმანათთან დაკავშირებული.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, მთელი დაღესტანი აღიარებს შეიხ ალი-ჰაჯი ახუშელის ძალაუფლებას: თემირ-ხან-შურის, პეტროვსკისა და დერბენტის გარდა, მთელი დაღესტანი აჯანყებულთა ხელშია, მათ დაიკავეს ზღვიდან მთებზე გადასასვლელები – აზერბაიჯანის საზღვრიდან მდ. თერგამდე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, სოფელ წუდახარში დაღესტნის ათივე ოლქიდან შეკრებილმა წარმომადგენლებმა დაგეგმეს აჯანყება, რომლის დაწყებაც წუდახარელებს ერგოთ წილად. მართლაც, მეორე დღეს, ხუთშაბათს, 21 აგვისტოს, სამხედრო ბეგარისთვის კენჭისყრაზე შეკრებილმა ხალხმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადა უბნის მეთაურს – აბდულ რახმან ყადიევს.

1919

ტიპი: ღონისძიება

გაზეთის ცნობით, თავად ოლქის უფროსის, პოლკოვნიკ მაჰომედოვის მეთაურობით ურჩი წუდახარელების დასასჯელად მიმავალ კაზაკთა რაზმს ხაჯალ-მახიში თავს დაესხნენ სოფლელები და განაიარაღეს. საკუთარ სახლში თავშეფარებული და აჯანყებულების მიერ ალყაშემორტყმული მაჰომედოვი კი მხოლოდ უხუცესთა შუამდგომლობამ იხსნა სიკვდილისაგან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ საკუთარი კორესპონდენტის ცნობით, წუდახარელმა და ხაჯალ-მახელმა აჯანყებულებმა გაერთიანებული ძალებით იერიში მიიტანეს სოფელ ლევაშიზე და ხანმოკლე შეტაკების შემდეგ გამოიხსნეს ალი-ჰაჯი ახუშელი, რომელიც გათავისუფლებისთანავე შეუდგა აჯანყების ხელმძღვანელობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტის თქმით, დაღესტნელმა აჯანყებულებმა ყურანზე დაიფიცეს, რომ სიკვდილს ამჯობინებდნენ დენიკინის დამქაშის, დაღესტნის მმართველის გენერალ ხალილოვის მონობას.

1919

ტიპი: ავტორობა

„ვოლნი გორეცის“ რედაქტორის – აჰმედ ცალიგოვის – აღფრთოვანებული შეფასებით, უზუნ-ჰაჯისა და ალი-ჰაჯის მეთაურობით მოწყობილი აჯანყებებით კვლავ დგება დროება დიდი იმამ შამილისა!

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, კავკასიელ მთიელთა საკავშირო მეჯლისმა სამ (არაბულ, თურქულ და რუსულ) ენაზე გაავრცელა მოწოდება ყველა მთიელისადმი. გაზეთის რუსულ ტექსტში ნათქვამია, რომ თბილისში ჩატარებულმა მთიელ მოღვაწეთა ყრილობამ (1919 წლის 27 აგვისტო-3 სექტემბერი) დაადგინა კავკასიის მთიელ ხალხთა საკავშირო მეჯლისის შექმნა (თავმჯდომარე – აჰმედ ცალიგოვი), რომელსაც უნდა წარემართა მთიელთა პოლიტიკური ცხოვრება, მჭიდრო კეთილმეზობლური ურთიერთობები დაემყარებინა ყველა თვითგამორკვეულ რესპუბლიკასთან, პირველ ყოვლისა – საქართველოსა და აზერბაიჯანთან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, მეჯლისი მხარს უჭერდა იმ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც ჩეჩნეთში უზუნ-ჰაჯის მეთაურობით მიმდინარეობდა.

1919

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დამფუძნებელი კრების ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრის, ვერსალის საზავო კონფერენციის დელეგატის – ნიკო ნიკოლაძის განცხადებით, მთიელები ავანგარდს წარმოადგენენ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში, რადგან მათ შეაჩერეს ბოლშევიკთა სვლა სამხრეთისაკენ.