რეგისტრირებული ფაქტები89237
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მის შუათანა ძმა სანდროს თბილისიდან ვარიანში ჩამოჰყავდა პირები, რომლებსაც მასწავლებლებად ასაღებდა და მამის ოჯახში აჩერებდა. მხოლოდ დიდობაში გაიგო შიომ, რომ ყველა ის პირი სოციალისტი იყო და მთავრობისგან დევნილებს მისი ძმა მალავდა, რადგან მღვდლებს მაშინ დიდი ნდობა ჰქონდათ.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისის გარდაცვალებისა და ოჯახისეული სახლ-კარის დაკარგვის შემდეგ მისმა შუათანა ძმამ, სანდრომ დურგლობას თავი დაანება და ჯავაში გადავიდა დიაკვნად.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მის შუათანა ძმას, პროფესიით დურგალ სანდროსა და ძმის მეგობარ კურცხალიას ყარსში დიდი საქმე აეღოთ, მაგრამ შიოს მამის გარდაცვალების გამო იქ წასვლა ვეღარ შეძლებიათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ მომხდარ არეულობასა და ერთა შორის დამოკიდებულების შესახებ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 მაისს ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა გადმოხვეწილთა საქმეების ხელმძღვანელი, გენერალი თამამშევი და ამ საქმეების კომისრებად გაამწესა ხოსრო ფაშა ბეგი სულთანოვი და ს. ტიგრანიანი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 20 მაისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ბათუმის ოლქის მასწავლებელთა კავშირის ქართულმა სექციამ აირჩია გამგეობა შემდეგი შემადგენლობით: ილია ფერაძე, არსენ წითლიძე, თეოდოსია ჯაყელი, ალექსანდრე მგელაძე და სალომე ხიმშიაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 თებერვლის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, თბილისში დაბრუნდა აკაკი ჩხენკელი, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში იყო მივლინებით. მისი თაოსნობით ქუთაისში შეიქმნა შერეული კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა საერთო პლატფორმა პოლიტიკურ პარტიათა მოსარიგებლად და სამოქმედოდ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო მიხეილ მაჩაბელი, მდივანი – დავით ცერცვაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 5 თებერვალს ქალაქ ქუთაისის ექიმი, დ. ლორთქიფანიძე საგუბერნიო ექიმის თანაშემწედ დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ფრონტის სხვადასხვა ნაწილების უფროსებს, რომ ხელი შეეწყოთ თბილისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მიხეილ გრუზინსკისა და ამავე ბანკის ბათუმელი აგენტის, პავლე მჭედლოვის წასვლისთვის ქალაქ ბათუმში საბანკო საქმეების მოსაგვარებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით როსტომ ყაზბეგს შეგროვილი თანხით უნდა ეყიდა სიმინდი და გაეგზავნა თბილისში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებების ქართველ მოსამსახურეთა დამფუძნებელმა კრებამ დადგენილება გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, რის თანახმადაც, უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს სუვერენული უფლებები, ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სხვადასხვა სახელმწიფოებთან და მოლაპარაკება უნდა გამართულიყო საქართველოსა და ოსმალეთს შორის ზავის დადების შესახებ. ხელს აწერენ: ვალერიან ბაქრაძე, სოლომონ მაჩაბელი, სვიმონ ღვთისავრიშვილი, ვიაჩესლავ ადამოვი, ივანე აფხაზი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა კრების თავმჯდომარემ, დომენტი არონიშიძემ. ქართველ სტუდენტთა საერთო კრებამ დაადგინა: ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის საკითხში მოხდეს ცვლილებები. კერძოდ, აღიარებული იქნას ქართელი ერის სახელმწიფოებრივი უფლება და სახელმწიფო ერთეულმა შეასრულოს ყველა საერთაშორისო იურიდიული წესი. ეს უფლება განახორციელოს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომლის მიერ არჩეულ მთავრობას მიენიჭოს დროებითი მთავრობის ფუნქციები, სანამ მოწვეულ იქნება საქართველოს დამფუძნებელი კრება.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 16 მაისს ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების მთავარმა გამგეობამ საზოგადოების წარმომადგენლებად გადმოხვეწილთა და ომისგან დაზარალებულთა საბჭოში აირჩია: ვ. მ. მაჩაბელი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა, გ. ცინცაძე და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 იანვარს სომეხ მწერალთა საზოგადოებაში სარგის კაკაბაძემ რეფერატი წაიკითხა შოთა რუსთაველისა და მისი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 18 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სვანეთის კომისიის მღვდლის, მიხეილ მჭედლიძის მიერ რედაქციისადმი მიწერილი წერილის შესახებ, რომლის თანახმად ივლისის თვეში მომხდარი არეულობის გამო სვანეთში ჯარის თანხლებით ჩასულა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ვლადიმერ ლევაშოვი, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულა და არეულობის მოთავე პირები, რომლებიც ლევაშოვის ბრძანებით დააკავეს, ხალხის თავდებობით გაუთავისუფლებიათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 მაისს თბილისში ჩამოვიდა სენატორი რუაძე, რომელსაც იუსტიციის სამინისტროსგან დავალებული ჰქონდა, თბილისის სამოსამართლო პალატის საქმიანობა გამოძიება იმ პერიოდში, როდესაც მისი თავმჯდომარე ს. ს. ლაგოდა იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე არაბიძემ სანკტ-პეტერბურგში გამართა წიგნებით ვაჭრობა და ქართველ გამომცემლებს სთხოვა, ყოველთვის გაეგზავნათ მისთვის ნაშრომების ათ-ათი ეგზემპლარი. განაცხადში მითითებულია მისი მისამართი სანკტ-პეტერბურგში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოსცა მოწმობა იმის შესახებ, რომ ინჟინერი ბარნაბა პაპავა მიემგზავრებოდა ბათუმში სხვადასხვა საქმეების მოსაგვარებლად.

