რეგისტრირებული ფაქტები81393
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 9 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სკოლების გახსნასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი მიზეზების განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: აკაკი როსტომის ძე წერეთელი, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ განმარტა სკოლების გახსნასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად არჩეული კომისიის დანიშნულება. კავკასიის ოლქის მზრუნველმა საზოგადოებას უარს განუცხადა კერძო სკოლების გახსნაზე და საზოგადოების თანხით მხოლოდ პირველდაწყებითი სახალხო სკოლების დაარსების უფლება მისცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 აპრილს სათავადაზნაურო სკოლის საღმრთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართავს თხოვნით, დროებით დაუთმონ „ახალი აღთქმის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად საჭირო ხეზე ნაკვეთი ყვავილებიანი ასომთავრულები. დაკარგვის შემთხვევაში მთხოვნელი კისრულობს ზარალის ანაზღაურებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუჭუა აფაქიძის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა მას სააფაქიძიო ეწერში, სამეგრელოში მის მიერ დაარსებული სამრევლო სკოლის მასწავლებლისთვის ხელფასის, 10 მანეთის დანიშვნით.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბუჭუა აფაქიძის თხოვნის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ სამეგრელოს სამრევლო სკოლების ზედამხედველ თედო ჟორდანიას შეესწავლა აფაქიძის დაარსებული სკოლის მდგომარეობა და ეცნობებინა გამგეობისთვის მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს აცნობა, რომ ალექსანდრე ბაქრაძის ჭირისუფლებმა საზოგადოებას გარდაცვლილის ყულაბა გადასცეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 თებერვალს სათავადაზნაურო ბანკში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმ კომისიიის კრება, რომელსაც დავალებული ჰქონდა სკოლების გახსნასთან დაკავშირებულ პრობლემათა გამორკვევა. კრებას დაესწრნენ კომისიის წევრები: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე და გამგეობის მდივანი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძის მოხსენება, რომ ფოტოსახელოსნოსთვის ბინა დაექირავებინათ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, რომელსაც სახლის პატრონი სპეციალურად ააშენებდა ფოტოგრაფიისათვის, იმ ადგილას, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნო იყო. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 აპრილს ქართველმა სტუდენტების მიერ პეტერბურგიდან თბილისში ილია ჭავჭავაძისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მათ საბერძნეთში თანაგრძნობის დეპეშის გაგზავნა უნდოდათ, საბერძნეთის ელჩსაც შეუთანხმდნენ, მაგრამ სტუდენტთა დიდი ნაწილის უარის გამო აღარ გაგზავნეს.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 3 აგვისტოს შალვა ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტერბურგიდან თბილისში წერილით შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, მას იმ წელს აუცილებლად უნდა დაემთავრებინა უნივერსიტეტი. ის უსახსრობის გამო გამგეობისგან ითხოვდა დახმარებას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკა ცუდ მდგომარეობაში იყო და მის მოსაწესრიგებლად 500 მანეთს გზავნიდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს სთხოვა ჟენევის ბიბლიოთეკის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი ცნობების მიწოდება და იმ პირთა მოძებნა, რომლებიც წიგნებს აღწერდნენ და ვინც ბიბლიოთეკას ზედამხედველობას გაუწევდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის თებერვალში პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში დაარსებული ბიბლიოთეკის (მისივე სურვილით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილებას რომ წარმოადგენდა) ხელმძღვანელობა ჟენევის ქართველ სტუდენტობას დაევალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტს ლავრენტი მელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟენევიდან მისწერა, რომ პეტრე ზუბალაშვილის დაარსებული ბიბლიოთეკის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოში გამოსაგზავნ წიგნებს აკლდა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამოცემა. ძიების შემდეგ მიაკვლიეს 5 წიგნს, რომლებიც ვიღაცას გაეყიდა. ეს წიგნები, ლავრენტი მელაძის თქმით, ერთ-ერთმა ამხანაგმა გამოისყიდა და მელაძე საზოგადოებისაგან ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის გამგე სიმონ გაჩეჩილაძის შესახებ იუწყება, რომ მან განსაკუთრებულ ნიჭთან ერთად გამოიჩინა იშვიათი ენერგია. საგნის ცოდნით, სიყვარულითა და მუყაითობით დაიმსახურა როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისა და საზოგადოების პატივისცემა და სიყვარული.