საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები960

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1926

ტიპი: ნასამართლეობა

თავისუფალი ეკლესიის დამაარსებელი არქიმანდრიტი ბენიკი სასახლის ქუჩის N7-ში მდებარე ეკლესიას განაგებდა, მას შემდეგ რაც იქედან გამოაძევა ძველი ეკლესიის მოყვარულები, მათ შორის მათი ხელმძღვანელი სააკ სააკიანი, რომელსაც ამით შემოაკლდა შემოსავალი და დაიწყო მორწმუნეთა აგიტ-პროპაგანდა, რაშიც  ჩართული იყო მისი ცოლიც - ანნა ლიბარიტი, აგრეთვე ხეჩუმოვი ვახტანგ, აგბეშევი სავილი და გრიგორიანი სარქისი. ყველა მათგანი დაპატიმრებულია და წარდგება სასამართლოზე.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 15 აგვისტოს კონსტანტინე ეფრემის ძე გამყრელიძე ბიძაშვილის სახლში შეიპყრეს და შემდეგ გაასამართლეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აღნიშნა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და საბოლოოდ აქცია ზურგი მენშევიკებს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

პავლე (რასტემინ) პეტრეს ძე რაზავისს, რომელსაც 1920-1921 წლებში ფოსტის უფროსის თანამდებობა ეკავა, ბრალად დასდეს ტუსაღების ცემა და მიუსაჯეს პატიმრობა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ჩეკას კომენდანტურამ კომისარ ჟაროვის სახელზე ილარიონ გიორგაძისა და სამსონ დობორჯგინიძის დაკავების ორდერი (N6387) გასცა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 15 თებერვალს თბილისში, ალექსანდრეს ქუჩაზე (სახლი N41), საგანგებო კომისიის აგენტებმა ბანდიტების ხელმძღვანელი და მენშევიკური ცკ-ის წევრი გოგიტა ფაღავა შეიპყრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 22 სექტემბერს საქართველოს ჩეკაში დააკავეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს ილარიონ გიორგაძის მიერ საქართველოს ჩეკაში შევსებული ანკეტის მიხედვით ირკვევა, რომ იგი 16 სექტემბერს გრიბოედოვის ქუჩაზე დააპატიმრეს, 17 სექტემბერს ჩეკას თანამშრომელმა სტეპანოვმა დაკითხა, მაგრამ ბრალდება არ წაუყენებიათ.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 4 ივნისის გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა წერილი ფასანაურის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ისიდორე ტუჩაშვილის შესახებ, რომელსაც ბრალად ედებოდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის (3500 მანეთი) გაფლანგვა. პროკურატურის ცნობით, ეს ფაქტი დადასტურდა და ტუჩაშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

1935

ტიპი: ნასამართლეობა

1935 წლის 31 აგვისტოს ნიკიტჩენკოს თავმჯდომარეობით სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დაიწყო თეთრგვარდიელების – ი. ვ. კობილკინის, ე. ლ. პერელადოვისა და ვ. ვ. ოლეინიკოვის – სასამართლო პროცესი. ისინი დივერსიული საქმიანობის ბრალდებით სსრკ-ის ტერიტორიაზე მანჯურიიდან შემოპარვისთვის დააკავეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბერში სოცუზრუნველყოფის სახალხო კომისარიატის საკლუბო კომისიის დირექტორი სოლომონ ახვლედიანი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კოჯრის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე შალამბერიძეს, გამგეობის წევრებს სურმავასა და გოგელიას, ასევე ბუღალტერ კანკავა-„ფარულავას" ბრალად ედებოდათ სახელმწიფო ქონების მითვისება და დიდი ოდენობით საქონლის ნისიად გაცემა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კოჯრის სატყეო ტრესტის საწყობის გამგე ბურდულს ბრალად ედებოდა 1200 მანეთის გაფლანგვა, რაც არ დადასტურდა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის 11 ნოემბერს სამხედრო ტრიბუნალს ვლადიმერ იაკობის ძე პეტრაშევსკის საქმე უნდა განეხილა. მას ბრალად ედებოდა აფერისტობა, ყალბი საბუთების შედგენა და სხვ. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

1926 წლის ნოემბერში საქართველოს საოლქო სასამართლომ ბრალდებულ ევგენი გერასიმეს ძე პაჭკორიასა და ჯიტო (აკაკი) ქარდავას მიუსაჯა დახვრეტა შეიარაღებული ძარცვის გამო.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის აპრილში ამიერკავკასიის რკინიგზის სახაზო სასამართლომ დაამთავრა მექრთამეების საჯარო-საჩვენებელი გასამართლება. პასუხისგებაში მისცეს: ურიათმყოფელი, შოვნაძე, გაბელაია, ფირცხალაიშვილი და მშვიდობაძე. რკინიგზელთა მასებმა განაჩენი მოიწონეს.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 11 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, დააპატიმრეს პირები, რომლებიც ლოთობდნენ და დებოშს ტეხდნენ ქ. მოსკოვის ,,ნოვომოსკოვისა” და სხვა სასტუმროებში. ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მათ გადაასახლებენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე. დანარჩენი მოქალაქეები, რომლებიც ამხილეს სისხლის სამართლის დანაშაულში, დააპატიმრეს და მისცეს სამართალში.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 20 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, თბილისის აბრეშუმის ფაბრიკაში წუნდებული პროდუქციის გამოშვების გამო საგამომძიებლო ორგანოებმა ბრალი დასდეს ტექნიკურ ხელმძღვანელობას. საქმე განიხილა ტფილისის გაერთიანებულმა სახალხო სასამართლომ.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 24 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სამტრედიის რაიონის სახალხო სასამართლომ გაასამართლა შემნახველი სალაროს მუშაკები: ალექსანდრე გეგენავა, გიორგი ჩიქოვანი და ილია გოგიტაური. ისინი ობლიგაციებს უკანონოდ ახურდავებდნენ. დამნაშავეებს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

აკაკი ევგენის ძე ადამიას ბრალი ედებოდა ნაციონალ-დემოკრატების პარტიის წევრობაში. ფოსტა-ტელეგრაფით სოხუმის ПРЕДАВЧЕКА -ს აკაევსკიმ სრულიად საიდუმლოდ გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სოხუმში არიან აქტიური ნაციონალ-დემოკრატები, ყოფილი КАПТЕНРУС, თბილისის თავისუფალი სკოლის კურსანტები, ადამია აკაკი 23 წლის. მაღალი ან საშუალოზე ოდნავ მაღალი, ნორმალური აღნაგობის,წვერგაპარსული,აქვს ინგლისურ ყაიდაზე დაყენებული ულვაში, მრგვალი სახე, ჩაჩვრეტილი ლოყები, შავგვრემანია, სასწრაფოდ დააკავეთ და გამოაგზავნეთ ЧКГ განკარგულებაში. შესაძლოა, მასთან ერთად იყოს გაბუნია გიორგი დავითის ძე, 25 წლის, დაბალი, წვრილი პატარა ნიკაპითა და სახით. ცხვირი მსხვილი, შავი თვალები, შავგვრემანი, შავი, ინგლისურად გაკეთებული ულვაში, წვერგაპარსული. ბრძანება გაიცა 1924 წლის 26 მაისს, თბილისში N49091 c.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 20 მარტს საქართველოს ჩეკამ დააპატიმრა გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 20 იანვარს არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი დააკავეს თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში (შრომის ქუჩა N83) და ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა საქმიანობა.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 17 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, რედაქციაში შესული კორესპონდენციის გამოკვლევის საფუძველზე, თელავის რაიონის სოფელ ქვემო ალვანის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი თავბერიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები დადასტურდა, რის გამოც იგი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და მისცეს პასუხისგებაში.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის მარტში ალექსანდრე ჯანდიერის საქმეზე საქართველოს ჩეკამ თელავში დაკითხა რომან ყანჩაველი, ზაქარია მეღვინეთუხუცესი, ილია გოგნიაშვილი, ივანე ექვთიმიშვილი, ფირუზ სარქისაშვილი (იგივე ჩლუკიშვილი), რომელთა ჩვენების საფუძველზე ჯანდიერს ბრალი დაუმტკიცდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის მარტში ჯანდიერის ჩვენების საფუძველზე დააკავეს ფირუზ ჩლუკიშვილი (სარქისაშვილი) და ივანე ექვთიმიშვილი (ჯიგუნის ბიჭი).