საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვალს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა გიორგი ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას მისწერა, რომ 1918 წლის 20 სექტემბრიდან იმავე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად ვერა გიორგის ასული ავალიშვილი დანიშნეს. თუმცა, დანიშვნის დამამტკიცებელი საბუთები გიმნაზიის კანცელარიის საქმეებში არ აღმოჩნდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 დეკემბერს ცირკი „მოდერნი“ მართავდა დიდ გალა წარმოდგენას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა იაპონელთა დასი (იამადა-საკომისი) და კომიკოსები ვიქტორი და დიმი, აჩვენებდნენ „ხარაკირს“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დემოკრატიულმა კლუბმა „მუშტაიდმა“ გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ 3 დეკემბერს, 19 საათზე, ცნობილი მსახიობების – ვასო აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და ნატალია ჯავახიშვილის – მონაწილეობით წარმოდგენილი იქნებოდა გიგოშვილის თარგმნილი ჰაჯიბეკოვის ოპერეტა „არშინ მალ ალანი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ივლისის „ერთობაში“ ი. მაღლაკელიძე შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთაც შემოწირულობები გაიღეს ფრონტისთვის: პ. გველესიანი, ა. არაბიძე, ა. ბულეიშვილი, მ. აბრამიძე, გ. დევდარიანი, ლ. გოცაძე, ი. აბაშიძე, პ. ჭყოიძე, დ. გოგიაშვილი, ბ. შავდია, პ. რაბაროვსკი, დ. საკანდელოვი, დაშნიანი, ბ. ბურაკოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ბარბარე კობიაშვილისამ ნათესავებსა და მეგობრებს აუწყა, რომ 4 დეკემბერს, 12 საათზე, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართებოდა მისი მეუღლის, ალექსანდრე კობიაშვილის პანაშვიდი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 ნოემბერს ბარბარე გედევანიშვილის მეუღლე, პედაგოგი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ მერაბის ძე გედევანიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 8 ივლისს სასამართლოში გამართული სხდომა ყოფილ გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეებს მიეძღვნა. თავი დამნაშავედ ცნეს ჩაჩიბაიამ და შენგელაიამ, მოწმეებად წარდგნენ: გენერალი არჯევანიძე, ბორჯომის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ჯაფარიძე, თბილისის საგუბერნიო კომისრის ყოფილი თანაშემწეები – ჩიქოვანი, ბაიბუროვსკი, ნ. ინასარიძე და ლ. რუხაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს ვანო და ვახტანგ იაშვილებმა ნათესავებსა და მეგობრებს მათი მამის ევგენი იაშვილის გარდაცვალება აუწყეს. იგი 3 დეკემბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სიღნაღის მოქალაქეთა მრავალრიცხოვანმა მიტინგმა (თავმჯდომარე კრაწაშვილი) მოისმინა მოხსენება ბათუმის შემოერთების შესახებ და საქართველოს დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 13 ივლისს ი. მაღლაკელიძემ შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით „ერთობაში“ გამოაქვეყნა სია იმ პირებისა, რომელთაც შემოწირულობები გაიღეს ფრონტისთვის: სერგო ნებიერიძე, ი. მაღლაკელიძე, მ. ბუცხრიკიძე, არქიფო ქლიბაძე, ხ. ხავთასი, ოლღა შენგელია, ლ. ალავიძე, კ. ჩუბინაძე, კოლ. გეწაძე, ილარიონ შეყრილაძე, ჭ. ბაღდავაძე, კ. ბუაძე, ს. ჯოჯუა, უ. მუმლაძე, კ. თორთლაძე, ნოე კუხიანიძე, ს. ოქოევი, ბიკტორ საკანდელიძე, ი. ჟღენტი, ვ. კაპანაძე, ს. კობახიძე, იოსებ გუნცაძე, თ. მესხიშვილი და მაღრაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით სოფიო მაღალაშვილი ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებს, რომ გარდაიცვალა მისი მეუღლე მიხეილ მაღალაშვილი. დაკრძალვა გაიმართება 4 დეკემბერს სოფელ ჩოჩეთში.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტროს 1918 წლის 10 აგვისტოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი (თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი და მთავარგამგეები: დიმიტრი უზნაძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, სამინისტროს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 აგვისტოს შედგა განათლების სამინისტროს დაარსებული სამთა კომისიის სხდომა სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაკეთების შესახებ. კრების თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგებო საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, საგანგებო ბარათით მოწვეული თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა სხდომას არ დაესწრო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დედა სონა აბაშიძე და და-ძმა ელენე და გრიშა ლეჟავები აუწყებენ ნათესავებს შალვა ლეჟავას უდროო გარდაცვალების შესახებ. დაკრძალვა გაიმართებოდა 3 დეკემბერს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 დეკემბერს ბათლომე გრიგორის ძე მეგრელიძემ აუწყა ნათესავებსა და ნაცნობებს მეუღლის, მარო ელიზბარის ასულ მეგრელიძის, გარდაცვალების შესახებ. ის უნდა დაეკრძალათ 5 დეკემბერს, 3 საათზე, სოფელ ქვენობანში.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ კერძო სამკურნალო დაწესებულების სახელით ექიმი ა. დ. ალექსიძე აქვეყნებს განცხადებას, რომ ავადმყოფებს ყოველდღე იღებენ სხვადასხვა სპეციალობის ექიმები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 92 ბრძანების თანახმად, 1918 წლის 10 ნოემბრიდან დავით ლაზარეს ძე ადამია მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გერმანული, ფრანგული და ლათინური ენების მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 ნოემბერს გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს ლავრენტ ფირცხალავას აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 14 ნოემბრის N 92 ბრძანების მიხედვით, პირველი ნოემბრიდან გერმანული, ფრანგული და ლათინური ენების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დავით ლაზარეს ძე ადამია დაამტკიცეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ნოემბერს მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ლავრენტი ფირცხალავამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 4 ნოემბრიდან დავით ლაზარეს ძე ადამია ახალი ენებისა (გერმანულ-ფრანგული) და ლათინურის მასწავლებლად დროებით დაუშვეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 22 ოქტომბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ტიხომოროვისა და ნაშჩენკოს კერძო გიმნაზიის გამგეს აცნობეს, რომ 1919 წლის 6 ოქტომბრიდან გიმნაზიის მე-4 და მე-5 კლასების ისტორიისა და რუსული ენის მასწავლებლად ანტანინა ვასილის ასული აღლაძე დაუშვეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 7 ბრძანების თანახმად, თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის სომხური ენის თავისუფლად დაქირავებულ მასწავლებლად იოსებ აბულიანცი დაამტკიცეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 7 ივნისს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს 2 ივნისის N284 შუამდგომლობის პასუხად აცნობეს, რომ გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს 20 მაისის სხდომის დადგენილება დაამტკიცეს და უფლება მისცეს სპეციალური საშუალებიდან იოსებ აბულიანცისთვის 225 მანეთი გამოეწერა. ხელს აწერენ მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელია და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 135 ბრძანების თანახმად, 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ანნა აგარონიანი თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის უმცროსი მოსამზადებელი კლასის თავისუფლად დაქირავებული მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში ანა აგარონიანი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უმცროსი მოსამზადებელი კლასის თავისუფლად დაქირავებული მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დანიშნეს. ხელს აწერენ გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.