საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ მასწავლებელ ილია ხუხუას ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 23 მაისს სენაკში გაიმართულ მაზრის მასწავლებლების დელეგატთა ყრილობას დაესწრო 28 დელეგატი. მასწავლებელთა ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა გამგეობის წევრმა ნ. ლორთქიფანიძემ; უცენზო მასწავლებლებზე კი ლ. კეკელიამ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ორი თვეა, რაც ხაშურში დაარსდა სახალხო უნივერსიტეტი. გასულ ოქტომბერს ხაშურის დირექტორად დაინიშნა შალვა მხეიძე, რომლის მუშაობით დაარსდა ეს უნივერსიტეტი. მან გიმნაზიასაც მიხედა, სადაც ზოგიმასწავლებელი ინტრიგანობით ხელს უშლიდა დირექტორს, თუმცა ეს მაინც გრძელდება. ამ პირობებში ვერავინ გაძლება, ამიტომ შესაძლებელია გიმნაზიის დახურვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია ვარლამ ზენათელის წერილი გაგრის ოლქის ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთა მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ (ავტორი კ. დინჯაძე) იუწყება, რომ 1-ლ ივლისს გაიმართულ საქ. სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბორჯომის რაიონის კოლექტივის კრებაზე რკინიგზის „იაჩეიკიდან“ მოხსენება გააკეთა დ. გოსიტაშვილმა. მან აღნიშნა, რომ კრებაზე დაადგინეს, „იაჩეიკიდან“ გააძევონ ვიქ. მაჭავარიანი და ოფიციალურად ეცნობოს დროებით თავი დაანებოს რკინიგზაში მუშაობას; ვიქ. ღლონტმა გააკეთა განცხადება, რომ ქალაქის თვითმართველობის გამგეობა ხსნის წერა-კითხვის კურსებს, მოზრდილთათვის კი მოხსნებებს წაიკითხავენო. დაადგინეს, ამის შესახებ „იაჩეიკებს“ აცნობონ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობაში“ დავით ონიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ლავროსი კიღურაძის გარდაცვალების გამო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება რევოლუციონერ ლავროსი კიღურაძის გარდაცვალებას. ნეკროლოგში (ხელს აწერენ: ი. სალაყაია, ვ. ნოდია, ო. სოლოღაშვილი, პ. ბერიშვილი, მ. ქიტაშვილი) ნათქვამია, რომ იგი აწყობდა ორგანიზაციებს ბათუმში, ფოთში, გურიაში, სოხუმში და სხვ.; 1910 წ. გადაასახლეს ციმბირში, სადაც რვა წელი დაჰყო და დასუსტებული დაბრუნდა სამშობლოში რევოლუციის დღეებში, მაგრამ სულ მუშაობდა. ბოლოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, მაგრამ წელიწად-ნახევრის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წლის 10 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანაიში გაიოზ მაღლაკელიძეს ლიპარელების შესახებ მისწერა, რომ რუსეთ-იტალიის სამგზავრო ხელშეკრულების თანახმად, რუსებს შეეძლოთ, დაესახელებინათ „სამხედრო დამნაშავე“ და იტალიელები მათ ისევე გადასცემდნენ, როგორც ინგლისელებმა გადასცეს საბჭოებს კავკასიელები და კაზაკები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 ივლისს ბათუმიდან მთავრობის თავმჯდომარეს გაუგზავნეს დეპეშა ხანუმ ხიმშიაშვილის ხელმოწერით, რომ იგი, ქართველი მუსულმანი, იზიარებს საყოველთაო სიხარულს ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთების გამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 ივლისს ბათუმის სამოქალაქო ნაწილის გამგეობამ შეატყობინა ყველას, ვისაც დეპოზიტში შეტანილი ფული არ მოუთხოვია, დიდი ბრიტანეთის კონსულის კანცელარიას მიმართონ თანხების მისაღებად. განცხადებას ხელს აწერს მაიორი შელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ დეპუტატმა აკაკი ჩხენკელმა არტაანიდან მიიღო პოლკოვნიკ ვაჩნაძის დეპეშა, რომ შავშეთ-ერუშეთის და ართვინის მიდამოებში მყოფი ჯარების ოფიცრები და ჯარისკაცები სიხარულს გამოთქვამენ ბათუმის და მისი ოლქის დაბრუნების გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

კორესპონდენტის ცნობით, „დობროარმიამ“ 12 პოლკი გაგზავნა ასტრახანზე იერიშის მისატანად, მათ შორის იყო მაჰმადიან ოსთა შენაერთიც, რომლის მეთაური – პოლკოვნიკი ბელიკოვი – დამარცხების შემდეგ სადგურ პროხლადნაიაში დააპატიმრეს კაზაკებმა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 იუწყებოდა, რომ ყარაჩაელებმა დაწესებულ ვადაში ვერ შეძლეს მოლაშქრეთა 2 ბატალიონის მობილიზება, ამის გამო „დობროარმიის“ ოფიცერთა სადამსჯელო ექსპედიციამ შემდეგი სახის კონტრიბუცია დაუწესა მათ: 3000 ცხენ-უნაგირი, 1000 მსხვილფეხა საქონელი და 15 000 000 კერენკების ან ნიკოლოზისეული („ნიკოლაევსკი“) ფულის სახით. ყარაჩაელები იძულებული შეიქნენ თავიანთი საქონელი ქედს გადაღმა, მიყრუებულ ადგილებში გადაერეკათ და თავადაც გადახვეწილიყვნენ, რათა გადარჩენოდნენ საბოლოო გაპარტახებასა და სამხედრო სამსახურს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბრის „ვოლნი გორეცმა“ №1 კავკასიის ახლო წარსულიდან ისტორიული ხასიათის ცნობები გამოაქვეყნა. წერილის ავტორის, აჰმედ ცალიგოვის (ხელს აწერს Ах.)აზრით, „შავჩექმებიან“ დამპყრობელ გენერლებთან მებრძოლ კავკასიელ მთიელებს გასამხნევებლად და მისაბაძად განსაკუთრებით სჭირდებოდათ ისტორიული გამოცდილების მქონე წინაპართა გმირობის მაგალითებისა და გონივრული ნაბიჯების გახსენება. ამ მხრივ, მას სანიმუშოდ მიაჩნდა 1861 წლის 13 ივლისს „ჩერქეზთა თავისუფლების დიდი მეჯლისის“ შექმნის ფაქტი. სტატიაში მიმოხილული იყო მეჯლისის მიერ გაწეული საქმიანობა დაუმორჩილებელ კავკასიელ მთიელთა თავისუფლების გადასარჩენად; აღნიშნული იყო მისთვის რუსეთისგან მიყენებული მორალური დარტყმაც: როგორ გადაწვა მეჯლისის შენობა სოჭთან გადმოსხმულმა გენერალ კოლუბაკინის დესანტმა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8  სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 ჩეჩენი ვაჭრების ახალშექმნილი ფენის წარმომადგენლებს შემდეგნაირად ახასიათებდა: „რიგითი მთიელებისგან განსხვავებული განწყობა აქვთ ვაჭრებს, რომლებიც ცდილობენ ჩეჩენთა საბრძოლო სულისკვეთების განელებას, რადგან მხოლოდ ფულად მოგებაზე ფიქრობენ და ამისთვის არა თუ საკუთარი ხალხის, არამედ დედ-მამის საფლავის გაყიდვაზეც არ იტყვიან უარს; მაგრამ დენიკინის მომხრე ჩეჩნები უფრთხიან მოღალატისა და ალიევის დამქაშის სამარცხვინო სახელს, ამიტომ ფრთხილად ეწევიან აგიტაციას, ნამდვილ ზრახვებს დიპლომატიურად ნიღბავენ: ამბობენ, რომ დაიღალნენ სამოქალაქო ომით, რომ მათთვის სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს, დენიკინი თუ ბოლშევიკები, მთავარია, შეწყდეს ომი“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტმბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 მთიან ჩეჩნეთში შექმნილი ვითარების მიმოხილვისას აგრარული საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე წერდა: მიწა „განხეთქილების ვაშლი“ იყო ჩეჩნებსა და კაზაკებს შორის. მთიელები კაზაკების მიერ წართმეულ წინაპართა მიწების დაბრუნებაზე ოცნებობდნენ, მაგრამ ისიც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ „დობროარმიის“ ხელში ეს საკითხი მათ სასარგებლოდ არასოდეს გადაწყდებოდა. მთიელ ჩეჩნებს, ვაჭართა მცირერიცხოვანი ფენის გამოკლებით, გადაწყვეტილი ჰქონდათ, დენიკინის ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი საკუთარ ტერიტორიაზე არ შეეშვათ, უფრო მეტიც, თავად გადადიოდნენ შეტევაზე, ხშირად ესხმოდნენ თავს გროზნოსა და კაზაკთა დიდ სოფლებს.

1919

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტ ვ. ლავროვიჩის ცნობით, ჩეჩნეთში არაერთგვაროვანი ვითარებაა შექმნილი: მოსახლეობის დიდი ნაწილი მოხალისეთა არმიას („დობროარმიას“) ჰყავს დაპყრობილი, ქვეყნის დაბლობ მხარეზე ჩეჩნეთის მმართველი, არტილერიის გენერალი ერისხან ალიევი „ზრუნავს“, მაგრამ მისი ძალაუფლება ვერ ვრცელდება ბუნებრივ ციხესიმაგრედ გადაქცეულ მთაში.

1919

ტიპი: ავტორობა

ვ. ლავროვიჩის კორესპონდენციის თანახმად, ზეგანზე მცხოვრები მოსახლეობა (გროზნოს, ვედენოსა და ხასავ-იურთის ოლქები) დამორჩილდა „დობროარმიის" სასტიკ ძალას, მაგრამ დენიკინის მიერ ჩეჩნეთის მმართველად დადგენილი ერისხან ალიევის ხელისუფლებისთვის მთიელ ჩეჩენთა აულები ჯერ ისევ აუღებელ ციხესიმაგრედ რჩებოდა .

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბრის „ვოლნი გორეცმა“ №1 საკუთარ კორესპონდენტ ვ. ლავროვიჩზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია ჩეჩნეთიდან: კავკასიელ მთიელთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩეჩენთა ტომის დიდი ნაწილი მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. დენიკინისაგან მიღებული მანდატით ჩეჩნეთს არტილერიის გენერალი ერისხან ალიევი მართავდა, რომელიც „მამობრივ“ მეურვეობას „არ იშურებდა“ მოსახლეობისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

. „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1-ში გაზეთის საკუთარი კორესპონდენტი მკითხველს უამბობს იმ საყოველთაო განუკითხაობაზე, რომელსაც მთელი ოსეთის ტერიტორია მოუცავს: სოსლანბეკ ბიგაევის საგანგებო სადამსჯელო რაზმი, რომელიც უშუალოდ ოსეთის მმართველს ექვემდებარება, „მართლწესრიგის დამყარების“ ეგიდით ძარცვავს გადასახადებით ისედაც წელში გატეხილ მოსახლეობას. ურჩობის შემთხვევაში ცეცხლითა და ტყვიით დაუნდობლად უსწორდება ყველას - არ ზოგავს არც ქალსა და არც ბავშვს. ნაძარცვი სიმდიდრის ნაწილი საჯარო ვაჭრობით იყიდება, ნაწილი კი ოსეთის მმართველის, პოლკოვნიკ ხაბაევის სრასახლებში იდებს ბინას. კორესპონდენტი დაწვრილებით აღწერს ზამანყულში, არდონში, ელხოტოვოსა და სხვა სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მოწყობილ სასტიკ ანგარიშსწორებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთმა „ვოლნი გორეცმა“ №1 საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც სოსლანბეკ ბიგაევის რაზმმა დაატრიალა მუსულმან ოსთა სოფელ ზამანყულში: „მართლწესრიგის დამცველმა“ ბიგაევმა შეძლებულ მინზოევთა 28 კომლიან გვარს „ბოლშევიკთა თანაგრძნობის“ ცრუბრალდებით ჯერ მთელი ავლა-დიდება ჩამოართვა, შემდეგ კი სახლები გადაუწვა. უსამართლობით აღშფოთებულმა მინზოევებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მოძალადეებს და 6 რაზმელი მოკლეს. ბიგაევმა „დამნაშავე“ მინზოევთა გვარის ყველა ქალი დააპატიმრა, მამაკაცები კი ბესლანში გადააგზავნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

დენიკინის მიერ ოსეთის მმართველად დადგენილმა პოლკოვნიკმა ხაბაევმა ჩამოაყალიბა საგანგებო სადამსჯელო რაზმი, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოსლანბეკ ბიგაევი – თერგის საოლქო სახალხო საბჭოს პირველი და მეორე მოწვევის ყოფილი წევრი, თავად რაზმელები კი ოსური სოფლების – ვლადიმირსკოეს, ოლგინსკოესა და გიზელის – მცხოვრებნი იყვნენ, რომლებიც „დობროარმიის" უფლებების დაცვის ეგიდით ძარცვავდნენ ოსეთის ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ინგუშეთიდან მშვიდობიანი სოფლების დარბევის ამბებზე იუწყებოდა: დენიკინელ მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ნაწილებმა ოსური სოფლის, ოლგინსკის მხრიდან გადალახეს მდინარე კამბილეევკა და საარტილერიო ცეცხლითა და ტყვიამფრქვევთა კონონადით იერიში მიიტანეს სოფელ ნასირ-კორტზე. სოფლის მცხოვრებლებმა დანებების ნიშნად თეთრი ბაირაღი გამოფინეს, მაგრამ რადგან შედეგს ვერ მიაღწიეს, იძულებული გახდნენ, თავი დაეცვათ. ორდღიანი უთანასწორო ბრძოლების შემდეგ დენიკინელებმა დამარცხებულ სოფლელებს მოლაშქრეთა გამოყვანის ულტიმატუმი წაუყენეს და მძევლებად მოხუცები და მოლები აიყვანეს. ამის შემდეგ „დობროარმიის“ ნაწილები სამხრეთით, სხვა სოფლებისკენ დაიძრნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 აქვეყნებს ინგუშეთიდან მოწოდებულ ინფორმაციას: მას შემდეგ, რაც დენიკინმა ჩრდილოეთშიც გაიმყარა მდგომარეობა და იქაც მოიკრიბა ძალა, სამხარეო ხელისუფლებამ კვლავ მკაცრად მოსთხოვა ინგუშებს მოლაშქრეთა გამოყვანა. ინგუშებმა პირობა დადეს, რომ მობილიზაციის საკითხს სახალხო ყრილობაზე გადაწყვეტდნენ, სწორედ, ყრილობის მუშაობის პერიოდში (ნაზრანში, ივლისის თვეში, ბაირამობის მეოთხე დღეს) დენიკინელ ოფიცერთა და „დობროარმიის“ ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხისმგებელ პირთაგან შემდგარმა ჯგუფმა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მობილიზებულად გამოაცხადა და ბესლანში დაუპირა გაგზავნა. ამ ფაქტმა ინგუშთა აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ შარიათის პოლკმა დაკავებულებიც გაათავისუფლებინა და იმასაც მიაღწია, რომ აღნიშნული ინციდენტის მონაწილე ოფიცრებისთვის ერთდღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის „ვოლნი გორეცი“ №1 საკუთარი კორესპონდენტის მიერ ინგუშეთიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ დენიკინელთა მცდელობამ, ადგილობრივი მოლაშქრეების ხარჯზე შეევსოთ მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) შეთხელებული რიგები, მხოლოდ იმ მხარეში გამოიღო შედეგი, სადაც მოსახლეობა დაშინებული იყო თებერვლის სისხლიანი მოვლენებით. ინგუშეთის სხვა კუთხეებში კი თეთრგვარდიელთა პროვოკაციული საქმიანობა უშედეგო აღმოჩნდა: აქ ხალხის კეთილგანწყობა ანტიდენიკინური ძალების მხარეს იყო. ამასთან, ინგუშებმა მტრის გამთიშველი პოლიტიკის საპირწონედ შექმნეს შარიათის პოლკი, ფაქტობრივად, შარიათის სასამართლო, რომელიც რეალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა და რომელმაც ინგუშეთში სანიმუშო მართლწესრიგი დაამყარა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტ М-ის ცნობით, ვინაიდან დენიკინელებს ძალიან სჭირდებოდათ ცოცხალი ძალა, მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლება ცდილობდა ინგუშეთის მმართველის, მალსაგოვისა და მისი ოფიცრების მეშვეობით დაეჩქარებინა ინგუშ მოხალისეთა მობილიზება, მაგრამ – უშედეგოდ. გათიშვის ნაცადმა პოლიტიკამაც ინგუშთა მხოლოდ იმ ნაწილში გაჭრა (კანტიშევო, ბაზორკინო, დალაქო), რომელმაც თებერვლის სისხლიანი დღეების სიმწარე იწვნია: დაშინებულმა და საკუთარი ძალების რწმენადაკარგულმა მოსახლეობამ კარგად იცოდა, რაც ელოდა კაზაკებთან და „დობროარმიასთან“ კონფლიქტის შემთხვევაში.