საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80196

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საბანევას, მოროზოვის, ივანე სარაჯიშვილისა და ნიკოლსკის მონაწილეობით სახელმწიფო თეატრში გაიმართა სერგო ევლახიშვილის საოპერო დასის წარმოდგენა „ლაკმე და ბალეტი“. კლუბ „მუშტაიდში“ კი ალექსანდრე წუწუნავამ სპექტაკლი „სამშობლო“ დადგა. ამ ღონისძიებებიდან შემოსული თანხა თავდაცვის ფონდში გადაირიცხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს შალვა დადიანის ხელმძღვანელობით სახელმწიფო თეატრში დაიდგა ავქსენტი ცაგარლის ისტორიული პიესა „ქართველი დედა“. შემოსული თანხა ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს პარლამენტმა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ მიიღო კანონი აჭარისთვის ავტონომიის მინიჭების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის გენერალ-გუბერნატორად შალვა მაღლაკელიძე დაინიშნა. გენერალი გიორგი კვინიტაძე კი მოხალისეთა ჯარში შტაბის უფროსად წავიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს მთავრობამ სომხეთის მთავრობისაგან ომის გამოცხადების ნოტა მიიღო. საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, საქართველო- სომხეთის საზღვარი დაიკეტა. საქართველოს ჯარების მთავარსარდლად ბორჩალოს ფრონტზე სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი გედევანიშვილი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარეს თელავიდან დეპეშით შეატყობინეს, რომ 21 დეკემბერს თელავში გამართულ სომეხთა კრებაზე დამწრე საზოგადოება აპროტესტებდა სომეხ ავანტურისტთა მოქმედებებს. ისინი საქართველოს რესპუბლიკას თანადგომას უცხადებდნენ და ბრძოლაში დახმარებას ჰპირდებოდნენ. დეპეშას ხელს აწერდა სხდომის თავმჯდომარე ნინო ხითაროვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართულ კლუბში ალექსანდრე მაისურაძის გუნდის მონაწილეობით ქართული ჯარის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ივანე სარაჯიშვილის, საბანევას, ინაევისა და სხვა ცნობილი მომღერლების შესრულებით სახელმწიფო თეატრში წარმოადგინეს ოპერა „ტრავიატა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ ქართველ ხალხს და ჯარისკაცებს საომარი სულისკვეთების ასამაღლებლად მიმართა. საქართველოს სხვადასხვა მაზრეაი შედგა მოხალისეთა რაზმები, რომლებიც ფრონტისაკენ გაემგზავრნენ (სომხეთ-საქართველოს ომი).

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წელს თბილისის გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით დაიხურა სომხური გაზეთები „აშხატაორი,“ „ნორ-ორიზონი,“ „კავკასკოე სლოვო“, რომელთა შემადგენლობა და რედაქტორი ვ. ს. ანანოვი თბილისელი სომხებისათვის აჯანყებისა და ამბოხების მოწოდების გამო დააპატიმრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

სამხედრო შტაბის ცნობით, 1918 წელს სომხეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველებმა დიდ გამარჯვებას მიაღწიეს. გენერალი აბელ მაყაშვილი ახალქალაქის მაზრაში იბრძოდა. ქართველებმა ალავერდის მიმდებარედ ორი სოფელი დაიკავეს, სახალხო გვარდიამ კი ვორონცოვკა აიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში სომხეთის თავდასხმის გამო შედგა საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა. სიტყვით გამოვიდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, პარლამენტის სხვა წევრები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. მათ ერთხმად დაგმეს თავდასხმის ფაქტი და მთავრობას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა განცხადებით მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს და საელჩოებს. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ სომხეთი საქართველოს თავს დაესხა ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით. სომხეთი უარს აცხადებდა ყველანაირ მოლაპარაკებაზე, რის გამოც საქართველო იძულებული იყო გადამწყვეტი ზომები მიეღო. განცხადებას თან ერთვოდა დეპეშები, რომელთაც საქართველოს მთავრობა რამდენიმე კვირის მანძილზე უგზავნიდა სომხეთს ვითარების გასარკვევად და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს მთავრობის განცხადების შემდეგ, სომხეთთან ფართომაშტაბიანი ომის დაწყების შესახებ, ქვეყანაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ პარლამენტს მიმართა სიტყვებით, რომ რადგან არარატის რესპუბლიკის მთავრობა მშვიდობიან პოლიტიკურ მოლაპარაკებაზე უარს ამბობდა, საქართველოს მთავრობა იძულებული იყო, მშვიდობიანობა იარაღით დაემყარებინა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პარლამენტის წინაშე სპეციალური განცხადებით წარდგა სამხედრო მინისტრი გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე. მისი ინფორმაციით, 9 დეკემბერს უზლართან სომხური ბანდები თავს დაესხნენ ქართულ სამხედრო ნაწილებს. მომდევნო დღეებში საომარ მოქმედებებში სომხეთის რეგულარული ჯარის ნაწილები ჩაებნენ. თავდაცვის მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით აუცილებლად მიიჩნევდა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას სომხეთის წინააღმდეგ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, მიხეილ კავსაძის მომღერალთა გუნდმა ლექცია-კონცერტი ჩაატარა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ბათუმში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების მისიის წარმომადგენელი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი ჯედსონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელ დიომიდე თოფურიძეს შეხვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში „არევა“ საუბარია კუთხური ნაციონალიზმის დამღუპველ შედეგებზე. ავტორს სტატიაში ილია ჭავჭავაძის ნააზრევი მოჰყავს და მას ხშირად იმოწმებს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „საქართველოში“ დამფუძნებელი კრების წევრ გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას ვრცელი სტატია „საიდან მოგველის საფრთხე“ გამოქვეყნდა. სტატიაში ავტორი რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე წერდა, ქვეყნის გადარჩენისა და ნორმალური განვითარების სწორ გზას კი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან კავშირში ხედავდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მხარდასაჭერად ქართული კლუბის მიერ გამართულ სალიტერატურო, სამუსიკო და საცეკვაო საღამოში მონაწილეობდნენ: გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი და სხვ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გამოვიდა კორნელი კეკელიძის მიერ შედგენილი ქართული ჰაგიოგრაფიის პირველი ტომი.

1917

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საეკლესიო გალობის გასაუმჯობესებლად დიმიტრი არაყიშვილი სასწავლებლად შესაბამისი ხმისა და სმენის მქონე ახალგაზრდებს იწვევდა. მეცადინეობები ანჩისხატის N1-ში ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას ჩატარდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თელავის მაზრაში მძიმე კრიმინალური მდგომარეობის გამო სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. მაზრის გენერალ-გუბერნატორად შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ავაზაკთა რამდენიმე ჯგუფი დააპატიმრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს პარლამენტის სხდომაზე დადგა ორი სომეხი დეპუტატის ნიკოლოზ თარხანოვისა და ლეონ თუმანოვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ისინი სომეხ ტერორისტებთან კავშირსა და დანაშაულებრივ საქმიანობაში ამხილეს. მათ ააფეთქეს ძეგვის ხიდი და სცადეს ვერის ხიდის აფეთქება, რომლის განაღმვაც ქართველებმა დროულად შეძლეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „საქართველო“ დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა დამოუკიდებლობის მოპოვების 6 თვის აღნიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღნიშვნა და ხალხში ეროვნული სულისკვეთების აღდგენა კარგი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მიტინგების გზით არ მიიღწეოდა, მას შესაბამისი აზროვნების მომზადება და ხალხის გაცნობიერება სჭირდებოდა. 6 თვე კი არ იყო აღსანიშნი თარიღი და მმართველმა პარტიამ ეს უფრო პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გააკეთა.