საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81317

1919

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „აზერბაიჯანის“ დამოწმებით, ამიერკავკასიაში ბრიტანეთის მთავარი კომისრის – ოლივერ უორდროპის – მცდელობით ჩნდება ნეიტრალური ზონის შექმნის შესაძლებლობა დაღესტანსა და „დობროარმიას“ შორის, ასევე გაირკვევა, რამდენად მოხერხდება მძიმე ვითარების განმუხტვა მთლიანად ჩრდილო კავკასიაში.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 13 ოქტომბერს ნუცა შარაშიძემ თბილისიდან ბახვში ბებიას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა თავისი ტყუპისცალის, ქეთოს ოპერაციის შესახებ.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 27 იანვარს ნუცა შარაშიძემ ბებიას, ნინო ქიქოძეს თბილისიდან ბახვში ბარათი გაუგზავნა და ნინოობა მიულოცა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 დეკემბერს საფრანგეთიდან კოტე ჯაყელმა დეიდას, ნინო ქიქოძეს შვილის, დავით შარაშიძის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა. წერილის მიხედვით, დავითმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მომვლელ ქალს სთხოვა, ქართული ნანინა ემღერა.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 5 ნოემბერს, სამშაბათს, საფრანგეთში გარდაიცვალა დავით შარაშიძე, (დაკრძალულია ლევილში).

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფათალი ხან ხოისკიმ მთავრობის სახელით ნოტა გაუგზავნა საზავო კონფერენციის უმაღლეს კომისარს ამიერკავკასიაში, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელს, აცნობა „დობროარმიის“ მიერ დაღესტანში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ და სთხოვა, მის ხელთ არსებული ყველა საშუალება ეხმარა კონფლიქტის მოსაგვარებლად.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 20 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ნინოს შვილის, დავით შარაშიძის ჯანმთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 ოქტომბერს კოტე ჯაყელმა ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან წერილით შეატყობინა შვილის, დავით შარაშიძის ავადმყოფობის ამბავი.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 26 თებერვალს ლოლა ჭელიძემ ნინო ქიქოძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იმ პერიოდს იხსენებდა, როდესაც ნინო ქიქოძე მას სკოლაში ასწავლიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებლში მუშაობდა პეტროგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის პედაგოგი და სასწავლებლის დირექტორი ო. პ. აღაპიევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 ივლისს სახალხო განათლების მინისტრის მოადგილის წინადადებით შექმნილმა კომისიამ დაათვალიერა ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტი და მინდობილი საქმე დაასრულა. კომისიის წევრები იყვნენ: სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი, ექიმი სიმონ ჯაფარიძე, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი, კანცელარიის დირექტორი დ. ჩხეიძე და ექსპერტი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 ივლისს ახალქალაქში (გორის მაზრა) ისიდორე რამიშვილმა მოხსენება წაიკითხა საქართველოს მდგომარეობის შესახებ, გაიხსენა ჯარის და გვარდიის ბრძოლა შინაურ და გარეულ ფრონტებზე, აღნიშნა, რომ დამფუძნებელი კრება ახლო მომავალში კონსტიტუციას დაამტკიცებდა. ის 13 ივლისს მოხსენებით გამოვიდა კავთისხევშიც.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სათბობი მასალის გამანაწილებელი ბიუროს წევრი ა. რუხაძე, რომელმაც ბათუმში არსებული ნავთის პროდუქტები აღრიცხა და ამის შესახებ ბათუმის განსაკუთრებულ კომისარს და სათბობი მასალის გამანაწილებელ ბიუროს მოახსენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 თებერვალს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამართულ კავკასიის მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატების საბჭოთა ცენტრის სხდომაზე საგანგებო სარევიზიო კომისიის მუშაობის შესახებ მოხსენებით გამოვიდა ანდრეევი. სიტყვა წარმოთქვა სასურსათო საქმის სამინისტროს კომისარმა ტერ-გაზარიანმა; ცენტრი მიესალმა პირველი და მეორე სახელმწიფო დუმის წევრ ფედოტ ონიპკოს, რომელიც სხდომას ესწრებოდა. გერასიმე მახარაძემ წაიკითხა თელავიდან მიღებული ინფორმაცია, რომ სროლის დროს მოუკლავთ წითელგვარდიელი გიორგი მირზოევი.

1918

ტიპი: განათლება

1918/19 სასწავლო წელს ტატიანა ბატორსკაია ფონ-ბრენერის სახელობის რეალური სასწავლებლის მეორე უფროს განყოფილებაში სწავლობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 მარტის „ერთობაში“ დაიბეჭდა წერილი ლევან დადეშქელიანზე ლეჩხუმელი ებრაელის ხელმოწერით.

1918

ტიპი: განათლება

1918/19 სასწავლო წელს ასა ტერ-სარქისიანი ფონ-ბრენერის სახელობის რეალური სასწავლებლის პირველ უმცროს განყოფილებაში სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

1918/19 სასწავლო წელს სარქის ხამჩიანი ფონ-ბრენერის სახელობის რეალური სასწავლებლის საანბანო განყოფილებაში სწავლობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ექიმ დიმიტრი ერისთავის წერილი „სიმართლე ახტალაზე“ კურორტის მნიშვნელობაზე, მის მდგომარეობასა და სასწრაფოდ სახელმწიფოს განკარგულებაში გადასვლის აუცილებლობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტროს რწმუნებული მიხეილ ჯაჯანიძე წავიდა საჩხერესთან მდებარე ტყეში იმ 400 მუშის შრომის პირობების გამოსაკვლევად, რომლებიც რკინიგზის ლიანდაგისა და შეშის დამზადებაზე მუშაობდნენ. მან მაშინვე მიიღო ზომები და მუშებმა ისეთივე პირობებში დაიწყეს მუშაობა, როგორშიც სხვა მუშა-მოსამსახურეები მუშაობდნენ. იქ მან შექმნა „საჩხერის რკინიგზის ხე-ტყის საექსპლუატაციო მუშათა კავშირი“. ექსპლუატატორები კი გააფრთხილეს, მკაცრად დაეცვათ შრომის კანონები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ფერშალ-ვეტერინარის, ნ. სხულუხიას წერილი „სამრეწველო საკლავ საქონელზედ საპროცენტო ფულის აკრეფის საქმე.“

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ პროხოროვის (დონის ოლქი) ქვანახშირის მაღაროს მუშები გიორგი ჭილაშვილი და იონა მშვიდობაძე, რომლებიც ვლადიკავკაზის ჩეკაში იყვნენ დატუსაღებულები, მადლობას უხდიან საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს კონსულს ვლადიკავკაზში, რომლებმაც ისინი ტყვეობიდან დაიხსნეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოში მყოფმა გერმანიის წარმომადგენელმა, გრაფმა ფონ დრიუფელმა სავაჭრო-სამრეწველო პალატას სთხოვა, ხელი შეეწყოთ საქართველო-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისთვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლად რუსეთში ინიშნება დამფუძნებელი კრების წევრი გერასიმე მახარაძე.