საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 აპრილს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდმა ჯიხაიშიდან მიიღო ელენე ლორთქიფანიძის მიერ შეგროვებული შემოწირულობა 38 მანეთი და 25 კაპიკი. შემომწირველთა შორის იყვნენ ალექსანდრა აბზიანიძე, თათარახან ღოღაბერიძე, გრიგოლ ბოკალავაძე და სხვ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წ. გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციას ფოთელმა ქალებმა შესწირეს 70 მანეთი და 35 კაპიკი. ფულის შეგროვება სოფიო გიორგის ასულმა საბახტრიშვილმა ითავა, ხოლო შემწირველები იყვნენ: ქსენია ჩხარტიშვილისა, მარიამ დიდია, ელენე ჯაფარიძისა, ბაბილინა თელიავა, ქ. ლეჟავასი, ანა ხოჭოლავა, ელპიტე ხოშტარია, ბეგლარ მამალაძე, ოსანა ჭაჭუასი, რუსუდან საბახტრიშვილისა, შანშე ლეჟავა, ლ. საბახტრიშვილი, ცაცო ყრუაშვილი, ნინა გამისკირია, ნინო ნორკიძე, ქსენია ჯოლია, ანა სოკოლოვსკაია, აღათი ტუღაშიძისა, ნატალია აგიაშვილი, მ. ბურჭულაძისა, ქორქია, მამალაძისა, თოფურიძისა, მეგრელიძისა და საღარაძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ივანე ბოკერიას განცხადება, რომ პლეხანოვის (მიხეილის) პროსპ. N141-ში მკურნალობს ქირურგ., ქალის სნეულებებსა და სხვ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ყოფ. I კავკასიის კორპ. სამხედრო ბეითლის, ექიმ ი. გ. ქუთათელაძის განცხადება, რომ მკურნალობს შინაგან, ქეცით ავადმყოფ პირუტყვებს და ფრინველებს. ბელინსკის ქ. N39, ბ. 2.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ნ. ა. არუთინოვის განცხადება, რომ მკურნალობს სიფილისს, ვენერიულ დაავადებებს, აკეთებს შარდის ორგანოების ოპერაციებს მიხეილის პრ.N80, ბინა N3-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ექიმ ლ. ა. სარალიძის განცხადება, რომ იღებს შინაგან და ბავშვთა სნეულებიან ავადმყოფებს ჩერქეზიშვილის ქ. N87-ში, ავჭალის აუდიტორიის ახლოს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია დოქტორ გ. გ. მეგრაბიანცის განცხადება, რომ მკურნალობს ჭლექს და გულს, იღებს რენტგენს, გამოკვლევა და წამლობა წარმოებს სხივებით. ბებუთოვის ქ. N23-ში იღებს ავადმყოფებს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელ ი. მ. მაჩაიძის განცხადება, რომ აიყვანს მოწაფეებს განმეორებით გამოცდებზე მოსამზადებლად მათემატიკასა და ენებში. პლეხანოვის პრ. და ალექსიძის ქუჩის კუთხე N25-5.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა გიმნაზიის მასწავლებლის განცხადება, რომ ბაკურიანში, ლექსო მიქაბერიძის ბინაში, მოამზადებდა მოსწავლეებს მათემატიკაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, თბილისის პროფ. კავშირთა საბჭოს სამდივნოს 22 ივლისის სხდომას ა. ხელაძემ გააცნო „დედობისა და ბავშვთა მომვლელი საზოგადოების“ მიმართვა სამდივნოსადმი, რომ მან გაიღოს წვლილი გორელი მუშების 65 უპატრონო ბავშვის მოსავლელად, რომლებიც ამ საზოგადოების თავშესაფარში იმყოფებოდნენ. სამდივნომ დაადგინა, გადაეცეს 100 000 მან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნდა გიორგი ქუჩიშვილის 7 ივლისს დაწერილი ლექსი „სახალხო გმირებს“, რომელიც ეძღვნება ჯუღელს, ვ. გოგუაძეს, ტიტე შუშიაშვილს და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისს გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა გერმანიიდან გამოგზავნილი მოწოდება, რომ რუსეთში ანარქიის, სასწავლებელთა ცუდი მუშაობის და სხვ. გამო, ბოლო ორი წელი ასეულობით ქართველი იქ სწავლას ვეღარ ახერხებდა და ვერც უკან ბრუნდებოდნენ. ისინი საზოგადო და კერძო დაწესებულებებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარებას სთხოვდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით დახმარებას ბერლინში საქართველოს ელჩი ვლადიმერ გიორგის ძე ახმეტელაშვილი გაიღებდა. კომისიის წევრები: ი. ნარსია (თავმჯდომარე), მ. ახმეტელაშვილი (მოადგილე), მ. იმნაიშვილი, ნ. იმნაიშვილი, ა. წულაძე. შ. შიშმელაშვილი, ი. გველესიანი (მდივანი).

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 გამოქვეყნებულ გ. ბრეგაძის სტატიაში „ქალი როგორც მოქალაქე“ განხილულია ქალთა უფლებებისა და თანასწორობის საკითხი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8ი სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში ვ. ჯუღელმა განაცხადა, რომ მრავალი დამაბრკოლებელი გარემოების მიუხედავად, მთიელთა სახელმწიფოებრივი არსებობის საკითხი დადებითად უნდა გადაწყვეტილიყო, რითაც საქართველოს ჩრდილოკავკასიელი მეზობლები მნიშვნელოვან როლს შეასრულებდნენ რევოლუციის მონაპოვრის დაცვაში.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) გამოქვეყნებული ექიმ გიორგი ივანეს ძე ბადრიძის პუბლიკაცია „საიდუმლო მტერნი, დედაკაცი თავისუფალი მოქალაქე“ ეხება ქალის თანასწორი არჩევნების უფლებას, სწორუფლებიანობას, მის იმჟამინდელ მონურ, უსამართლო და უუფლებო მდგომარეობასა და ქალთა ემანსიპაციას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) ქალთა კლუბის გამგეობის თავმჯდომარე კატო მიქელაძე აცხადებდა, რომ 11 მაისს, საღამოს 6 საათზე, დანიშნული იყო ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის გამგეობის საგანგებო კრება და წევრებს აღნიშნულ დროს მიხაილის ქუჩაზე (ყოფილი საავადმყოფო, ექიმ ბოკერიას სახლი) გამოცხადებას სთხოვდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ გამოქვეყნდა ლეო იმნაძის მიერ რუსულიდან თარგმნილი ლექსი „ძმებს“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 24 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N3 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ჯორჯ ელიოტის, კარმენ სილვას, ბიჩერ-სტოუს, მაზინისა და პისარევის ციტატები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 აპრილს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N2 აქვეყნებს ამონარიდებს გაზეთიდან „ზემლაია ი ვოლია“, რომელიც უტაქტობას უწოდებს ბოლშევიკების ლიდერის, ლენინის საქციელს, რომელმაც ისარგებლა გერმანელების დახმარებით რუსეთში წამოსვლის დროს, ხოლო შემდეგ ომის წინააღმდეგ გაილაშქრა და რევოლუციის ინიციატორად საფრანგეთისა და ინგლისის საელჩოები გამოაცხადა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 სექტემბერს თბილისში ჩამოსულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, მარქსიზმის თეორეტიკოსს, კარლ იოან კაუცკის ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე საბახტარიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და დამფუძნებელი კრების სხვა წევრები დახვდნენ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 2 ოქტომბერს „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრი გახდებოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N2 (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა ბომარშეს, ჟირარდენისა და ლონფელოს ციტატები ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 აპრილის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაბეჭდილია რ. საჯავახოელის ლექსი „ვაშა, ვაშა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 14 ივლისის ნავთლუღის მუშა-მოსამსახურების კრების თავმჯდომარე იყო ილია კალანდაძე,მომხსენებლად მოწვეული იყო ნოე რამიშვილი. კრებაზე წაიკითხეს მოხსენებები საქართველოსა და საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის და საქართველოში ბოლშევიკების მუშაობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა ბ. გელა-გელაზანიას წერილი რომიდან „იტალიის სახალხო სკოლებზე“.